თენგიზ ცერცვაძეს არ განუცხადებია, რომ ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს
ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება
2021 წლის 27 მარტს, სოციალურ ქსელებში სხვადასხვა მედიასაშუალების ვებგვერდსა და Facebook-გვერდზე ინფორმაცია გავრცელდა, რომ თენგიზ ცერცვაძის ინიციატივით, ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს. აღნიშნული თენგიზ ცერცვაძის რეალური ციტატის დამახინჯებაა.
2021 წლის 25 მარტს, „რუსთავი 2“-ის სიუჟეტში თენგიზ ცერცვაძის ინტერვიუ გავიდა, რომელშიც ის საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობდა. ცერცვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა: „საბჭოეთიდან მოვდივართ და ძალიან მტკივნეულად აღიქვამს ჩვენი საზოგადოება ყველანაირ იძულებას. ძალიან რთული საკითხია იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები მოითხოვს, რომ თუ გაგრძელდა პასიურობა, რომელიც დღეს შეიმჩნევა ვაქცინაციის პროცესში, სახელმწიფომ რაღაც უნდა გააკეთოს, ეს რაღაც, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს დარწმუნების კამპანია, მაგრამ თუ ამან შედეგი ვერ გამოიღო, შეიძლება, რა თქმა უნდა, დადგეს ესეთი საკითხი, რომ იძულების რაღაც ფორმები გატარდეს“. სიუჟეტში არ არის დაკონკრეტებული, თუ იძულების რა ფორმებზე საუბრობს ცერცვაძე. თენგიზ ცერცვაძეს არც ის უთქვამს, რომ ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს, როგორც ეს რიგმა მედიასაშუალებებმა გააშუქეს.
მარტის განმავლობაში, სხვადასხვა მედიასაშუალების სტატიებში ცერცვაძის მოწოდება, რომ ვაქცინაცია არა სავალდებულო, არამედ ნებაყოფლობითი უნდა იყოს და ერთადერთი რაც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს, ეს არის დარწმუნების კამპანია, აქტიურად გვხდება. ასევე, მან განაცხადა, რომ ვაქცინაცია პასიურობის გამო, შესაძლოა საყოველთაო გამხდარიყო, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა ზრდასრულ ადამიანს მისცემოდა აცრის შესაძლებლობა, თუმცა არც ამ შემთხვევაში უთქვამს, რომ ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს.
27 მარტს, თენგიზ ცერცვაძე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ სტუმრად იყო მიწვეული. მან გადაცემაში ვაქცინებთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მაყურებლის შეკითხვებს უპასუხა. საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესზე ცერცვაძემ განაცხადა: „დღეს საქართველო დგას გზაგასაყარზე და გვაქვს ორი პერსპექტივა. პირველი - ვაქტიურობთ ვაქცინაციის მხრივ და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ სტაბილური და კარგი ეპიდსიტუაცია შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. სამწუხაროდ, თავიდან ძალიან დაბალი აქტივობა იყო. ამჟამად სულ აცრილი გვყავს 4300 ადამიანი, ეს ძალიან ცოტაა. იმისათვის, რომ სამიზნე მონაცემებზე გავიდეთ და წლის ბოლომდე დაახლოებით 1,7 მილიონი ადამიანი ავცრათ, დღეში უნდა აიცრას 3000 ადამიანი. 15 მარტს დავიწყეთ ვაქცინაცია და მხოლოდ 4300 ადამიანია აცრილი, რაც საგანგაშო მაჩვენებელია. საბედნიეროდ, დღეის მონაცემებით, ამ 4 300 ადამიანის გარდა, დარეგისტრირებულია კიდევ 11 000-ზე მეტი ადამიანი“. ცერცვაძეს სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ განცხადება არც ამ ტელეეთერში გაუჟღერებია.
ასევე 27 მარტს „ინტერპრესნიუსზე“ გამოქვეყნდა თენგიზ ცერცვაძის ინტერვიუები, სადაც ცერცვაძე კვლავ ვაქცინაციის საყოველთაოობასა და ნებაყოფლობითობაზე საუბრობს და გულისწყვეტას გამოთქვამს, რომ სამედიცინო პერსონალის უმეტესობა ჯერჯერობით ვაქცინის გაკეთებას არ ჩქარობს. ცერცვაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „ვაქცინაცია უნდა იყოს საყოველთაო, მაგრამ ამას უნდა მივაღწიოთ დარწმუნებით და არა იძულებით“.
27 მარტს გავრცელებულ სტატიებში გამოქვეყნებულია თენგიზ ცერცვაძის მეორე განცხადება, რომელიც ვაქცინაციის დაწყებამდე ცერცვაძის პოზიციას გამოხატავს 2020 წლის 18 სექტემბრით თარიღდება. „რუსთავი 2“-ის ეთერში ცერცვაძემ გრიპისა და კოვიდის ვაქცინაციაზე ისაუბრა, ამავდროულად, გამოთქვა მოსაზრება, რომ რადგანაც გრიპის ვირუსისა და კორონავირუსის ერთმანეთთან თანხვედრის საშიშროება არსებობს, „რეკომენდაციაა, დღევანდელ პირობებში, გრიპის ვაქცინაცია და თუ იქნა, კოვიდის ვაქცინაციაც, სავალდებულო უნდა იყოს ყველა რისკის ჯგუფის წევრისთვის, ლაპარაკია 60 ან 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისათვის, და იმ პირთათვის, ვისაც აქვთ თანმხლები მძიმე ქრონიკული დაავადებები“.
ცნობისთვის, საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის (1 691 214 მოქალაქე) ვაქცინაცია იგეგმება. ვაქცინაცია ეროვნული გეგმის მიხედვით ნებაყოფლობითია და არა სავალდებულო. საქართველოში 15 მარტს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა ვაქცინაცია ბრიტანულ-შვედური AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო, რომლის 43200 დოზა ქვეყანამ 13 მარტს მიიღო, 25 მარტს კი ქვეყანაში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 29250 დოზა შემოვიდა, ამასთანავე აცრაზე რეგისტრაციის საშუალება 65 წელზე უფროსს მოქალაქეებსაც მიეცათ. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს.
სწორედ ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვაქცინაციის ე.წ. წამახალისებელი ღონისძიებების დაგეგმვაზე მუშაობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ცენტრი კონკრეტულ წინადადებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მომდევნო სხდომაზე წარადგენს. ამირან გამყრელიძემ 28 მარტს განაცხადა: „აცრას ვერავის დავაძალებთ, მაგრამ, ე.წ. არაპირდაპირი მანდატორიზმის მექანიზმი უკვე ბევრ ქვეყანაში შედის“. აქვე მან განმარტა თუ რა იგულისხმება არაპირდაპირ მანდატორიზმში - „მაგალითად, ზოგიერთი ავიაკომპანია არ ყიდის ბილეთებს, თუ ადამიანი აცრილი არ არის. ასევე ბევრმა ქვეყანამ შეიძლება დაბლოკოს ადამიანთა შესვლა, თუ არ ექნება ორჯერადად აცრის სერტიფიკატი. ბევრ წამახალისებელ ღონისძიებაზე ვფიქრობთ, მაგალითად, უსაფრთხო საავადმყოფო, სადაც ყველა ადამიანი აცრილია. ეს ნიშნავს პაციენტი რომ მიდის, იქ ნაკლები შანსია ინფექციის შიდა გადადების. ვთქვათ, უსაფრთხო სამასპინძლო დაწესებულებები, რესტორნები. იქ მომსახურე პერსონალი თუ აცრილია, იმ რესტორანს შეიძლება, წამახალისებლად მიეცეს სერტიფიკატი, რომ იქ ყველა აცრილია. უსაფრთხო მოლები, პროდუქტების უსაფრთხო მაღაზიები, უსაფრთხო საკურორტო ცენტრები, ადგილები, სადაც სასტუმროს მომსახურე პერსონალი იქნება და ა.შ. იმაზეც ვფიქრობთ, რომ ბიზნესს დაველაპარაკოთ“. ამ დროისთვის COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის თანახმად საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.
ამრიგად, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თენგიზ ცერცვაძის ინიციატივით, ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს, სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში მან ინტერვიუში შესაძლო იძულების ღონისძიებები ახსენა, რომლებიც, მისი აზრით, იმ შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს, თუ კი საინფორმაციო კამპანია მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებას ხელს ვერ შეუწყობს.
------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.