იტვირთება

გიორგი ხელაშვილი: [საქართველოს] ეკონომიკაში კრიზისი არ არის

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ხელაშვილის განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება

ანალიზი

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ხელაშვილმა ტელეკომპანია „იმედი“-ს გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა: „[საქართველოს] ეკონომიკაში კრიზისი არ არის... ეკონომიკურად საქართველო არ ჩამოუვარდება ევროპის წამყვან ქვეყნებს, თუ რამდენად მოხდა ეკონომიკის ძირითადი მაჩვენებლების შენარჩუნება. განსაკუთრებით, თუ ვნახავთ, რომ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებმა რეიტინგი შეუნარჩუნეს საქართველოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ინვესტიციების მოზიდვა მომავალში პრობლემა არ იქნება“.

სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ეკონომიკური კრიზისია. საქართველოში ეკონომიკა 2020 წელს 6.2%-ით შემცირდა, რაც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. 1995 წლიდან დღემდე ეს არის ეკონომიკის ყველაზე დიდი კლება, რაც საქართველოში დაფიქსირებულა. უარყოფითი ეკონომიკური ზრდა, 2020 წლამდე [1], მხოლოდ 2009 წელს - რუსეთთან ომისა და ფინანსური კრიზისის ფონზე გვქონდა და მაშინ ეკონომიკა 3.8%-ით შემცირდა. დანარჩენ წლებში ეკონომიკა განსხვავებული ტემპით, თუმცა მუდმივად იზრდებოდა. ეკონომიკის შემცირების ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდება და იანვარში კლებამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.5% შეადგინა. პარალელურად, არსებული ინფლაციური მოლოდინებიდან გამომდინარე, ეროვნულ ბანკს ეკონომიკის შემზღუდავი მონეტარული პოლიტიკის გატარება უწევს, რაც ეკონომიკის წამახალისებელი, ბუნებრივია, ვერ გახდება.

სახელმწიფო ვალი, პანდემიაზე რეაგირების ფარგლებში მოზიდული საკრედიტო რესურსის პირობებში, მხოლოდ 2020 წელს 10 მლრდ ლარით გაიზარდა და ვალის ფარდობამ მშპ-სთან 60%-იან ნიშნულს გადააჭარბა. ეს ნიშნული, (რისი ერთ-ერთი მიზეზი დოლარის გლობალური გამყარებაც გახლდათ), არც პანდემიამდე იყო დაბალი (42% - 2019 წელს), თუმცა საგანგაშო ზღვარს არ წარმოადგენდა. პოსტპანდემიურ პერიოდში კი, დაგროვილი ვალდებულებების მომსახურების უნარის შესანარჩუნებლად, სტაბილური ეკონომიკური განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება. მით უმეტეს მაშინ, როცა ვალუტის კურსის შესაძლო მერყეობის პირობებში, როგორც ფარდობითი მაჩვენებლის, ასევე ვალის მომსახურების ტვირთის (საბიუჯეტო წნეხი) არსებითი ზრდის რისკი რეალურია და ახალი ვალდებულებების აღების რესურსიც შეზღუდული რჩება.

უმუშევრობის დონე „ქაღალდზეც“ კი გაზრდილია და დასაქმებულთა ოდენობის ჯერ კიდევ პანდემიამდე გამოვლენილი შემცირების ტენდენცია გრძელდება. შემცირებულია სავაჭრო ბრუნვა (-12%) და მათ შორის ექსპორტი (-6.8%).

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (პუი) 2005 წლის შემდგომ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდა. 2020 წელს პუიმ მხოლოდ 617 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც თავის მხრივ 2018-2019 წლების მონაცემებზე 2-ჯერ ნაკლებია. მაშინ, როცა თავად 2018-2019 წლების მონაცემებიც, წინა პერიოდების მაჩვენებლებს არსებითად ჩამოუვარდებოდა. აღსანიშნავია სტრუქტურაც, 2020 წლის ჯამური მოცულობიდან - 65% ეკონომიკის მხოლოდ ერთ სექტორზე - ფინანსურ სექტორზე მოდის.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ 617 მილიონიდან 561 მლნ დოლარი რეინვესტირებას წარმოადგენს. ანუ საქართველოში წარსულში ინვესტირებული უცხოური კაპიტალიდან მიღებული მოგების რეინვესტირება განხორციელდა, რაც თავისთავად მისასალმებელი ტენდენციაა, თუმცა მთლიან პუი-ში თვისობრივად ახალი ნაკადი მხოლოდ 56 მლნ დოლარია (მათ შორის 47 მლნ სესხი/სავაჭრო კრედიტია და მხოლოდ დარჩენილი 9 მლნ დოლარია სააქციო კაპიტალის ზრდა). შესაბამისად, პუის შემცირების ტენდენცია პანდემიამდეც გამოკვეთილი იყო და 2020 წელს ახალი საინვესტიციო ნაკადი პრაქტიკულად არ შემოსულა. აღნიშნულ ფონზე, პოლიტიკოსი რის საფუძველზე აცხადებს, რომ „ინვესტიციების მოზიდვა პრობლემა არ იქნება,“ გაურკვეველი რჩება.

ხელაშვილის განცხადება, რომ „საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებმა საქართველოს [არსებული] რეიტინგი შეუნარჩუნეს“ - პირდაპირი მნიშვნელობით სწორია, თუმცა პოლიტიკოსი ყურადღების მიღმა ტოვებს ფაქტს, რომ ნიშნული რაზეც საქართველო დარჩა, არასაინვესტიციო დონეს მიეკუთვნება. მხოლოდ არსებულ დონეზე ყოფნამ არც 2018-2019 წლებში შეუწყო ხელი ინვესტიციების ზრდას და პოსტპანდემიურ პერიოდშიც სწორედაც რომ „პრობლემა იქნება“, თუკი ბევრი ხელშემწყობი ნაბიჯი არ გადაიდგა. რეალობის არასწორი აღქმის პირობებში კი ხელშემწყობი ნაბიჯების გადადგმა შეუძლებელია.

რაც შეეხება ევროპის წამყვან ქვეყნებთან შედარებას და ის რომ საქართველო მათ ეკონომიკურად (ეკონომიკური პარამეტრების შენარჩუნებით) არ ჩამოუვარდება, მანიპულაციური მიდგომაა. მაღალგანვითარებულ ქვეყნებს, უკვე მიღწეული განვითარების პირობებში აქვთ იმის „ფუფუნება“, რომ ეკონომიკის შეზღუდვის ხარჯზე მოკლევადიან პერიოდში მეტი ყურადღება სოციალურ თუ ჰუმანიტარულ ფაქტორებს დაუთმონ. მსგავსი შესაძლებლობა განვითარებად ან ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს არ აქვთ და შესაბამისად, რეალურ სურათზე წარმოდგენის შექმნა ხსენებულ ქვეყნებთან შედარების საფუძველზე, მართებული არ არის. ასეთი შედარება მართებულიც რომ იყოს, 2020 წელს ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით OECD[2]-ის წევრი ევროპული ქვეყნებიდან 18-ს საქართველოზე უკეთესი შედეგი უფიქსირდება.

იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ან რამ გამოიწვია დამდგარი შედეგი (ეკონომიკური კრიზისი) და რამდენად შესაძლებელი ან შეუძლებელი იყო მისი თავიდან აცილება, პოლიტიკოსის მხრიდან რეალობის და ფაქტების უგულებელყოფა და განსხვავებულად წარმოჩენა, მიუღებელია. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ხელაშვილის მიერ განცხადებაში მოყვანილი მტკიცებების ნაწილი „ბუკვალურად“ სწორია, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ეს განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება, ვინაიდან კონტექსტს არასწორად წარმოაჩენს და მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავს.

[1] 1994 წელს დაფიქსირებული 10.4%-იანი კლების შემდგომ.

[2] ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3180 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
24%
ყალბი ამბავი
16%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი