ნანა ტოხვაძე: ვერასოდეს იქნები წარმატებული ქვეყანა, როცა მოზარდების 60% ვერ იგებს წაკითხულ ტექსტს
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნანა ტოხვაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: წიგნიერების საერთაშორისო კვლევის მიხედვით, წაკითხულის გააზრების დონეების მიხედვით, 2016 წელს საქართველოს მოსწავლეთა მხოლოდ 2%-მა აჩვენა უმაღლესი შედეგი, 22% მაღალ საფეხურზეა, საშუალო საფეხურზე - 36%, 26% დაბალ საფეხურზე, ხოლო 14% კრიტიკულ ზღვარს მიღმა დარჩა. შესაბამისად, საშუალოზე დაბალი განვითარება და წაკითხულის გააზრების საშუალოზე დაბალი დონე მოსწავლეების 40%-მა აჩვენა. ნანა ტოხვაძე განცხადებაში პროცენტულ მაჩვენებელს გადაჭარბებით ასახელებს, თუმცა მოსწავლეთა ძალიან დიდ ნაწილს რომ სასწავლო უნარების საშუალოზე დაბალი დონე აქვს, საერთაშორისო კვლევებით და სტატისტიკური მონაცემებითაც დასტურდება. აქედან გამომდინარე, ნანა ტოხვაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
ანალიზი
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა ნანა ტოხვაძემ IRI-ის ბოლო კვლევის შეფასებისას, სადაც მოსახლეობის 64%-ის აზრით, განათლების ხარისხი განიცდის უკუსვლას, მოსწავლეთა აკადემიური შედეგების გაუარესებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „ვერასოდეს იქნება წარმატებული ქვეყანა, როცა მოზარდების 60% საშუალოზე დაბალ განვითარებას აჩვენებს, ვერ იგებს წაკითხულ ტექსტს და შინაარსი ვერ გამოაქვს“.
მოსწავლეებში წაკითხულის გააზრების უნარს ორი საერთაშორისო კვლევა - წიგნიერების საერთაშორისო კვლევა (PIRLS –Progress in International Reading Literacy Study) და მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევა (PISA – Program for International Student Assessment) აფასებს.
წიგნიერების საერთაშორისო კვლევას საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია 2001 წლიდან - ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ატარებს. კვლევაში მსოფლიოს 50-მდე ქვეყანა და 11-მდე რეგიონი მონაწილეობს.
საქართველო PIRLS-ში 2006 წლიდან ჩაერთო და მას შემდეგ 2011 და 2016 წლების კვლევებშიც მონაწილეობდა. ამჟამად 2021 წლის ციკლისთვის მიმდინარეობს მზადება. 2016 წლის ციკლი ორი ნიშნით იყო გამორჩეული: ტრადიციულ შეფასებასთან ერთად, ონლაინ კითხვის და წაკითხულის გააზრების უნარი პირველად შეფასდა და საქართველო ამ ნაწილშიც მონაწილეობდა; კვლევაში ქართული სექტორის მოსწავლეებთან ერთად, აზერბაიჯანული სექტორის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.
როგორც აღვნიშნეთ, PIRLS არის მოსწავლეთა წიგნიერების საერთაშორისო კვლევა, რომელიც მიზნად ისახავს, 9-10 წლის მოზარდების კითხვისა და წაკითხულის გააზრების უნარები შეაფასოს. კვლევა აფასებს, როგორც მოსწავლის ინდივიდუალურ შესაძლებლობას, ისე იმ გარემოს (ოჯახი, სკოლა, მასწავლებლები, სწავლების მეთოდოლოგია და ა.შ.), სადაც კვლევის ბენეფიციარები კითხვის უნარებს ივითარებენ, სხვა სიტყვებით, ის კითხვის შესწავლაზე მოქმედი ფაქტორების იდენტიფიცირებას ახდენს.
2016 წელს PIRLS-ში მსოფლიოს 50 ქვეყანა და 11 ტერიტორიული ერთეული მონაწილეობდა. კვლევაში ჯამში 310 000 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
PIRLS 2016-ის კვლევაში საქართველოდან 200 სკოლა 5 741 მოსწავლით და მათი პედაგოგებით მონაწილეობდა (5 700 მშობელი და 200 დირექტორი). კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს საშუალო შეფასება, 2011 წელთან შედარებით, არ გაუმჯობესებულა. ქვეყანამ ისევ 488 ქულა მიიღო და გამომდინარე იქიდან, რომ კვლევის მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა, სიაში, ამჯერად, 2006 წლის მსგავსად, 37-ე ადგილი დაიკავა. საქართველოს საშუალო სკალირებული ქულა, მსოფლიოს მედიანურ 500 ქულას კვლავ ჩამორჩებოდა და ქვეყანა ისევ ყველაზე დაბალმაჩვენებლიან სახელმწიფოთა შორის მოხვდა.
რაც შეეხება წაკითხულის გააზრების დონეების მიხედვით მიღწევებს, 2016 წლის კვლევაში საქართველოს მოსწავლეთა მხოლოდ 2%-მა აჩვენა უმაღლესი შედეგი, 22% მაღალ საფეხურზეა, საშუალო საფეხურზე - 36%, 26% დაბალ საფეხურზე, ხოლო 14% კრიტიკულ ზღვარს მიღმა დარჩა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შედეგების მხრივ განსხვავებული მონაცემები აქვს ქალაქისა და სოფლის სკოლებს. თუ ქალაქის სკოლებში წაკითხულის გააზრების მინიმალური შესაძლებლობები არ გააჩნიათ მოსწავლეთა 11%-ს, იგივე მაჩვენებელი სოფლის სკოლებში 18%-ია. საჯარო სკოლის შედეგები, ასევე, მნიშვნელოვნად ჩამორჩება კერძო სკოლის შედეგებს.
რაც შეეხება e-PIRLS 2016 წლის (ინტერნეტში მოცემული ინფორმაციის მიღება და ამ ინფორმაციის გააზრების შეფასება) შედეგებს, საქართველოს აქ გაცილებით უარესი მაჩვენებლები ჰქონდა, ვიდრე PIRLS-ში. ქვეყანამ, საშუალოზე ბევრად დაბალი, 477 ქულა მიიღო და მონაწილე 14 ქვეყანას შორის, მე-13 ადგილი დაიკავა.
როგორც 2016 წლის კვლევის შედეგებიდან ჩანს, საქართველოში წაკითხულის გააზრების უნარი - საშუალო, დაბალ და კრიტიკულ ზღვარზე, მოსწავლეთა 76%-ს აქვს. უმაღლესი და მაღალი შედეგი ჯამში მოსწავლეების მხოლოდ 24%-მა აჩვენა. საშუალოზე დაბალ განვითარებას მოსწავლეების 40% აჩვენებს.
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA – Program for International Student Assessment) განმეორებითი საერთაშორისო კვლევაა. ის 2000 წლიდან ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OESD) ეგიდით სამ წელიწადში ერთხელ, ორგანიზაციის წევრი და პარტნიორი ქვეყნების, მონაწილეობით ტარდება.
საქართველო PISA-ში, როგორც პარტნიორი ქვეყანა, 2009 წლიდან ჩაერთო და მას შემდეგ 2015 და 2018 წლების ციკლში მიიღო მონაწილეობა. ამჟამად 2021 წლის ციკლისთვის მიმდინარეობს მზადება. კვლევა მიზნად ისახავს, 15 წლის მოსწავლეების კომპეტენციის შეფასებას წიგნიერებაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებასა და მათემატიკაში.
2018 წელს PISA-ში, 72 ქვეყნის 600 000-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. სამი კომპონენტიდან პროგრამა წიგნიერების ნაწილზე იყო ორიენტირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტი ყურადღება წაკითხულის გააზრების შემეცნების ნაწილს ეთმობა, თუმცა მათემატიკური და საბუნებისმეტყველო უნარებიც შემოწმდა.
PISA-ს საშუალო მაჩვენებელი წიგნიერებაში 487 ქულა იყო, მათემატიკაში საშუალო 489 ქულა დაფიქსირდა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, აგრეთვე, 489 ქულა იყო. საქართველომ, 2015 წელთან შედარებით, სამივე კომპონენტში მონაცემები გაიუარესა. წიგნიერებაში საქართველოს მოსწავლეების ქულა 380, მათემატიკაში - 398 ქულა, ხოლო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში - 383 ქულა იყო.
საერთაშორისო კლვლევების გარდა, ერთ-ერთი ინდიკატორი, რაც მოსწავლეთა განვითარებაზე მიუთითებს, საატესტატო გამოცდების ჩაბარების მაჩვენებელია. 2012 წლიდან, საატესტატო გამოცდებში საგამოცდო ზღვარს მიღმა დარჩენილი მოსწავლეების რაოდენობა მზარდია. თუ 2012-2015 წლებში ეს რიცხვი 14%-ის ფარგლებში მერყეობდა, ბოლო სამი წლის განმავლობაში, მოსწავლეთა რაოდენობა, რომელთაც საატესტატო გამოცდებში მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს, 24-27%-ს შორის არის.
როგორც განცხადების ავტორთან კომუნიკაციით გაირკვა, მან განცხადება წიგნიერების საერთაშორისო კვლევაზე დაყრდნობით (PIRLS) გააკეთა.
შეჯამების სახით, აღნიშნული კვლევის მიხედვით, საქართველოში წაკითხულის გაააზრების საშუალოზე დაბალი უნარი მოსწავლეების 40%-მა აჩვენა. ნანა ტოხვაძე განცხადებაში პროცენტულ მაჩვენებელს გადაჭარბებით ასახელებს, თუმცა მოსწავლეთა დიდ ნაწილს რომ სასწავლო უნარების საშუალოზე დაბალი დონე აქვს, საერთაშორისო კვლევებით და სტატისტიკური მონაცემებითაც დასტურდება. მიუხედავად იმისა, რომ დასახელებულ რიცხვი ზუსტი არ არის, ის მართებულად ასახავს ვითარების კონტექსტს. აქედან გამომდინარე, ნანა ტოხვაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.