მანიპულაცია: ამერიკაში, ერთ-ერთი მაღაზიიდან, პირბადიანი ადამიანები გააძევეს
ვერდიქტი: მანიპულაცია
Facebook-მომხმარებელი შორე შანიძე სოციალურ ქსელში მორიგ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას ავრცელებს. გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერის თანახმად, საქართველოში პირბადის გარეშე ავტობუსშიც არ გვიშვებენ, ხოლო ამერიკაში, ერთ-ერთი მაღაზიიდან, „პირბადიანები გარეთ გააბრძანეს“.
გავრცელებული ვიდეო ავთენტურია, თუმცა მცდარია ის ინფორმაცია, თითქოს ადამიანები დაწესებულებიდან პირბადის ტარების გამო გააძევეს.
სინამდვილეში, Google-ის საძიებო ხელსაწყოს - Image Search-ის - დახმარებით დადგინდა, რომ შემთხვევა 3 აპრილს კანადაში, ვანკუვერის ერთ-ერთ რესტორანში, მოხდა. კანადური საინფორმაციო გამოცემების (CBC, GlobalNews) თანახმად, რესტორანი, სახელად Corduroy Restaurant, COVID-19-თან დაკავშირებით გამოცემულ რეგულაციებს არ დაემორჩილა და დაწესებულება უკანონოდ გახსნა. აღნიშნული დარღვევის აღსაკვეთად ჯანდაცვის ინსპექტორები რესტორანში შევიდნენ, რასაც მესაკუთრისა და მომხმარებლების მხრიდან უკმაყოფილება და შეძახილები მოჰყვა. ისინი აცხადებდნენ, რომ ინსპექტორები კერძო საკუთრებაში უკანონოდ შეიჭრნენ და მათ გარეთ გასვლას მოითხოვდნენ.
კანადის პროვინციის, ბრიტანეთის კოლუმბიის, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რესტორნის ამგვარი საქციელით იმედგაცრუებულია. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მართალია, რესტორნებისთვის შიდა სივრცეში მომსახურების აკრძალვა რთული შედეგების მომტანია, თუმცა ამ საშინელი ვირუსის გავრცელების შეჩერებისთვის მსგავსი ზომების მიღება აუცილებელია.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, შორე შანიძის მტკიცება, თითქოს დაწესებულებიდან ადამიანები პირბადის ტარების გამო გააძევეს, მანიპულაციაა და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
რაც შეეხება პირბადის ტარების აუცილებლობას, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი“ (CDC) საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების მასობრივ გამოყენებას უწევს რეკომენდაციას და აცხადებს, რომ პირბადის ტარება გვიცავს, როგორც ჩვენ, ასევე ჩვენ ირგვლივ მყოფებს. CDC-ის რეკომენდაციების თანახმად, პირბადე სრულად ვაქცინირებულმა პირმაც უნდა ატაროს იმ შემთხვევაში, თუ ის დახურულ სივრცეში რისკჯგუფთან ერთად იმყოფება ან ხალხმრავალ შეკრებებს ესწრება. ანალოგიურ რეკომენდაციებს გასცემს „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ (NCDC) - გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ არ ვიცით, გვიცავს, თუ - არა ვაქცინა ვირუსის მსუბუქი ფორმისგან ანუ უსიმპტომო ინფიცირებისგან და ვართ, თუ - არა ამ დროს ვირუსის გადამტანი, აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციები ზედმიწევნით დავიცვათ. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე, მოქალაქეებს თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოყენების აუცილებლობაზე მუდმივად მოუწოდებს.
გასათვალისწინებელია, რომ პირბადის ტარებასთან ერთად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ჰიგიენის დაცვა (ხელების ხშირი დაბანა ან სპირტისშემცველი ხსნარით დამუშავება) და სოციალური დისტანციის დაცვაც აუცილებელია.
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.