დეზინფორმაცია: პირბადეების ტარება ჯანმრთელობისთვის საზიანოა და COVID-19-ით ინფიცირებისგან არ გვიცავს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

20 აპრილს სოციალურ ქსელში სახის ნიღბებთან დაკავშირებით ვაქცინაციის მოწინააღმდეგე Facebook-ანგარიშების მიერ ყალბი ინფორმაცია გავრცელდა. Facebook-ანგარიშის, ბოლო ჟამის ქრისტიანების მიერ გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, პირბადეების ტარება არ გვიცავს ვირუსით ინფიცირებისგან და მათ ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანების, მათ შორის ნაადრევი სიკვდილის გამოწვევა შეუძლიათ. მსგავსი სახის დეზინფორმაციას Facebook-ანგარიში Goria Shiva ავრცელებს. მის პოსტში ასევე საუბარია იმაზე, რომ ნიღბების ტარებას უარყოფითი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური შედეგები აქვს და მრავალი სახის დაავადებას, მათ შორის ჰიპერკაპნია, ჰიპოქსიას, მჟავიანობის და ტოქსიკურობის მომატება, შიშის და სტრესის რეაქციების გააქტიურებას და ა.შ. იწვევს. აღნიშნულის წყაროდ Facebook მომხმარებლები სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას იმოწმებენ.

სინამდვილეში, კვლევა, რომელზეც სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტებშია საუბარი, ჟურნალ Medical Hypotheses-ში 2020 წელს გამოქვეყნდა და მას სტენფორდის უნივერსიტეტთან არანაირი კავშირის არ აქვს. გარდა ამისა, მასალაში მოყვანილი მტკიცებები, რომ პირბადის ტარება ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს და ნაადრევ სიკვდილს იწვევს, მცდარია.

Medical Hypotheses არის Elsevier-ის მიერ გამოქვეყნებული სამედიცინო ჟურნალი, რომელიც რადიკალურ, სპეკულაციურ და არამეინსტრიმულ სამეცნიერო იდეების გავრცელებას ემსახურება. ამასთან ერთად, ჟურნალის აღწერაში ხაზგასმულია, რომ Medical Hypotheses-ში წარმოდგენილ ზოგიერთ სტატიაში ნათლად არ არის განსაზღვრული ჰიპოთეზა და ისინი კონკრეტული საკითხის გარშემო მიმოხილვებს წარმოადგენს. ჟურნალში სტატია ნიღბების ტარებასთან დაკავშირებით, 2020 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა სათაურით: „სახის ნიღბები COVID-19-ის ეპოქაში: ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჰიპოთეზები“. მისი ავტორი, „ვეტერანთა საქმეების პალო ალტოს ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის“ წარმომადგენელი, ბარუხ ვაინშელბოიმია. ცენტრსა და სტენფორდის უნივერსიტეტს შორის კავშირი არსებობს, როგორც სტენფორდის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაცია Politifact-თან განაცხადეს, ვაინშელბოი სტენფორდთან და „ვეტერანთა საქმეების პალო ალტოს ჯანმრთელობის დაცვის ცენტრთან“ 2016 წლიდან აღარ არის დაკავშირებული. სტენფორდმა, ასევე განაცხადა, რომ ზემოთ აღნიშნულ სტატიასთან უნივერსიტეტს არანაირი კავშირი არ აქვს.

Medical Hypotheses-ში გამოქვეყნებული სტატიის შესახებ:

სტატიის ავტორი ირწმუნება, რომ COVID-19-ის პრევენციისთვის პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით მტკიცებულება არ არსებობს. სტატიის ერთ-ერთ ნაწილში ასევე საუბარია, რომ პირბადეების ტარება იწვევს ჰიპერკაპნიას, ჰიპოქსიას, მჟავიანობის და ტოქსიკურობის მომატებას, სუნთქვის გართულებას და ა.შ.

აღნიშნულ სტატიას ტეხასის A&M უნივერსიტეტის ბიოლოგიის პროფესორი და უნივერსიტეტის გლობალური ჯანმრთელობის კვლევითი კომპლექსის მთავარი ვირუსოლოგი ბენჯამინ ნეუმანი გამოეხმაურა. მისი თქმით, სტატიაში არ არის გაანალიზებული შესაბამისი მონაცემები, კვლევის ფარგლებში ახალი ექსპერიმენტები არ არის ჩატარებული და ამასთან ერთად, სტატიაში მოყვანილი სხვა კვლევებიდან ფრაგმეტები, არასწორად არის ციტირებული. „შესაბამისად, მასალა ეყრდნობა არა სამეცნიერო მტკიცებულებებს, არამედ ავტორის პირად მოსაზრებებს, რომელსაც საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი გამოცდილება და ცოდნა არ გააჩნია”, - განაცხადა ნეუმანმა.

ჯონ ჰოპკინსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტირს უფროსმა მკვლევარმა ამეშ ადალიამ სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „Medical Hypotheses-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში არსებული მტკიცებები რაიმე მყარ არგუმენტს არ ემყარება“.

პირბადის ტარება არ იწვევს ჰიპერკაპნიას

ყალბი მტკიცება, რომ პირბადის ტარება იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშიებით გართულებებს, მათ შორის ჰიპერკაპნიას, უცხოურ სოციალურ ქსელებშიც აქტიურად ვრცელდებოდა.

ჰიპერკაპნია სისხლში ნახშირორჟანგის ანომალიურად მაღალი რაოდენობით დაგროვებას ნიშნავს. თუ არ მოხდა მიზანმიმართული მკურნალობა, ჰიპერკაპნიამ შეიძლება რესპირატორული აციდოზი, სუნთქვის უკმარისობა გამოიწვიოს. სამედიცინო ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია - HealthFeedback.org, ნიღბებისა და ჰიპერკაპნიას შორის კავშირს გამოეხმაურა. მათი თქმით, მტკიცება, რომ სახის ნიღბების ტარება ჰიპერკაპნიას იწვევს, არ არის მეცნიერულად მხარდაჭერილი და ეწინააღმდეგება არსებულ სამეცნიერო დასკვნებს. ნიღბები მოქმედებს, როგორც ბარიერი, თუმცა ისინი იმგვარი მასალითაა დამზადებულ, რომ ამ ბარიერში ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის მოლეკულების შეღწევა-გაღწევა ადვილად მოხდეს. აღნიშნული მოლეკულები გაცილებით პატარა ზომის არის, ვიდრე ვირუსი. შესაბამისად, პირბადის შიგნით ნახშირორჟანგის მაღალი რაოდენობით კონცენტრაცია არ ხდება. სოფია მორამ, ბრიუსელის ერასმის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კარდიოლოგმა, HealthFeedback.org-თან საუბრისას განმარტა, რომ „ქირურგიული ნიღბის ტარება მოკლე დროში მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს ფიზიოლოგიურ რესპირატორულ ცვლადებზე, და ამრიგად, როდესაც ნახშირორჟანგის მომატება ხდება პირბადის „მკვდარ ნაწილში“, ნაკლებად სავარაუდოა, რომ CO2-ს მოლეკულების ეს კონცენტრაცია საკმარისი იყოს იმუნიტეტის, ან გულსისხლძარღვთა ჰომეოსტაზის დასაზიანებლად“.

პირბადის ტარება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა

პირბადე რესპირატორული დაცვის უზრუნველმყოფ საშუალებას წარმოადგენს, რომელიც სასუნთქ სისტემას წვეთებისა და ნაწილაკების მოხვედრისგან იცავს. არსებობს სამედიცინო და არასამედიცინო დანიშნულების პირბადეები. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, სამედიცინო ნიღაბს შეუძლია, ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს და ასევე, ადამიანი ინფიცირებისგან დაიცვას (აღნიშნულთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა). პირბადის ტარება შესაძლოა, იყოს არაკომფორტული, რაც სახის მგრძნობიარე ნერვების გაღიზიანებასთან, ჩასუნთქული ჰაერის დათბობასთან ან კლაუსტროფობიის განცდასთანაა დაკავშირებული. თუმცა, სამეცნიერო კვლევებით დასტურდება, რომ პირბადის ტარება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

იმუნოლოგ-ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, აუცილებელია, მოქალაქეების 90-95%-მა პირბადე შინ და გარეთ ატაროს. კულუმბეგოვის თქმით, ეს ინფიცირების მკვეთრი შემცირების საშუალება იქნება და შესაბამისად, ეკონომიკას უფრო მეტი თავისუფლება მიეცემა.

ამასთან, იმ ადამიანებზე, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მაგალითად, სასუნთქი გზების დაავადებები) პირბადის ხანგრძლივად გამოყენება უჭირთ, პირბადის ტარების ვალდებულება არ ვრცელდება.

საქართველოს მთავრობის N368 დადგენილებით , პირბადის ტარების ვალდებულება არ ვრცელდება:

• 6 წლამდე ასაკის ბავშვებზე;

• იმ პირებზე, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე (მათ შორის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ბრონქული ასთმის, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ფსიქიკური აშლილობის, აუტისტური სპექტრის დარღვევის ან/და განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო) უჭირთ პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო ცნობით.

• თავდაცვის ძალების შემადგენლობაში მყოფ პირებზე, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებზე და სამართალდამცავ პირებზე, უფლებამოსილების განხორციელებისას, თუ შეუძლებელია პირბადის გამოყენება ან/და პირადად უშუალო კომუნიკაცია არ უწევს გარეშე პირთან;

• ლოგოპედი, ჟესტური ენის თარჯიმანი, პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას;

• მემანქანეზე მეტროპოლიტენით ან რკინიგზით გადაადგილებისას;

• ამასთან, პირბადის გამოყენების ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც მომსახურების მიღება/სარგებლობა პირბადის გამოყენებით შეუძლებელია (მაგალითად, რესტორანში კვების დროს).

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.