ნათია თურნავა: საქართველოს საკრედიტო რეიტინგი უცვლელი დარჩა იმ ფონზე, როდესაც ჩვენს რეგიონში ბევრ ქვეყანას რეიტინგი დაუქვეითდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნათია თურნავას განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
რეზიუმე:
საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოს მაჩვენებელი BB ნეგატიურზე შენარჩუნდა. საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა 2020 წლის აპრილში, სტაბილურიდან ნეგატიურამდე, პანდემიის კონტექსტის გათვალისწინებით, გაუარესდა. ამ ნაწილში, პოლიტიკოსის განცხადება სიმართლეს შეესაბამება, თუმცა Fitch-ის მიერ შეფასებულ ქვეყნებს შორის, მხოლოდ ბელარუსის, სომხეთის და სლოვაკეთის მაჩვენებლები გაუარესდა. ბელარუსის და სომხეთის შემთხვევაში კი ცვლილებები ყარაბაღის კონფლიქტით და შიდა პოლიტიკური დესტაბილიზაციით არის განპირობებული. შესაბამისად, მცდარია მტკიცება, რომ ბევრ ქვეყანას საკრედიტო რეიტინგი დაუქვეითდა და ამ თვალსაზრისით, საქართველო არსებულ ტენდენციაზე უკეთეს შედეგებს აჩვენებს.
ანალიზი: საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ Fitch-ის საკრედიტო რეიტინგთან დაკავშირებით განაცხადა: „Fitch-ის შეფასებით საქართველოს საკრედიტო რეიტინგი უცვლელი დარჩა იმ ფონზე, როდესაც პოსტ-საბჭოთა სივრცეში, აღმოსავლეთ ევროპაში და ჩვენს რეგიონში ბევრ ქვეყანას რეიტინგი დაუქვეითდა“.
ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი ცალკეულ ქვეყანაში ინვესტირების რისკფაქტორებისა და ამ ქვეყნის სანდოობის შესახებ ინვესტორს ინფორმაციას აწვდის. ზოგადად, Fitch-ის შეფასება შემდეგნაირია: უმაღლესი შეფასება არის AAA, შემდგომ AA+, AA, AA-, საშუალოზე მაღალი A+, A, A-, საშუალოზე დაბალი BBB+,BBB, BBB-, არასაინვესტიციო სპეკულაციური BB+, BB, BB-, სპეკულაციური B+, B, B-, მნიშვნელოვნად რისკიანი CCC, დეფოლტი გაუმჯობესების პერსპექტივით CC, დეფოლტი D.
ცხრილი1: Fitch-ის შეფასების სისტემა.
წყარო: factcheck.ge
რეიტინგში, საქართველო BB დონეზე იმყოფება, ნეგატიური პერსპექტივით, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკაში არსებობს გარკვეული სპეკულაციური რისკები. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ BB რეიტინგი არა-საინვესტიციო დონეში ექცევა. სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის უკანასკნელი მონაცემებით საქართველოს მაჩვენებელი BB ნეგატიურზე შენარჩუნდა. ამ ნაწილში, პოლიტიკოსის განცხადება სიმართლეს შეესაბამება, თუმცა საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა 2020 წლის აპრილში სტაბილურიდან ნეგატიურამდე, პანდემიის კონტექსტის გათვალისწინებით, გაუარესდა.
განცხადების მეორე ნაწილში დასახელებული რეგიონის ქვეყნებიდან რეიტინგი, წინა შეფასებასთან შედარებით, მხოლოდ ბელარუსს, სომხეთს და სლოვაკეთს გაუუარესდათ. თუმცა ამ სამი ქვეყნიდან, სომხეთის შემთხვევაში რეიტინგის გაუარესება რეგიონში საომარმა მდგომარეობამ გამოიწვია, ხოლო ბელარუსში კი შიდა პოლიტიკურმა არეულობამ და დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა. სხვა ქვეყნების რეიტინგები უცვლელი დარჩა.
ცხრილი2: Fitch-ის აღმოსავლეთ ევროპის და პოსტ-საბჭოთა ქვეყნების შეფასება
წყარო: სარეიტინგო სააგენტო FITCH