სოციალურ ქსელში ფინანსთა სამინისტროს გარდაცვლილ თანამშრომელთან დაკავშირებით მანიპულაციური ინფორმაცია ვრცელდება
ვერდიქტი: მანიპულირება
12 აპრილს Facebook-მომხმარებელმა Khatuna Saginashvili-მა სოციალურ ქსელში, სავარაუდოდ, ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლის, არჩილ ჩაჩანიძის, გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაცია შემდეგი სახით გაავრცელა: „ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი მოულოდნელად გარდაიცვალა სამსახურში - რამდენიმე დღის წინ აიცრა (!)“.
12 აპრილს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ არჩილ ჩაჩანიძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. სამინისტროს ინფორმაციით, „გარდაცვალების მიზეზს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაადგენს".
საკითხთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრი“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (NCDC) დაუკავშირდა. NCDC-ის განცხადებით, „კოვიდვაქცინაცია იცავს ადამიანებს COVID-19-ით დაავადების, მძიმე გართულებებისა და სიკვდილისაგან. ვაქცინირებულ ადამიანში სხვა მიზეზებით ავადობა და სიკვდილობა კვლავაც გაგრძელდება. იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული ყველა შესაძლო არასასურველი მოვლენა და იმუნიზაციასთან დაკავშირებული გარდაცვალების შემთხვევები დეტალურად გამოკვლევას ექვემდებარება და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადასტურების შემთხვევაში ეცნობება საზოგადოებას“.
ამ ეტაპისთვის, დაუდგენელია, ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლის გარდაცვალება რამ გამოიწვია და აღნიშნულის აცრასთან დაკავშირება მანიპულაციას წარმოადგენს.
----------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.