ლევან მახაშვილი: პარლამენტი მუშაობას ოფიციალურად 2 სექტემბრიდან იწყებს და კანონების გაუქმება ვერ მოხდება
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან მახაშვილის განცხადება არის მცდარი.
ანალიზი:
2025 წლის 16 ივლისს, „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრმა, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის - კაია კალასის კომენტარს გასცა პასუხი. კაია კალასის თქმით, საქართველოს აგვისტოს ბოლომდე აქვს „დედლაინი“, შეასრულოს ის რეკომენდაციები, რომელიც ევროკავშირის სახელმწიფოთა მიერ გამოქვეყნებულ წერილშია თავმოყრილი.
„ევროკავშირი როდესაც საქართველოსგან რომელიმე კანონის გაუქმებას ითხოვს, ამ დროს ზეპირად – წერილში თარიღი არ არის დასახელებული – 31 აგვისტოს ამბობენ. შევახსენებ, რომ პარლამენტი ოფიციალურ მუშაობას 2 სექტემბრიდან იწყებს. ამიტომ ფიზიკურად ამ კანონების გაუქმება ვერ მოხდება, ამის ნება რომც იყოს“ , - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
„ფაქტ-მეტრმა“ ლევან მახაშვილის განცხადება გადაამოწმა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 82-ე მუხლი პარლამენტის მორიგი და რიგგარეშე სესიების მოწვევის წესს არეგულირებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი იკრიბება მორიგ ან რიგგარეშე სესიაზე. საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია 2025 წლის ივნისის ბოლოს მართლაც დასრულდა. ახალი, საშემოდგომო სესიის გახსნა კი, 2025 წლის 2 სექტემბრიდანაა დაგეგმილი. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს 2025 წლის 2 სექტემბრამდე მორიგ სესიაზე კანონმდებლობის მიღება არ შეუძლია. მიუხედავად ამისა, კანონი რიგგარეშე სესიის მოწვევის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 82-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე იკრიბება მხოლოდ მორიგ სესიებს შორის პერიოდში, ხოლო რიგგარეშე სხდომაზე/სხდომებზე − მორიგი სესიის მიმდინარეობისას. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, პარლამენტის რიგგარეშე სესია და სხდომა მოიწვევა საქართველოს კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. როგორც ვხედავთ მორიგი სესიის გარდა, შესაძლებელია, რომ მოწვეულ იქნას რიგგარეშე სესია მანამ, სანამ მორიგი საშემოდგომო სესია დაიწყება.
რიგგარეშე სესიის მოსაწვევად „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრებმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 82-ე მუხლის მე-8 პუნქტში გაწერილი წესების შესაბამისად უნდა იმოქმედონ: კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ ან პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეოთხედმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე წერილობითი მოთხოვნა საქართველოს პრეზიდენტს უნდა გადასცეს. პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე წერილობით მოთხოვნას თან უნდა დაერთოს რიგგარეშე სესიაზე განსახილველ სავარაუდო საკითხთა ნუსხა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, პრეზიდენტს აქვს 48-საათიანი ვადა, რა დროშიც მან უნდა გამოსცეს რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე რიგგარეშე სესიის მოწვევის აქტი. იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, პარლამენტი მომდევნო 48 საათის განმავლობაში შეიკრიბება.
პარლამენტის რიგგარეშე სესია, ამავე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, უნდა დამთავრდეს მორიგი სესიის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 დღისა, თუმცა პარლამენტი უფლებამოსილია, რომ მორიგი სესიის დღის წესრიგში ის საკითხი ან საკითხებიც შეიტანოს, რომელთა განხილვაც ვერ მოესწრო რიგგარეშე სესიისთვის განსაზღვრულ ვადაში.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს გადაწყვეტილების მიღება მორიგი სესიის დაწყებამდე, რიგგარეშე სესიაზეც შეუძლია. შესაბამისად, თუ პარლამენტში ნება არსებობს, შესაბამისი პროცედურით - თავმჯდომარის ან წევრთა მეოთხედის თანხმობით, პარლამენტის რიგგარეშე სესიის დანიშვნა და გადაწყვეტილებების მიღებაა შესაძლებელი. ლევან მახაშვილის განცხადება, რომ ნების არსებობის შემთხვევაშიც კი, მორიგი სესიის დაწყებამდე, „ნება რომც არსებობდეს“, პარლამენტში „ფიზიკურად ამ კანონების გაუქმება ვერ მოხდება“, “ფაქტ-მეტრმა” შეაფასა ვერდიქტით მცდარი.