დეზინფორმაცია: რიონის ხეობაში ურანი და ოქრო მოიპოვება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი

რიონის ხეობაში „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, მიმდინარე პროტესტის პარალელურად, აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში სხვადასხვა სახის ყალბი ამბები ვრცელდება. კერძოდ, Facebook-ზე მასშტაბურად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რიონის ხეობაში ურან-238-ის საბადოა, რაც თურქეთის ინტერესს წარმოადგენს. შესაბამისად, მოცემული მტკიცების თანახმად, ჰესთან დაკავშირებული მშენებლობები სინამდვილეში ურანის მოპოვებას ემსახურება, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ 100 მილიარდი დოლარის ღირებულების საბადო თურქებს 400 მილიონად მიჰყიდა. გარდა ურანისა, გავრცელებულ დეზინფორმაციაში საუბარი რიონის ხეობაში არსებულ სხვა სასარგებლო წიაღისეულზეც იყო, როგორებიცაა: ოქრო და სპილენძი. ინფორმაცია თავდაპირველად Facebook-მომხმარებელმა ზურაბ ქუმსიაშვილმა (Zurab Kumsiashvilli) გაავრცელა, თუმცა მისი პოსტი ამჟამად წაშლილია. გარდა რიონის ხეობაში სხვადასხვა წიაღისეულის არსებობის შესახებ ყალბი ამბის გავრცელებისა, პოსტი ანტითურქულ გზავნილებსაც შეიცავს. პირველადი წყაროს წაშლის მიუხედავად, დასახელებული დეზინფორმაცია ინტერნეტ სივრცესა და Facebook-ში აქტიურად გავრცელდა. მაგალითად, იხილეთ Facebook-ჯგუფები: „საქართველო“, „დიდება ერს სიკვდილი მტერს“, „იტალიის ცის ქვეშ – L'ANIMA GEORGIANA“, "ციდან დანახული საქართველო", „ქართველები ბორდოში“, Facebook-გვერდები: Na Na's page,საქართველოს ევროპული მომავალი“, „სიმართლე“, Facebook-პროფილები Manana Jebashvili, „ლია რუსიაშვილი“ „სამყარო სამყარო“, „Gur Gen“, Badri Shelia, „Mano Beridze“, „Joni Grigolia“, „Zaza Devidze”, „ქართული სული“, „ირმა ქაჩლიშვილი“, „Valeri Kevlishvili“, „კასპის მოამბე“, „თეიმურაზ შაშიაშვილი“, გამოცემა guardian.ge, imi.ge (abc news), GT Media, MEGAtv, ინტერმედია, TV პირველი. ორიგინალი პოსტის ტექსტში ვკითხულობთ:

"აი რისთვის იკლავს თავს თურქეთის ელჩი!!!

რიონის ხეობაში ურან-238-ის სერიოზული საბადოა და ის ხიდებიც და გზებიც, იმ საბადოსთან მისასვლელად შენდება.

1 გრამი ურან-238-ის აქტიურობა 12,5 კილობეკერელია.

მისი დაშლით მიიღება თორიუმ-234 (Th-234) და პლუტონიუმ-238 (Pt-238).

აქ ყველაზე საინტერესო Th-234-ია. ბოლო დროს შეიქმნა უნიკალური ტექნოლოგია ავტომობილების წარმოებაში, სადაც თორიუმზე მომუშავე ძრავებია და ასეთი ავტომობილი, მთელი თავისი ექსპლუატაციის პერიოდში არანაირ საწვავს არ საჭიროებს. ეს არის გადატრიალება მთელ ავტოინდუსტრიაში. ამაზეა გაგიჟებული დღეს მთელი მსოფლიო და თორიუმიც ამიტომ გახდა ძალზე ძვირფასი.

საქმე ისაა, რომ საქართველოს მთავრობამ მინიმუმ 100 მილიარდი დოლარის წიაღისეული მიჰყიდა თურქებს 400 მილიონ დოლარად (ე.წ. ატკატი). ასეთი ტვინშეზღუდული მთავრობა არ მგონია, რომ არსებობდეს პლანეტაზე.

ამის გარდა სავსეა ეგ მთები ბარიტის და კალციტის ძარღვებით. ეს იმას ნიშნავს, რომ გატენილია იქაურობა ოქროთი, სპილენძით და სხვა ძვირფასი წიაღისეულით.

უმდიდრეს ქვეყანაში ვცხოვრობთ და ეს იდიოტი მთავრობები კაპიკებში ყიდიან ყველაფერს!

ეკონომისტებთან და გეოლოგებთან ერთად დავთვალე საბადოების ნაწილის ქონება, რომელთაგან ყოველ საქართველოს მოქალაქეს თვეში მინიმუმ 750 ევრო უნდა უჯდებოდეს ანგარიშზე! თუ ამ წიაღისეულს გადავამუშავებთ მოწინავე ტექნოლოგიებით, ეს თანხა 30 და 40-ჯერ გაიზრდება.

როგორ შეიძლება ასეთ უმდიდრეს ქვეყანაში ხალხი გაჭირვებაში ცხოვრობდეს!

აღარაფერს ვამბობ სასმელი წყლის ინდუსტრიასა და სხვა მიმართულებებზე."

ტექსტში მოცემული მტკიცება, რიონის ხეობაში ურანის არსებობის შესახებ, ყალბია. წიაღის ეროვნული სააგენტოს მინერალური და თერმული რესურსების (საბადოების) რუკის მიხედვით, ურანი არა მარტო რიონის ხეობაში, არამედ მთელ საქართველოს ტერიტორიაზე, საერთოდ არ მოიპოვება.

მინერალური და თერმული რესურსები იმერეთში. წყარო: წიაღის ეროვნული სააგენტოს მინერალური და თერმული რესურსების რუკა. დეტალურად, იმერეთის მინერალური და თერმული რესურსების შესახებ იხილეთ ბმულზე: 9-11 გვერდები.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციას წიაღის ეროვნული სააგენტო Facebook-ში განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მტკიცება, თითქოს რიონის ხეობაში, სადაც ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, ურანის საბადოები არსებობს - სიმართლეს არ შეესაბამება. განცხადება სრულად:

„გვინდა, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ დეზინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს რიონის ხეობაში, სადაც ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, ურანის საბადოები არსებობს.

ცალსახად ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო გეოლოგიური ფონდებით, რომელიც მოიცავს თითქმის ორი საუკუნის მანძილზე შეგროვილ გეოლოგიურ ინფორმაციას, რიონის აუზში ურანის საბადოების არსებობა არ ფიქსირდება.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის, როგორიცაა ნამახვანი ჰესი, განხორციელების ხელშეშლას.

წიაღის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც ნებსით თუ უნებლიეთ, ავრცელებენ აღნიშნულ დეზინფორმაციას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და უსაფუძვლო ცნობების ტირაჟირებისგან.“

ამასთან, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტის უფროსმა, მერაბ ჩალათაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა, რომ „საქართველოს ტერიტორიაზე ურანის საბადო არ არსებობს“. იგი ასევე უარყოფს „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის ადგილას ოქროსა და სპილენძის საბადოების არსებობას, ხოლო ზურაბ ქუმსიაშვილის გავრცელებულ ინფორმაციას სიყალბე უწოდა. აღსანიშნავია, რომ „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულიდან ბარიტ-კალციტის საბადოს არსებობა წიაღის ეროვნულმა სააგენტომ „მითების დეტექტორთან“ დაადასტურა, თუმცა აღნიშნული საბადოს მარაგები ამოწურულია და 1992 წლიდან აღარ ფუნქციონირებს.

ასევე, მსოფლიოში ურანის მოპოვებისა და რეზერვების ჩამონათვალში საქართველო, არც მსოფლიო ბირთვული ასოციაციის გამოქვეყნებულ მსოფლიო ურანის მომპოვებელთა სიაში და არც ინტერნეტში გამოქვეყნებულ სხვადასხვა არაოფიციალურ სიებში (მაგალითად იხილეთ mining-technology.com, investingnews.com, fool.com და ა.შ.), არ ფიგურირებს.

რაც შეეხება ინფორმაციის ავტორს - ზურაბ ქუმსიაშვილს, ის სხვადასხვა წყაროში და მის Facebook-ის პროფილზე მოცემული ინფორმაციაში პროფესორად და მეტაფიზიკურ მეცნიერებათა კვლევითი ცენტრის დირექტორად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოინჟინერიის ცენტრის მეცნიერად და ა.შ. მოიხსენიება. ის კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში არაერთხელ არის შემჩნეული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ანტიდასავლური და პრორუსული სააგენტო „თვალსაზრისი“ ზურაბ ქუმსიაშვილთან ინტერვიუზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ მან კორონავირუსის წინააღმდეგ პრეპარატი შექმნა, სახელწოდებით - „Nano Silk“.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.