ღუდუშაურის კლინიკაში AstraZenaca-ს ვაქცინას ადამიანის პარალიზება არ გამოუწვევია
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
ანალიზი:
Facebook-მომხმარებლები სოციალურ ქსელში იდენტური შინაარსის ყალბ ამბავს ავრცელებენ. მათ მიერ გამოქვეყნებული პოსტების (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4) თანახმად, „ღუდუშაურის კლინიკაში“ AstraZeneca-ს ვაქცინის მიღების შემდეგ ადამიანი წელს ქვემოთ მოწყდა, ხოლო ამ ინფორმაციას ჟურნალისტები მალავენ.
აღნიშნული ინფორმაცია ყალბი ამბავია, რომელიც COVID-19-ის ვაქცინის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილს წარმოადგენს.
სინამდვილეში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) მიერ გამოქვეყნებული იმ სამედიცინო დაწესებულებების სიაში, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები ტარდება, „ღუდუშაურის კლინიკა“ საერთოდ არაა. თბილისში არსებული სამედიცინო დაწესებულებებიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები 6 მათგანში ტარდება: 1. სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ - მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო; 2. სს „ევექსის ჰოსპიტლები“ - ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი; 3. შპს ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური; 4. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა (ყოფ. რესპუბლიკური საავადმყოფო); 5. სს „ინფექციური პათოლოგიის შიდსის და კლ.იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი“; 6. შპს „კავკასიის მედიცინის ცენტრი".
იხილეთ სრული სია:
აღნიშნული ინფორმაცია „ღუდუშაურის კლინიკამ“ ოფიციალურ Facebook-გვერდზეც უარყო, საზოგადოებას კი მსგავსი საკითხებისადმი ყურადღებისა და სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა:
შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „ღუდუშაურის კლინიკაში“ AstraZeneca-ს ვაქცინის მიღების შემდეგ ადამიანი წელს ქვემოთ მოწყდა, ხოლო ამ ინფორმაციას ჟურნალისტები მალავენ, ყალბია.
----------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.