დეზინფორმაცია: ბრაზილიაში ეპიდვითარების შესახებ მედია ინფორმაციას აზვიადებს
ვერდიქტი: მანიპულირება
სოციალურ ქსელში ვრცელდება ბრაზილიაში გადაღებული ვიდეო, რომელშიც, პოსტის ავტორის თანახმად, მედპერსონალი მოსახლეობას ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდის და ატყობინებს, რომ მედიის მტკიცების საპირისპიროდ, აღნიშნული საავადმყოფო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებით გადაჭედილი არ არის.
“ფაქტ-მეტრი” აღნიშნული მტკიცების გადასამოწმებლად ბრაზილიელ კოლეგებს დაუკავშირდა. ბრაზილიურ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაცია Agência Lupa-სთან კომუნიკაციის შემდეგ ირკვევა, რომ მსგავსი ტიპის ვიდეო მასალა ბრაზილიაში ხშირად ვრცელდება და მათი მეშვეობით დეზინფორმატორები პანდემიის არსებობის უარყოფას ცდილობენ.
კონკრეტულად ქართულ Facebook სივრცეში გავრცელებული აღნიშნული ვიდეო კი, ბრაზილიურმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ, Estadão Verifica-მ გადაამოწმა. გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ვიდეო ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, პარაიბის შტატის ქალაქ ჟუან-პესოაში მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში, 30-31 მარტსაა გადაღებული. სამედიცინო პერსონალი, Facebook პოსტის ავტორის მტკიცების საპირისპიროდ, იმ ფაქტს ზეიმობდა, რომ COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა შემცირდა და საავადმყოფოს ერთ-ერთი განყოფილება სრულად დაცარიელდა. თუმცა, ამავე საავადმყოფოში კოვიდ-პაციენტები კვლავ ჰყავდათ. კერძოდ, საავადმყოფოს მიერ Estadão Verifica-სთვის მიწოდებული ინფორმაციით, 30 მარტს, ჰოსპიტალმა 148 კოვიდ-პაციენტი მიიღო.
Estadão Verifica-ს მიხედვით, პარაიბას დედაქალაქ ჟუან-პესოაში გარდაცვალების რაოდენობის პიკური მაჩვენებელი სწორედ მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში, ვიდეოს ჩაწერის პერიოდში დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, ქალაქ ჟუან-პესოაში ჯამში COVID-19-ით ინფიცირების 78 136, ხოლო გარდაცვალების 2 341 შემთხვევაა დაფიქსირებული. პარაიბას შტატში კი, მხოლოდ 27 აპრილს, კორონავირუსით 1 037 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 46 გარდაიცვალა.
ამგვარად, Facebook პოსტში მოყვანილი მტკიცება მანიპულაციურია და არასწორი კონტექსტით ცდილობს მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას.
------------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.