შინაგან საქმეთა სამინისტრო: ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია [პოზნერს], შემოვიდა წესების დაცვით
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება.
31 მარტს რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი, დაახლოებით, 50 ადამიანთან ერთად, თბილისში საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.
ვლადიმერ პოზნერის ვიზიტის გასაპროტესტებლად თბილისში საპროტესტო აქცია ამ დრომდე იმართება.
აქტივისტები თავდაპირველად სასტუმრო ვინოტელთან შეიკრიბნენ, სადაც რუსი ჟურნალისტი, მიუხედავად ქვეყანაში დაწესებული კომენდანტის საათისა, წვეულებას მართავდა, შემდეგ კი, იმ სასტუმროსთან გადაინაცვლეს, სადაც პოზნერი დაბინავდა.
შსს-მ პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ აქვს. გარდა ამისა, როგორც უწყებაში On.ge-ს განუცხადეს, ის ქვეყანაში თანმხლებ პირებთან ერთად მთავრობის დადგენილების შესაბამისად, კოვიდპასპორტისა და PCR ტესტის ჩვენების საფუძველზე შემოვიდა.
შსს-ს განცხადება, რომ პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ აქვს, და შესაბამისად, მას საქართველოში შემოსვლის უფლება მიეცა, წარმოადგენს ფაქტებით მანიპულირებას, რამდენადაც, უწყებას სხვა კანონის საფუძველზე, ჰქონდა შესაძლებლობა, რუსი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოეშვა.
შეგახსენებთ, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მიხედვით,
1. უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას:
ე. თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას;
ვ. თუ, საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა;
თუ გავითვალისწინებთ შემდეგ გარემოებებს - რომ ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია, რომელიც წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის, შემდგომში კი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს; ასევე, მას არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საწინააღმდეგოდ; საქართველოს ადანაშაულებდა აგვისტოს ომის დროს საომარი მოქმედებების დაწყებაში და ღიად განაცხადა, რომ აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი, საქართველოს ხელისუფლებას, ჰქონდა შესაძლებლობა და სამართლებრივი ბერკეტი - არ შემოეშვა აღნიშნული პიროვნება ქვეყანაში.
ნაცვლად აღნიშნული სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებისა და ვლადიმერ პოზნერის უკან გაბრუნებისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონზე მიუთითა და აღნიშნა, რომ პოზნერს აღნიშნული კანონი დარღვეული არ აქვს. შსს-ს განცხადება იმგვარად აღიქმება, რომ თითქოს არ არსებობდა მისი ქვეყანაში არშემოშვების საფუძველი. ეს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უწყების მხრიდან, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობას და ფაქტებით მანიპულირებას წარმოადგენს.