ისრაელში ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-მომხმარებელი „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები“ დეზინფორმაციის შემცველ პოსტს ავრცელებს. 21 თებერვალს გამოქვეყნებულ 10-წუთიან ვიდეოში, ცნობილი ანტისემიტი ტედ პაიკის რელიგიური, დისკრიმინაციის შემცველი მოსაზრებები ებრაელ ერთან მიმართებით, არის განხილული. ამასთან ერთად, პოსტის აღწერაში განვითარებულია იდეა, რომ ვაქცინაცია მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში მრავალი ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა, ამ სტატისტიკის ფონზე კი ისრაელის შედეგი, სადაც „99%-იანი წარმატებით დაამარცხეს კორონავირუსი“ იმან გამოიწვია, რომ ქვეყანაში მოსახლეობას პლაცებოთი ცრიან.

აღსანიშნავია, რომ როგორც პოსტის აღწერაში მოყვანილი სტატიის, ისე ვიდეოს ავტორი ტედ პაიკი, ცნობილი ანტისემიტია, რომლის მიერ შექმნილი ვიდეოები და სტატიები ძირითადად მის ვებსაიტზე და კონსპირაციული თეორიების გავრცელებით პოპულარულ საიტ Bitchute.com-ზე ვრცელდება. „ფაქტ-მეტრი“ ავტორის რელიგიურ განცხადებებსა და შეხედულებებს არ განიხილავს.

რაც შეეხება კორონავირუსთან დაკავშირებულ მტკიცებებს, ორივე მტკიცება, როგორც ვაქცინით გარდაცვალებულთა რაოდენობასთან, ისე პლაცებოს ეფექტთან დაკავშირებით, არის ყალბი.

დეზინფორმაცია: ვაქცინაციის გამო მსოფლიოში უამრავი ადამიანი გარდაიცვალა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

მტკიცება, თითქოს ვაქცინით მსოფლიოში უამრავი ადამიანი გარდაიცვალა, ყალბია. დღემდე პირდაპირი კავშირი ადამიანის გარდაცვალებასა და Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას შორის არ დადგენილა. Covid-19-ის ვაქცინის ყველაზე მწვავე გვერდითი ეფექტი არის მწვავე ალერგიული რეაქცია, მათ შორის - ანაფილაქსიური შოკი, რომელიც ძალზედ იშვიათია, მილიონ დოზაზე ერთეული შემთხვევა ფიქსირდება. აღნიშნული მწვავე ალერგიული რეაქცია, ბოლო მონაცემების მიხედვით, Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინაციის შემდგომ, ერთ მილიონ ვაქცინირებულში შესაძლოა 2.5-11.1 ადამიანს განუვითარდეს. ვაქცინის შემდგომი ანაფილაქსიური შოკის მართვა და პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანა შესაძლებელია. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის იანვრის ანგარიშებისა (წყარო 1; წყარო 2), და მას შემდგომ დღემდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოში ვაქცინაციის შემდგომი ანაფილაქსიური შოკით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება, ქართველი ექთნის მეგი ბაქრაძის სამწუხარო გარდაცვალების ფაქტს, რომელსაც ვაქცინაციის შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, გარდაცვალების მიზეზების შესახებ კვლევები გრძელდება.

საქართველოს დამტკიცებული აქვს COVID-19 ვაქცინაციის შემდგომი ალერგიული რეაქციების მართვის პროტოკოლი. განსაკუთრებული ყურადღება დაუყოვნებელი და მძიმე ანაფილაქსიური რეაქციების პროფილაქტიკას ეთმობა, მისი განვითარების შემთხვევაში - დროულ ამოცნობასა და შესაბამისი, დაუყოვნებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ვაქცინის მიმართ საზოგადოების სკეპტიკური დამოკიდებულება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ევროპული ქვეყნების ნაწილმა AstraZeneca/Oxford-ის გამოყენება, ვაქცინირებულ ადამიანებში თრომბის შემთხვევების დაფიქსირების გამო [მათ შორის დაფიქსირდა თრომბით გარდაცვალების შემთხვევები] დროებით შეაჩერა. EMA-ს უსაფრთხოების კომიტეტმა, AstraZeneca/Oxford-ით ვაქცინირებულ ადამიანებში თრომბის შემთხვევები შეისწავლა და დაადგინა, რომ ვაქცინა თრომბის წარმოქმნის რისკის ზრდასთან დაკავშირებული არ არის. ევროპის წამლის სააგენტომ ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად შეაფასა, რის შემდეგაც ქვეყნებმა ვაქცინაციის პროცესი განაახლეს. 14 მარტს ფარმაცევტულმა კომპანია „ასტრაზენეკამ“ განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში 17 მილიონზე მეტი ვაქცინირებული ადამიანის მონაცემთა დეტალური ანალიზი აჩვენებს, რომ ვაქცინა თრომბის (ფილტვის ემბოლიის, ღრმა ვენის თრომბოზის ან თრომბოციტოპენიის) განვითარების რისკს არ ზრდის. ამასთან ერთად, ევროპის წამლის სააგენტო ვაქცინირებულ ადამიანებში თრომბის განვითარების შემთხვევების კვლევას განაგრძობს. თუმცა აღნიშნავს, რომ ვაქცინის სარგებელი, შესაძლო გვერდითი ეფექტების რისკს აღემატება. ამასთან, ვაქცინირებულ ადამიანებში თრომბის შემთხვევები უფრო ნაკლებია, ვიდრე ზოგადად მოსახლეობაში განვითარებული შემთხვევები.

დეზინფორმაცია: ისრაელში მოსახლეობას პლაცებოთი ცრიან

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

რაც შეეხება, მტკიცებას, რომ ისრაელში მოსახლეობას პლაცებოთი ცრიან, აღნიშნული მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება. პლაცებო წარმოადგენს ნივთიერებას სამკურნალო თვისებების გარეშე, რომელიც ვაქცინაციის კლინიკური კვლევის ეტაპზე გამოიყენება. ისრაელში მოსახლეობის ვაქცინაცია 20 დეკემბერს, 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში და სამედიცინო პერსონალში, დაიწყო. 13 იანვრიდან ისრაელმა 50 წლის ან უფროსი ასაკის მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო. 28 იანვრიდან - 35 წელს ზემოთ ასაკობრივი კატეგორიის, ხოლო 4 თებერვლიდან 16 წლის ზემოთ მოსახლეობის ვაქცინაცია. მას შემდეგ, რაც ისრაელმა ვაქცინის ბენეფიციართა ჯგუფი გაზარდა და ყველა თავსებადი ასაკობრივი კატეგორია მოიცვა, ეპიდაფეთქების შემდეგაც კი, რომელიც ქვეყანაში, 23 დეკემბერს, Covid-19-ის ახალი ბრიტანული შტამი Lineage B.1.1.7-ის გამოჩენას მოჰყვა, სიტუაცია დასტაბილურდა. შესაბამისად, როგორც დაინფიცირებულთა, ისე გარდაცვლილთა რაოდენობა, ვაქცინაციის ფონზე საგრძნობლად შემცირდა.

ვაქცინირებულთა შორის COVID-19-ის სიმპტომური შემთხვევები ისრაელში, თებერვლის მონაცემებით - 94 პროცენტით შემცირდა. ისრაელის ცნობით, COVID-19-ის (Pfizer-ის) ვაქცინით აცრის შემდგომ გვერდითი მოვლენები მხოლოდ 0.3%-ზე ნაკლებს აღენიშნებოდა.

ისრაელს Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინა აქვს მობილიზებული. ქვეყანაში მოსახლეობის აცრა ძირითადად Pfizer-ის ვაქცინით მიმდინარეობს.

----------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები: