გურამ ფალავანდიშვილი კორონავირუსისა და ვაქცინაციის შესახებ სოციალურ ქსელში დეზინფორმაციას ავრცელებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი:

საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის - „ქართული იდეის“ - ლიდერი, გურამ ფალავანდიშვილი, სოციალურ ქსელში კორონავირუსის ვაქცინის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს. გამოქვეყნებული Facebook-პოსტი COVID-19-ისა და ვაქცინაციის შესახებ ყველაზე ხშირად გავრცელებულ ყალბ მტკიცებებს შეიცავს, რაზე დაყრდნობითაც, ფალავანდიშვილი ვაქცინის არასანდოდ წარმოჩენას ცდილობს.

მტკიცება: არცერთი ვაქცინა არაა სანდო, რადგან კორონავირუსის ვაქცინების მოქმედების ვადა სულ რამდენიმე თვეა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული მტკიცება არის ფაქტებით მანიპულირება.

გურამ ფალავანდიშვილი COVID-19-ის ვაქცინებს არასანდოს უწოდებს, რადგან ამტკიცებს, რომ მათი მოქმედების ვადა სულ რამდენიმე თვეა. სინამდვილეში, ჯერ არ არის ცნობილი, თუ რამდენ ხანს შენარჩუნდება ვაქცინაციის შედეგად მიღებული იმუნიტეტი. იმუნიტეტის ხანგრძლივობის დასადგენად, ვაქცინაციის პროცესის მუდმივი მონიტორინგია საჭირო. ჯერ მხოლოდ მეოთხე თვეა, რაც მსოფლიოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე კი, შეიძლება ითქვას, რომ COVID-19-ის ვაქცინით აცრილ ადამიანებს, მინიმუმ 4 თვიანი იმუნიტეტი გააჩნიათ, დანარჩენი კი დროის საკითხია.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის შეჩერების ერთადერთი რეალური გზა მასობრივი ვაქცინაციაა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს შენარჩუნდება იმუნიტეტი, ის ინფექციის გადადების ჯაჭვის გასაწყვეტად აუცილებელია. ზოგადად, პანდემიასთან გასამკლავებლად „ჯოგურ იმუნიტეტად“ ცნობილი „პოპულაციური იმუნიტეტია“ საჭირო. მსგავსი იმუნიტეტი მასობრივი იმუნიზაციით ან ინფექციის გადატანით გამომუშავდება. თუმცა „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“ (ჯანმო) ვაქცინაციით გამომუშავებულ პოპულაციურ იმუნიტეტს უჭერს მხარს, რადგან ამ დროს მასობრივი სიკვდილიანობა თავიდან იქნება აცილებული.

მტკიცება: კორონავირუსის ვაქცინები მოკლე დროში შეიქმნა, ამიტომ სანდო არაა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული მტკიცება არის ყალბი ამბავი.

გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, „არცერთი ვაქცინა არა სანდო...რადგან ნაუცბათევია“. მართალია, COVID-19-ის ვაქცინები (ამ დროისთვის COVID-19-ის ვაქცინებზე საუბრისას, ვგულისხმობთ ვაქცინებს, რომელთაც აქვთ საერთაშორისო მარეგულირებლების ავტორიზაცია - BioNTech/Pfizer, Moderna და Oxford/AstraZeneca) შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა.

ზოგადად, ვაქცინამ დამტკიცებამდე პრე-კლინიკური კვლევები და კვლევის სამი ფაზა უნდა გაიაროს. პრე-კლინიკურ ეტაპზე ვაქცინა ცხოველებზე იტესტება და მეცნიერები აკვირდებიან, ცხოველი იმუნურ რეაქციას გამოიმუშავებს, თუ - არა. კლინიკური ტესტირების I ფაზაში ვაქცინას ადამიანთა მცირე ჯგუფს აძლევენ, რათა მისი უსაფრთხოება დაადგინონ და მის მიერ გამოწვეული იმუნური რეაქცია უკეთ შეისწავლონ. II ფაზაში ვაქცინა ასეულობით ადამიანს უკეთდება და მეცნიერები ვაქცინის შესახებ დამატებით ინფორმაციას იღებენ. III ფაზაში ვაქცინაცია ათასობით ადამიანს უტარდება და ვაქცინის ეფექტიანობა, უსაფრთხობა და გვერდითი ეფექტები მოწმდება. იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინა დაავადების პრევენციას ვერ ახდენს, ან ძლიერი გვერდითი ეფექტები აქვს, რაც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, ცდები ჩერდება. ქვეყნებში ან ქვეყნების ჯგუფში ვაქცინას, კვლევების საფუძველზე (რომლითაც ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დგინდება), შესაბამისი სააგენტო ამტკიცებს. ვაქცინის მონიტორინგი და გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის შეგროვება დამტკიცების შემდეგაც გრძელდება. ვაქცინისთვის ავტორიზაციის მინიჭება ნიშნავს, რომ მან კვლევის ყველა ფაზა წარმატებით გაიარა და მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა კვლევებით დამტკიცებულია.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 10 მარტის მონაცემებით, ევროპის ეკონომიკურ ზონაში, AstraZeneca-ს ვაქცინით აცრილ 5 მილიონამდე ადამიანს შორის, თრომბოემბოლიის 30 შემთხვევა დაფიქსირდა, რის შემდეგაც ევროპის რიგმა ქვეყნებმა AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს. თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), ევროპის წამლის სააგენტო (EMA) და ბრიტანეთის მარეგულირებელი სააგენტო (MHRA) ადასტურებს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბოემბოლიურ შემთხვევებს შორის კავშირი არ დგინდება.

ევროპის მთავარი მარეგულირებლის, EMA-ს, 16 მარტის განცხადებით, ამ დროისთვის, იმის მინიშნება, რომ ვაქცინაციამ თრომბების წარმოქმნა გამოიწვია, არ არსებობს. ამასთან, ევროპის მარეგულირებელი მტკიცედ დარწმუნებულია, რომ ვაქცინის სარგებელი, გვერდითი ეფექტების რისკს აღემატება. ვაქცინირებულ ადამიანებში თრომბის შემთხვევები უფრო ნაკლებია, ვიდრე ზოგადად მოსახლეობაში განვითარებული შემთხვევები. „ევროპის წამლების სააგენტომ”, ჩატარებულ კვლევებზე დაფუძნებით, 18 მარტს განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“. ვრცლად AstraZeneca-ს ვაქცინის შესახებ იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიებში (ბმული1, ბმული 2, ბმული 3).

მტკიცება: COVID-19-ის პანდემია გაზვიადებულია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული მტკიცება არის ყალბი ამბავი.

გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ „საფრთხე გაბერილია“. COVID-19-ის საფრთხის უარყოფა პანდემიის დასაწყისიდანვე აქტიურად მიმდინარეობდა. ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს პანდემიის გამოცხადების საჭიროება არ არსებობდა, COVID-19 გრიპის ვირუსის მსგავსი ვირუსია, ხოლო ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვები ხელოვნურად გაზრდილია.

სინამდვილეში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია პანდემიას შემდეგნაირად განმარტავს: „ის წარმოადგენს გლობალური მასშტაბით გავრცელებად ეპიდემიას, რომელიც კვეთს საერთაშორისო საზღვრებს და გავლენას ახდენს მოსახლეობის დიდ რაოდენობაზე“. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტებაში, რაიმე კონკრეტული რიცხვითი ზღვარი, რომლის გადაკვეთის შემთხვევაშიც პანდემიის გამოცხადება ლეგიტიმურია - არ ფიგურირებს. ჯანმოს მიერ შემუშავებული პანდემიის 6-ფაზიანი საგანგაშო ეტაპების (WHO phase of pandemic alert for Pandemic) მიხედვით, პანდემიის გამოცხადება მიზანშეწონილია, თუ ახალი ვირუსი მეექვსე ფაზას უახლოვდება. მეექვსე ფაზა დგება, როცა ვირუსი სწრაფი გავრცელებით ხასიათდება და წინა ფაზების დროს დაფიქსირებულ ქვეყნებთან ერთად დამატებით მინიმუმ ერთ ჯანმოს მიერ შესწავლად ქვეყანას ( სხვა რეგიონში) მოიცავს.

2020 წლის 11 მარტს ჯანმომ COVID-19 პანდემია მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მსოფლიო მასშტაბით 114 ქვეყანაში, 118 000-ზე მეტი დაინფიცირების და 4291 გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. ვირუსის ფაქტები, 11 მარტის მონაცემებით, დედამიწის ყველა კონტინენტზე (ანტარქტიდის გარდა) იყო დაფიქსირებული. მათ შორის 4 ლოკაციაზე: ჩინეთში, იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში - მთელი შემთხვევების რაოდენობის 90% დაფიქსირდა.

რაც შეეხება COVID-19-ის სხვა, აქამდე არსებულ და ხშირად გაცილებით სუსტ ვირუსებთან, შედარება, ცალსახად არასწორია. COVID-19 ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციაა. ამ ეტაპზე ის გაცილებით საშიშია, ვიდრე გრიპის ვირუსები. იქიდან გამომდინარე, რომ COVID-19-ის პანდემია აქტიურ ფაზაშია, რთულია მისი სიკვდილიანობის ზუსტი კოეფიციენტის განსაზღვრა და ეს მხოლოდ პანდემიის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი, თუმცა კანადის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნებული მონაცემებით, COVID-19-ის სიკვდილიანობა, დაახლოებით, 3.5-ჯერ მაღალია, ვიდრე გრიპის შტამების უმეტესობისა. ინგლისსა და უელსში ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ COVID-19 3-ჯერ უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე გრიპის ვირუსი ან პნევმონია. საფრანგეთში, დიჟონის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში გრიპის ვირუსისა და COVID-19-ის ლეტალობის მაჩვენებლების შედარებითი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს უკანასკნელი 3-ჯერ უფრო მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლით ხასიათდება. ამასთან ერთად, კორონავირუსი გრიპის ვირუსთან შედარებით გაცილებით სწრაფად ვრცელდება. 2021 წლის 22 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 123 902 672 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგანაც 2 728 634 გარდაიცვალა.

COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობაზე ყალბი ამბები აშშ-ში ჯერ კიდევ 2020 წლის გაზაფხულზე გავრცელდა და მას ავტორიტეტული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია Factcheck.org-იც გამოეხმაურა. Factcheck.org-ის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ Medicare-ის ფარგლებში საავადმყოფოები კორონავირუსით ინფიცირებულები პაციენტების მომსახურებისთვის შედარებით მაღალ ანაზღაურებას იღებენ, COVID-19-ით ინფიცირებულთა ან გარდაცვლილთა სტატისტიკის გაყალბებაში არც ერთი სამედიცინო დაწესებულება შემჩნეული არ ყოფილა. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სექტემბრის დასაწყისში განაცხადეს, რომ COVID-19-ით გარდაცვალების სტატისტიკის მონაცემები არა ხელოვნურად გაბერილი, არამედ, დიდი ალბათობით, იმაზე უფრო დაბალია, ვიდრე პანდემიით გამოწვეული ადამიანური დანაკარგის რეალური მასშტაბი.

მტკიცება: „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“ არაა სანდო, რადგან მან ლგბტ ნორმად გამოაცხადა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული მტკიცება არის მანიპულაცია.

გურამ ფალავანდიშვილის მტკიცება, რომ ვაქცინები სანდო არაა, რადგან მას ისეთი ორგანიზაცია უჭერს მხარს, როგორიცაა ჯანმო, მანიპულაციაა. 1993 წელს ჯანმომ ჰომოსექსუალობა დაავადების საერთაშორისო კლასიფიკაციის სიიდან ნამდვილად ამოიღო. მანამდე, 1987 წელს, ჰომოსექსუალობა მენტალურ დარღვევათა სიიდან ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ (APA) ამოიღო. ავტორიტეტული სამეცნიერო წყაროები ნამდვილად თანხმდებიან, რომ ჰომოსექსუალობა დაავადება არაა. ფალავანდიშვილის განცხადება ჰომოფობიური შინაარსისაა. ვაქცინის სანდოობისა და აღნიშნული ფაქტის ერთმანეთთან დაკავშირება ლოგიკას მოკლებული აბსურდული მტკიცებაა.

მტკიცება: COVID-19-ის ვაქცინა არაა სანდო, რადგან ბილ გეითსი მოსახლეობის შემცირებას გეგმავს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული მტკიცება არის ყალბი ამბავი.

გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ „არცერთი ვაქცინა არაა სანდო...რადგან ბილ გეითსი მოსახლეობის შემცირებას ხლართავს“. აღნიშნული მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება. ის ბილ გეითსის ერთ-ერთი გამოსვლის კონტექსტის განზრახ დამახინჯებას წარმოადგენს. სინამდვილეში, გეითსი საჭირო ვაქცინების დროულად გამოგონების აუცილებლობას უსვამს ხაზს, რომელიც, თავის მხრივ, განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობის ჭარბი ზრდის ტემპის განმაპირობებელ მიზეზებს მოაგვარებს.

ბილ გეითსმა 2011 წლის თებერვალში, TED კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს, ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის ნულოვან დონემდე დაყვანასთან დაკავშირებით ისაუბრა. გეითსმა არა მოსახლეობის დეპოპულაცია, არამედ მოსახლეობის ზრდის ტემპის დარეგულირება იგულისხმა, რაც საჭირო ვაქცინების გამოგონებითა და გამართული ჯანდაცვის სისტემის შექმნით იქნება შესაძლებელი. როგორც ცნობილია, განვითარებად ქვეყნებში მრავალშვილიანობა დიდი რაოდენობის მუშახელის საჭიროებით და განუვითარებელი ჯანდაცვის პირობებითაც აიხსნება. იქიდან გამომდინარე, რომ განვითარებად ქვეყნებში არ აქვთ წვდომა გამართულ ჯანდაცვის სისტემაზე, ბავშვებში ხშირია ვაქცინის არ არსებობით გამოწვეული სიკვდილიანობა, რაც ოჯახებში მრავალშვილიანობასაც განაპირობებს. ბილ გეითსის თქმით კი ვაქცინების გამოგონება და მიწოდება მოწყვლადი ჯგუფებისთვის მეტი ბავშვის სიცოცხლეს გადაარჩენს, რაც მშობლებს ეკონომიკური და ჯანდაცვის გამოწვევების გამო, მრავალშვილიანობის აუცილებლობას აღარ შეუქმნის.

მტკიცება: აცრებში მასალად აბორტირებული ბავშვების ნაწილებს იყენებენ

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული მტკიცება არის ყალბი ამბავი.

გურამ ფალავანდიშვილის მტკიცება, თითქოს ვაქცინა აბორტირებული ბავშვების ნაწილებს შეიცავს, ყალბია. AstraZeneca-ს ვაქცინის წარმოების პროცესში ადამიანის ემბრიონის თირკმლის უჯრედების, HEK293 cells, კლონირებული ვერსიები გამოიყენება, რომელიც საბოლოო პროდუქტში აღარ გვხვდება. კონკრეტულად, HEK-293 cells 1970-იან წლებში ნაყოფის უჯრედული ხაზებია და ორსულობა, სამედიცინო მიზნებისთვის, ხელოვნურად არ შეწყვეტილა. ხოლო უჯრედები, რომლებიც ვაქცინის წარმოებისას გამოიყენება (Genetically modified human embryonic kidney (HEK)) არა ორიგინალი უჯრედული ხაზები, არამედ მისგან ხელოვნურად გამრავლებული, კლონირებული ვერსიებია. ერთი უჯრედული ხაზიდან კლონირებული ვერსიების უსასრულოდ მიღება შეიძლება. ვექტორული ვაქცინის შექმნის პროცესში აღნიშნული კლონირებული უჯრედები გამოიყენება, რადგან კონკრეტულ უჯრედებში ვაქცინისთვის საჭირო ანტიგენის გამრავლებისთვის ხელსაყრელი გარემოა. აღსანიშნავია, რომ წარმოების პროცესში პროდუქტი იფილტრება და მის საბოლოო ვერსიაში კლონირებული უჯრედული მასალები აღარ ხვდება.

აღნიშნული უჯრედული ხაზები მედიცინასა და ფარმაკოლოგიურ ინდუსტრიაში ფართოდ გამოიყენება, განსაკუთრებით, კიბოს კვლევაში. ის მეცნიერებს დაეხმარა, შეექმნათ წითელა-წითურა-ყბაყურას, ჩუტყვავილას, A ჰეპატიტის ვაქცინები და ისეთი წამლები, როგორიცაა, რევმატიული ართრიტის, ჰემოფილიის და ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტები.

ვრცლად, AstraZeneca-ს ვაქცინის შემადგენლობაზე, იხილეთ აქ.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გურამ ფალავანდიშვილის მტკიცებები კორონავირუსისა და მისი საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ ფაქტობრივ საფუძველს მოკლებული მიზანმიმართული დეზინფორმაციაა.

თეგები: