დეზინფორმაცია: ისრაელში მძიმე მეტალების შემცველი აირი თვითმფრინავში გაუშვეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-მომხმარებელი ლევან ნავი Facebook-ზე Frontier-ის ავიახაზების მაიამი- ნიუ-იორკის რეისზე აფრენამდე მომხდარი დაპირისპირების ვიდეოს ავრცელებს, რომელსაც ყალბი ინფორმაციის შემცველ აღწერას ურთავს. ლევან ნავის პოსტის აღწერისა და დართული კომენტარის საშუალებით მომხმარებელი ამტკიცებს, რომ ისრაელში თვითმფრინავში მძიმე მეტალების შემცველი აირი გაუშვეს. „გაფრენამდე ხალხი გაგუდეს. ისრაელი ენდეთ ენდეთ ..“, - ნათქვამია ვიდეოზე დართულ წარწერაში. კომენტარების სექციაში, სადაც სხვა Facebook-მომხმარებელი სიტუაციის განმარტებას ითხოვს, ლევან ნავი შემდეგ კომენტარს აქვეყნებს „პირდაპირ გუდავენ ხალხს მძიმე მეტალებით “.

მტკიცება, იმის შესახებ, რომ თვითმფრინავში რაიმე სახის აირის გაშვება მოხდა, ყალბია. რეალურად, დაპირისპირება რეისზე მგზავრებსა და ბორტის წევრებს შორის პირბადის გამოყენების წესების დაუმორჩილებლობას მოჰყვა. რაც შეეხება ვიდეოში შესამჩნევ ვიზუალურ ბუნდოვანებას, რომელიც კაბინაში გაშვებული აირის შთაბეჭდილებას ქმნის, მსგავსი ეფექტი, სავარაუდოდ, კამერის ობიექტივის პრობლემის გამო შეიქმნა. ამას ადასტურებს აღნიშნული დაპირისპირების ამსახველი სხვა ვიდეოები. სხვა ვიდეოში ჩანს, რომ კაბინაში არანაირი აირის გაშვებას ადგილი არ ჰქონია. ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ მოვლენები ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაიამი-ნიუ-იორკის რეისზე, ამერიკული ავიაკომპანია Frontier Airline-ის ბორტზე განვითარდა და არა ისრაელში, როგორც ამას პოსტის ავტორი აცხადებს.

რაც შეეხება ბორტზე დაპირისპირებისა და შემდგომ ფრენის გაუქმების მიზეზს, Frontier-Airline-ის განცხადებით, მგზავრთა დიდმა ჯგუფმა, მათ შორის რამდენიმე ზრდასრულმა, პირბადის გაკეთებაზე უარი განაცხადა, რის შედეგადაც ფრენა გადაიდო. Frontier აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ მგზავრებმა უარი განაცხადეს ფედერალური წესების დაცვაზე, რომლებიც მათ ნიღბების ტარებას ავალდებულებს. გავრცელებული ინფორმაციით, ვიდეოებში ასახული კადრები, სადაც ჩანს, რომ მგზავრებს პირბადეები უკეთიათ, მხოლოდ დაპირისპირების ბოლო ეტაპს ასახავს. მეორე მხრივ, ბორტზე მყოფი მგზავრები აცხადებენ, რომ მათ პირბადის ტარების წესი არ დაურღვევიათ და ყველა მოზარდს პირბადე ეკეთა. მათი განცხადებით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბორტგამცილებელმა ერთ-ერთ მგზავრს 15 თვის ბავშვისთვის პირბადის გაკეთება მოსთხოვა მაშინ, როცა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, თვითმფრინავში პირბადის ტარება მხოლოდ 2 წლის ზემოთ ასაკის მქონე პიროვნებებისთვისაა სავალდებულო.

ამასთან, მგზავრები ავიაკომპანიას ანტისემიტურ ქცევაში ადანაშაულებენ, იქიდან გამომდინარე, რომ დაპირისპირება ერთი ებრაული ოჯახის წევრებსა და ავიაკომპანიის თანამშრომლებს შორის მოხდა. ბორტზე მყოფი მარტინ იოზეფი (Martin Joseph) თავის ოჯახის წევრებთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად იმყოფებოდა. ინციდენტს 1 მარტს ებრაული არასამთავრობო ორგანიზაცია „ანტი-დეფამაციის ლიგა“ Twitter-ზე გამოეხმაურა, რომელმაც ბორტის წევრების მხრიდან წამოსულ ანტისემიტურ კომენტარების არსებობას გაუსვა ხაზი და შემთხვევის სრულყოფილი და გამჭვირვალე გამოძიება მოითხოვა.

-----------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე