დეზინფორმაცია: აფრიკაში სკოლიდან ბავშვები Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრას გაურბიან

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-მომხმარებელი Nina Marji, Facebook-ზე მორიგი დეზინფორმაციის შემცველ პოსტს ავრცელებს. 47-წამიან ვიდეოს, სადაც ჩანს, თუ როგორ გარბიან მოსწავლეები სკოლიდან, თან აუდიოჩანაწერი ერთვის, რომელიც აცხადებს, რომ სკოლიდან გაქცევის მიზეზი ვაქცინაა, რომლის გაკეთებასაც სკოლის მოსწავლეებს უპირებენ. ამას თან ახლავს Nina Marji-ის დართული კომენტარი, სადაც ის ჩანაწერში გაჟღერებულ მოსაზრებას ამყარებს და ამბობს, რომ აფრიკელ მოსწავლეებს იძულებით უპირებდნენ აცრას. „როცა იძულებით გიპირებენ აცრას და ყველა საშუალებით გარბიხარ თავქუდმოგლეჯილი.... )))) აფრიკელი მოსწავლეები ჭკვიანები ყოფილან... „ ,- ნათქვამია პოსტის ავტორის კომენტარში.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ვიდეოზე დართული ხმა მონტაჟის შედეგია და უშუალოდ ვიდეოს გადაღების დროს არაა ჩაწერილი. ამას ადასტურებს Youtube-ზე გავრცელებული ორიგინალი ვიდეო ჩანაწერი. ამასთან ერთად, ვიდეო კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოჩენამდე, 7 თვით ადრე, 2019 წლის 23 მაისსაა გადაღებული. ნაჩვენები ქაოტური სცენა სამხრეთ ნიგერიის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში ცრემლსადენი გაზის გაჟონვამ გამოიწვია. ადგილობრივი პოლიციის ოფიციალური განცხადების თანახმად, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც 17 წლის მოსწავლემ ცრემლსადენი გაზის ლითონის კაფსულა სკოლაში წაიღო და კლასელებისთვის ჩვენების დროს გაზმა კაფსულიდან გამოჟონა. კონკრეტულ ინციდენტს ადგილობრივ ტელევიზიებთან ერთად, რამდენიმე ცნობილი საერთაშორისო მედიაც გამოეხმაურა (წყარო 1; წყარო 2).

----------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები: