თეონა ჭალიძე: თბილისში 12 431 ბავშვი უფასო სასადილოს საკვებით იკვებება
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თეონა ჭალიძის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: 2021 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, უფასო სასადილოების ასიგნებამ 20 194 500 ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხით ყოველდღიურად მომსახურება 42 415 ბენეფიციარს უნდა გაეწიოს.
მუნიცუპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის მარტისთვის უფასო სასადილოების ძირითად და დამატებით სიაში ჯამში 45 112 ბენეფიციარია რეგისტრირებული. ამათგან, 18-წლამდე ასაკის, 12 431 პირია. ბავშვთა სიღარიბე და არასრულფასოვანი კვება რომ ქვეყნისთვის პრობლემას წარმოადგენს, ამაზე საერთაშორისო კვლევებიც მიუთითებს. UNICEF-ის 2017 წლის მონაცემებით, უკიდურეს სიღარიბეში ბავშვების 6.8% ცხოვრობს. ზოგადი სიღარიბის მაჩვენებელი კი ბავშვებში 27.6%-ია. შესაბამისად, თეონა ჭალიძის განცხადება არის სიმართლე.
ისიც აღსანიშნავია, რომე არსებული ინფლაციის ფონზე (მიმდინარე წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 7.2% შეადგინა), უფასო სასადილოს ბენეფიციართა დღიური მომსახურების თანხა, მიმდინარე წელს 1.32 თეთრს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით, მხოლოდ ორი თეთრით არის გაზრდილი.
ანალიზი
„სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ თბილისის უფასო სასადილოების ბენეფიციარების შესახებ ისაუბრა და განაცხადა: „დედაქალაქში ამ კატეგორიის ხალხის რაოდენობა გაიზარდა და არსებულ სიებში 12431 ბავშვია“.
თბილისის ათ რაიონში 62 უფასო სასადილო ფუნქციონირებს. სასადილოს მომსახურებით სარგებლობა ბენეფიციარებს დღეში ერთხელ შეუძლიათ.
დედაქალაქში უფასო სასადილოების ბენეფიციართა მომსახურების წესს და მათ აღრიცხვას თბილისის მერის 2014 წლის 26 ნოემბრის #2344 ბრძანება არეგულირებს.
ბრძანების მიხედვით, უფასო სასადილოების ბენეფიციართა სიაში შეყვანას მხოლოდ ის სოციალურად დაუცველი პირები ექვემდებარებიან, რომელთა სარეიტინგო ქულა 200 000-ს არ აღემატება. ასევე, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ბენეფიციართა სიაში შეყვანა გამგებლის მოტივირებული გადაწყვეტილებითაც ხდება. რაც შეეხება სიაში განმცხადებლების შეყვანის რიგითობას, ის განცხადების რეგისტრაციის თარიღის მიხედვით განისაზღვრება. უპირატესობა იმ განმცხადებელს ენიჭება, რომლის განცხადებაც გამგეობაში უფრო ადრე დარეგისტრირდა. თავდაპირველად, პირი დამატებით სიაში ხვდება, ხოლო ძირითადი სიის შევსება დამატებითი სიიდან ხორციელდება. დამატებითი სიის ბენეფიციართა რაოდენობა ძირითადი სიის 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტის მიხედვით, უფასო სასადილოების მომსახურებისთვის (კოდი: 06 02 14) 18 475 000 ლარი იყო გათვალისწინებული. აღნიშნული თანხით 38 915 ბენეფიციარს უნდა მოემსახურონ. შესაბამისად, ერთი ბენეფიციარისთვის დღიურად 1.3 ლარი განისაზღვრა.
თბილისის მერი კახი კალაძე გასული წლის დეკემბერში აცხადებდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის 2021 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხა საკმარისი არ იქნებოდა, თბილისის მერია ამ თანხას გაზრდიდა. საბოლოო ჯამში, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, უფასო სასადილოების მომსახურების თანხა მართლაც გაიზარდა და 20 194 500 ლარით განისაზღვრა. პარალელურად, მერის გადაწყვეტილებით, უფასო სასადილოების ბენეფიციართა რაოდენობას, დამატებით სიაში მყოფი 3500 ადამიანი - მოცდის გარეშე, პირდაპირ დაემატება. შესაბამისად, თუმცა უფასო სასადილოების მომსახურების თანხა 1 719 000 ლარით გაიზარდა, გაიზარდა ასევე სასადილოების ბენეფიციართა რაოდენობაც (3500 ადამიანით) და ჯამში 42 415 პირია. აქედან გამომდინარე, ერთი ბენეფიციარის დღიური მომსახურების თანხა უმნიშვნელოდ გაიზარდა და 1.32 ლარი შეადგინა. უფასო სასადილოების ბიუჯეტი გასულ წელს 18 357 000 ლარი იყო, 2019 წელს იმავე მიზნისთვის 17 997 000 ლარი დაიხარჯა.
რაც შეეხება მიმდინარე წლის მარტში უფასო სასადილოების ბენეფიციართა რაოდენობას, მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული დროისთვის უფასო სასადილოების ძირითად და დამატებით სიაში ჯამში 45 112 ბენეფიციარია რეგისტრირებული. ამათგან, 18-წლამდე ასაკის, 12 431 პირია. ბავშვთა სიღარიბე და არასრულფასოვანი კვება რომ ქვეყნისთვის პრობლემას წარმოადგენს, ამაზე საერთაშორისო კვლევებიც მიუთითებს. UNICEF-ის 2017 წლის მონაცემებით, უკიდურეს სიღარიბეში ბავშვების 6.8% ცხოვრობს. ზოგადი სიღარიბის მაჩვენებელი კი ბავშვებში 27.6%-ია (დაწვრილებით იხილეთ: სტატია). შესაბამისად, თეონა ჭალიძის განცხადება არის სიმართლე.
თბილისის ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, უფასო სასადილოს პროგრამის მიზანი, დედაქალაქის მაცხოვრებლების, რომელნიც სოციალურ სიდუხჭირეს განიცდიან, ცხელი სადილით უზრუნველყოფაა. მენიუ ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელი კალორაჟის გათვალისწინებით არის გაანგარიშებული. ყოველდღიური რაციონი (მენიუ) ისეთ ნივთიერებებს (ნახშირწყლებს, ცილებს, ცხიმებს და ა.შ) შეიცავს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის და მისი სრულფასოვანი არსებობისთვის არის საჭირო. უფასო სასადილოს სადილი წინასწარ შედგენილი მენიუს მიხედვით მზადდება. მასში ცხელი წვნიანი, გარნირი, კომპოტი და პური შედის. წვნიანის და გარნირის სახეობა დღეების მიხედვით იცვლება. მენიუში მაწვნის შეჭამანდი, ამოლესილი ლობიო, ვეგეტარიანული ბორშჩი, წვნიანი ხორცის გუფთით, წვნიანი ქათმის ბულიონზე და ა.შ. მონაცვლეობით შედის.
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ საქსტატის ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წლის მარტში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 1.5%-ით გაიზარდა, რაც თვის ინფლაციაზე 0.45 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემდეგ ქვეჯგუფებზე გაიზარდა: ხილი და ყურძენი (3.8%), ზეთი და ცხიმი (3.7%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.7%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (1.3%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.1%).
ასევე აღსანიშნავია, რომ უფასო სასადილოების რაციონი ძირითადად იმ პროდუქტებისგან შედგება, რომელთა ფასებიც, ყოველთვიურად მნიშვნელოვნად იზრდება. აღნიშნული ინფლაციის ფონზე (წლიური 7.2%), მიმდინარე წელს უფასო სასადილოების ერთი ბენეფიციარისთვის იგივე მენიუს 1.32 ლარად შეთავაზება, ალბათ ძალიან გაძნელდება.