დეზინფორმაცია: ვიდეოკოლაჟში გაერთიანებული კადრები მიმდინარე პანდემიის „სიყალბეს“ ამტკიცებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

24 აპრილს Facebook-მომხმარებელმა Tamara Ottaviani-მ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ასახულია საავადმყოფოს მსგავს დაწესებულებაში მიმდინარე ვიდეოგადაღება, კამერებით და სამედიცინო ფორმებში გამოწყობილი მსახიობებით. ვიდეოში ასევე ნაჩვენებია შავ ტომარაში გახვეული „გარდაცვლილი ადამიანების“ კადრები. ვიდეოს 4 ათასზე მეტი გაზიარება აქვს, მათ შორის 2 მაისს ვიდეო გავრცელდა Facebook-ჯგუფში „ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); „ანტი-ეკუმენიზმი“. Facebook-პოსტის კომენტარებში ჩანს, რომ Facebook-მომხმარებლები კადრებს კორონავირუსის პანდემიასთან აკავშირებენ და მიმდინარე პანდემიას დადგმულ სპექტაკლს უწოდებენ. მოცემული ვიდეოდან ერთ-ერთი ნაწილი 26 აპრილს Facebook-მომხმარებელმა ლაშა მენთეშაშვილმა საკუთარ Facebook-ანგარიშზე გამოაქვეყნა და მასალაში არსებული კადრები ინდოეთში მიმდინარე მოვლენებთან დააკავშირა. მისი თქმით, ქუჩაში მოწყობილი კრემატორიუმებით სპექტაკლი ინდოეთში გრძელდება. მის პოსტს Facebook-ზე 1,6 ათასზე მეტი გავრცელება აქვს.

Tamara Ottaviani-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში შესაძლებელია ვიდეოს პირველწყაროს, Facebook-ანგარიშის Sicilia Life Trinacria live 2.0-ის, იდენტიფიცირება. Sicilia Life Trinacria live 2.0-მა ვიდეო 23 აპრილს გამოაქვეყნა. მასალა კოლუმბიური საინფორმაციო სააგენტოს La Silla Vacia-ს მიერ გადამოწმდა და ცრუ ინფორმაციად შეფასდა.

ვიდეოკოლაჟში თავმოყრილი კადრების დეტალურად გადამოწმების შედეგად დგინდება, რომ რეალურად, ჩანაწერები სხვადასხვა ქვეყანაში გადაღებულ საპროტესტო აქციებს, სარეკლამო რგოლებისა და კლიპების გადაღების მიმდინარეობის პროცესს ასახავს. ვიდეოკოლაჟში კადრები არასწორი კონტექსტითაა გამოყენებული. კადრებს COVID-19-ის ე.წ დადგმულ პანდემიასთან კავშირი არ აქვს.

• მაიამიში გამართული საპროტესტო აქცია

ვიდეოკოლაჟის დასაწყისში 00:00-00:04 წამამდე ჩანს ფოტო, რომელზეც შავ ტომრებში გახვეული გვამების იმიტაციაა ასახული. ფოტო სოციალურ ქსელში 27 მაისიდან ცირკულირებს. პორტუგალიური ახალი ამბების სააგენტოს თანახმად, ფოტოს ავტორი კრისტობალ ჰერერაა. მასალა რეალურად - მაიამიში, ფლორიდის შტატში New Florida Majority (NewFM) მოძრაობის მიერ გამართულ საპროტესტო აქციას ასახავს, სადაც აქციის მონაწილეები პანდემიის დროს წარმოქმნილ სოციალურ პრობლემებზე მთავრობის არასაკმარის რეაგირებას აპროტესტებდნენ. შავ ტომრებში გახვეული გვამების იმიტაცია სწორედ ამ აქციის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. ამ პერფორმანსით აქციის მონაწილეებმა კორონავირუსით გარდაცვლილებს პატივი მიაგეს. რეალურად, ტომრებში გარდაცვლილი ადამიანების სხეულები არ არის მოთავსებული. ფოტო მანიპულაციურადაა გამოყენებული და მას კორონავირუსთან კავშირი არ აქვს.

ფოტო ვიდეოკოლაჟიდან ორიგინალი ფოტო

• რუსი რეპერის კლიპის გადაღების პროცესი

00:16-00:22 წამამდე ვიდეომონაკვეთში ჩანს, თუ როგორ ალაგებს რამდენიმე ადამიანი სატვირთო მანქანაზე შავ ტომრებში გახვეულ „გვამებს“, რომელთაგან ერთ-ერთი სიგარეტს ეწევა. ვიდეოს ორიგინალი წყაროს კვლევას გასართობ სოციალურ პლატფორმა TikTok-მდე მივყავართ. TikTok-ზე ვიდეო 2020 წლის 28 მარტს მომხმარებელ vasyaivanovdesign-ის მიერ გამოქვეყნდა აღწერით: „Хаски-ის კლიპის გადაღება - Никогда-нибудь“. ვიდეოში, რეალურად, ასახულია რუსი რეპერის Хаски-ის კლიპის გადაღების პროცესიდან ერთ-ერთი კადრი. შავ ტომარაში გახვეული პირი, რომელიც სიგარეტს ეწევა, სწორედ ამ ვიდეოკლიპში მონაწილე ერთ-ერთი მსახიობია და არა კორონავირუსით „გარდაცვლილი“. რუსი რეპერის კლიპი ხელმისაწვდომია Youtube-ზე და კლიპის ბოლო ნაწილში ნამდვილად ჩანს შავი ტომრებით სავსე იგივე სატვირთო მანქანა, რაც ვიდეოკოლაჟში.

კადრი ვიდეოკოლაჟიდან კადრი კლიპის გადაღების პროცესიდან

კადრი რუსი რეპერის კლიპიდან

• ისრაელში კომერციული ვიდეორგოლის გადაღების პროცესი

ვიდეოფრაგმენტები, რომლებიც ვიდეოკოლაჟში 00:23-00:46 და 01:06-01:25 მონაკვეთებში ჩანს, მანიპულაციური კონტექსტით იმის დამამტკიცებელ საბუთად, რომ კორონავირუსის პანდემია მსახიობების მიერ გათამაშებული ფილმია, რომელსაც სატელევიზიო სტუდიებსა თუ პავილიონებში იღებენ, აქამდეც გავრცელებულა.

„ფაქტ-მეტრმა“ ვიდეოს წარმომავლობა გადაამოწმა და დაადგინა, რომ რეალურად, ვიდეო ისრაელში, ქ. ბერ-იაკოვში, შამირის სამედიცინო ცენტრში 2021 წლის 3-4 მარტს არის გადაღებული. შამირის სამედიცინო ცენტრის სპიკერის განმარტებით, გავრცელებული ვიდეო კომერციული ვიდეორგოლის გადაღების პროცესს ასახავს, რომლითაც იმის დემონსტრირება სურთ, თუ როგორ შეიძლება საავადმყოფოს პარკინგის სივრცის emergency პალატად გადაკეთება.

აღნიშნული გადაუდებელი სამედიცინო კომპლექსის გეგმის შესახებ ინფორმაცია შამირის სამედიცინო ცენტრის საიტზეც არის განთავსებული. დასახელებულ პროექტზე ისრაელის რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომაც დაწერა. საავადმყოფოს დირექტორმა ოსნატ ლევზიონ-კორაჩმა ისრაელის National News-თან ჯერ კიდევ 2020 წლის 19 ივლისს განაცხადა, რომ საავადმყოფოს ავტოსადგომის გადაუდებელ სამედიცინო დაწესებულებად გადაკეთების შესაძლებლობა, საავადმყოფოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში უპირატესობას მიანიჭებდა.

კადრები ვიდეოკოლაჟიდან

ფოტოები shamir.org-დან

• ვენესუელაში სტუდენტების მიერ გამართული დემონსტრაცია

ვიდეო, რომელიც კოლაჟში 00:47-დან 01:05-მდე წუთამდე ჩანს, სოციალურ სივრცეში ცალკე ვიდეოს სახითაც გავრცელდა. ერთ-ერთმა Facebook-მომხმარებელმა ვიდეოში არსებული კადრები ინდოეთში მიმდინარე მოვლენებთან დააკავშირა და „სპექტაკლის გაგრძელება“ უწოდა.

ვიდეოს მონაკვეთში ჩანს ბანერი ესპანური წარწერით „430 fallecidos“, რაც ნიშნავს 430 გარდაცვლილს. შენობის აბრაზე კი იკითხება წარწერა UNIVERSITARIO. La Silla Vacia-ს მიერ კადრების გადამოწმების შედეგად დგინდება, რომ ვიდეო, რეალურად, ვენესუელაში, კარაკასის საავადმყოფოს საუნივერსიტეტო კლინიკის წინ 6 აპრილს სტუდენტების მიერ გამართულ დემონსტრაციას ასახავს. Venezuelan Presidency-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, სტუდენტებმა გააპროტესტეს კორონავირუსით გარდაცვლილი 430 ადამიანის სიკვდილი და ქვეყანაში მეტი ვაქცინის შეტანა მოითხოვეს. ვიდეო ინდოეთში მიმდინარე მოვლენებთან კავშირში არ არის.

კადრი ვიდეოკოლაჟიდან ფოტო presidenciave.com-დან

• ბრაზილიაში TV Vitória-ს მიერ სპეციალური რეპორტაჟის მომზადების პროცესი

ვიდეოკოლაჟში 01:26-01:45 მონაკვეთში ჩანს კადრები, სადაც სასაფლაოზე დაკრძალვის სცენაა ასახული. ვიდეოში ასევე ჩანს კამერები და გადამღები გუნდი. ბრაზილიური ფაქტებისგადამმოწმებელი პლატფორიმის, Lupa-ს მიერ ვიდეოს გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ სინამდვილეში, ჩანაწერში, რომელიც ბრაზილიაშია გადაღებული, ნაჩვენებია TV Vitória-ს მიერ სპეციალური რეპორტაჟის მომზადების პროცესი. რეპორტაჟი, რომელიც ეთერში 31 მარტს გავიდა, ეხებოდა მესაფლავეების სამუშაო რეჟიმს პანდემიის დროს.

TV Vitória COVID-19-ის პანდემიის დროს ფრონტის ხაზზე მომუშავე პროფესიონალებზე სიუჟეტებს ამზადებდა. Lupa-ს თანახმად, 30 მარტს TV Vitória-ს გუნდი მესაფლავეებთან ინტერვიუს ჩასაწერად Barra do Jucu-ს მუნიციპალურ სასაფლაოზე მივიდა. რეპორტაჟის მთავარი იდეა მესაფლავის ყოველდღიური სამუშო ცხოვრების ჩვენება იყო. რეპორტიორი მარლა ბერმუდესის თქმით, სასაფლაოზე მისულებს 5 საფლავი უკვე გაჭრილი დახვდათ და საფლავის მჭრელმა გუნდს გარდაცვლილთა დაკრძალვის პროცედურა აჩვენა.

კადრი ვიდეოკოლაჟიდან კადრი TV Vitória-ს სიუჟეტიდან

შესაბამისად, ვიდეოკოლაჟში გაერთიანებული კადრები, რეალურად, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს გადაღებულ საპროტესტო აქციებს, სარეკლამო რგოლებისა და კლიპების გადაღების პროცესს ასახავს. ვიდეოკოლაჟში წარმოდგენილ კადრებს COVID-19-ის ე.წ გაყალბებულ პანდემიასთან კავშირი არ აქვს.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.