დეზინფორმაცია: ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ 24 საათიანი კარანტინის დაწესების მომხრეა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-ზე აქტიურად ვრცელდება sportvideos.ge-ზე 2021 წლის 13 აპრილს გამოქვეყნებული დეზინფორმაციის შემცველი სტატია. სტატიაში მოყვანილია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის გაყალბებული ციტატა, თითქოს მინისტრი მესამე ტალღის მოახლოების გამო, 24 საათიანი კარანტინის დაწესების მომხრეა.

აღსანიშნავია, რომ თითქმის იდენტური სტატია ეკატერინე ტიკარაძის განცხადების შესახებ, იდენტური სათაურით - „ტიკარაძე: "მომხრე ვარ 24 საათიანი კარანტინის... ასეც მოვიქცევით" 2020 წლის 3 მაისს Netsport.ge-ზეც გამოქვეყნდა. ორივე სტატიაში 24 საათიანი კარანტინის შესახებ იდენტური განცხადებებია მოყვანილი. მათ შორის ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ 2020 წლის 5 მაისს netsport.ge -ზე გამოქვეყნებულ სტატიაში, გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვზეა საუბარი: "ამ ეტაპზე ძალიან რთულადაა საქმე, ვინაიდან უკვე კორონავირუსით მეცხრე ადამიანი გარდაიცვალა. ამას არ ველოდით. ახლა დროა ყველაფერზე დავფიქრდეთ და გადაწყვეტილება მივიღოთ. შესაძლოა ყველაფერი გამკაცრდეს ისიც თქვენთვის." 2021 წლის 13 აპრილს Sportvideos.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში, ზემოთ აღნიშნულ წინადადებაში გარდაცვლილ ადამიანთა შესახებ ინფორმაცია მესამე ტალღის შესახებ ინფორმაციითაა შეცვლილი: „ამ ეტაპზე არც ისე მარტივადაა საქმე, ვინაიდან უკვე მესამე ტალღას ველოდებით. ახლა დროა ყველაფერზე დავფიქრდეთ და გადაწყვეტილება მივიღოთ. შესაძლოა ყველაფერი გამკაცრდეს ისიც თქვენთვის."

სინამდვილეში, 2020 და 2021 წლის სტატიებში მოყვანილი ციტატები ყალბია. ეკატერინე ტიკარაძეს 24 საათიანი კარანტინის შესაძლო დაწესების შესახებ განცხადება არასდროს გაუკეთებია. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 2021 წლის 23 მარტს „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის შემდგომ ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, ასევე იმავე დღეს, ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, შესაძლო მესამე ტალღის რისკების შესახებ ისაუბრა, თუმცა კარანტინის ან სხვა რაიმე კონკრეტული აკრძალვების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.

გავრცელებული დეზინფორმაცია გამოქვეყნების დღესვე აღნიშნულ Facebook-ჯგუფებსა და გვერდებზე გაზიარდა: უცნობი ფაქტები; საგიჟეთი ; Z sport ; გაზაფხულდება.

------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე