თინათინ ზოიძე: „აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უკვე წელს 15-ზე მეტ მარკირებულ პროდუქტს და ძალიან ბევრ სიახლეს დაახვედრებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მოგზაურებს“.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თინათინ ზოიძის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ახალი ტურისტული ბილიკებისა და მარშრუტების მარკირების პროცესს, რომელიც იდენტიფიცირებული მარშრუტების, მათ შორის, გარდამავალი, ქსელური მარშრუტების მარკირებასა და უკვე მარკირებულ მარშრუტებზე არსებული ახალგახსნილი ტურისტული ობიექტების მუდმივ განიშნულიანებას გულისხმობს, 2015 წლიდან ახორციელებს.
2015-2020 წლებში სულ მარკირებულია ოცდაოთხი მარშრუტი, რისთვისაც ჯამში 250 275 ლარი გაიხარჯა.
მხოლოდ 2020 წელს, მარკირების პროექტის ფარგლებში, მარშრუტების მარკირებით ხუთი ახალი ტურისტული მიმართულება შეიქმნა: სოფელ ჭახათი-კინტრიშის დაცული ტერიტორიები-ხინოწმინდის მონასტერი-სოფელი ცხემლისი-კურორტი გომისმთა-სოფელი ხაბელაშვილები-ქსელური მარშრუტი; ღორჯომის ხეობა-მთა ლეკნარი-კურორტი ბახმარო; კაპნისთავის ჩანჩქერები; ჩირუხი-შუამთის ტბები-გოდერძის უღელტეხილი. ტურისტული მანიშნებლები მოეწყო ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში (მუხაესტატე, ბუკნარი, ზოიძეები) მდებარე ღვინის მარნებზე; ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში (დანდალო, კოკოტაური, ვაიო) მდებარე საოჯახო სასტუმრო სახლებსა და ღვინის მარნებზე; შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქროპილაურში არსებულ საოჯახო სასტუმრო სახლებსა და ღვინის მარანზე; დაბა ხულოს ტერიტორიაზე არსებულ საოჯახო სასტუმრო სახლებზე.
გარდა ამისა, 2021 წელს ამოქმედდება ექვსი ახალი მარშრუტი, ხუთ მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ტურისტული პოტენციალის კვლევა, მეკლდეურობის განვითარების პოტენციალის შეფასება, ახალი მარშრუტების იდენტიფიცირება და მარკირება, გოდერძის ალპური ბაღის ბილიკზე მანიშნებლების მონტაჟი, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებზე გარდამავალი საველოსიპედე ბილიკისა და ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მშენებლობა და სხვა.
ანალიზი: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსმა თინათინ ზოიძემ განაცხადა: „აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უკვე წელს 15-ზე მეტ მარკირებულ პროდუქტს და ძალიან ბევრ სიახლეს დაახვედრებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მოგზაურებს“.
„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.
აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ახალი ტურისტული ბილიკებისა და მარშრუტების მარკირების პროცესს, რომელიც იდენტიფიცირებული მარშრუტების, მათ შორის, გარდამავალი, ქსელური მარშრუტების მარკირებასა და უკვე მარკირებულ მარშრუტებზე არსებული ახალგახსნილი ტურისტული ობიექტების მუდმივ განიშნულიანებას, კერძოდ, ტურისტული მანიშნებლებისა და საინფორმაციო დაფების მოწყობას გულისხმობს, 2015 წლიდან ახორციელებს.
2015-2020 წლებში სულ მარკირებულია ოცდაოთხი მარშრუტი, რისთვისაც ჯამში 250 275 ლარი დაიხარჯა. (დანართი 1)
ცხრილი 1. აჭარის ა/რ ტერიტორიაზე 2015-2020 წლებში მარკირებული ტურისტული მარშრუტები
წყარო: აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
შედგება, თუ - არა წელს ტურისტული სეზონი, ამ ეტაპზე დაბეჯითებით ამის თქმა შეუძლებელია. თუმცა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურისტების დასახვედრად მზადებას აგრძელებს და ახალ ტურისტულ პროდუქტებს ქმნის. მაგალითად, 2021 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მარშრუტების მარკირების, მანიშნებლების, საინფორმაციო დაფების, ახალი ტურისტული პროდუქტების პროექტირების, კვლევისა და მარშრუტებზე ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, 1 320 000 ლარია გათვალისწინებული.
წელს ამოქმედდება ექვსი ახალი მარშრუტი: უჩხოს ჩანჩქერების კანიონინგი; ღორჯომი-მთა ლეკნარი-ბახმარო; ჭვანა-ჯვარიმინდორი-კინტრიში-გომის მთა; კაპნისთავის ჩანჩქერები; ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი (საპიკნიკე ტერიტორიით); საფეხმავლო-ველომარშრუტი შუახევი-კავიანის ციხე-დანდალოს ხიდი. ამასთანავე, დაგეგმილია სალაშქროდ მიმზიდველი მთებისა და ტურისტულად საინტერესო ტყეების პოტენციალის შესწავლა, მათთან დაკავშირებული გარდამავალი მარშრუტების იდენტიფიცირება, აღწერა და მარკირებისთვის მომზადება. დეპარტამენტი მეკლდეურობის განვითარების პოტენციალის შეფასებასაც გეგმავს. რამდენიმე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ტურისტულად მიმზიდველი და თემატური სოფლების იდენტიფიცირება, სოფლებში არსებული საოჯახო სასტუმრო სახლების, რეწვის ოსტატებისა და ტრადიციული კერძების აღწერა.
2021 წლის ტურისტული პროექტების შესყიდვის მიზნით რამდენიმე ტენდერი უკვე გამოცხადებულია, ნაწილზე კი სატენდერო პროცედურები ჯერ არ დაწყებულა.