ალეკო ელისაშვილი: პანდემიამდე, 2019 წელს, საქართველოს მოსახლეობის მეხუთედი ღატაკი იყო

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ალეკო ელისაშვილის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: სიღარიბე საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა, რომელსაც პანდემიით და მასთან დაკავშირებული შეზღუდვებით განპირობებული სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო ამწვავებს.

საქსტატის მონაცემებით, პანდემიამდე პერიოდში, 2019 წელს, საქართველოს მოსახლეობის 19.5% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა ცხოვრობდა.

ანალიზი

22 თებერვალს, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ „კორონავირუსის პანდემიამდე, 2019 წელს მოსახლეობის 19.5% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იყო. ანუ მოსახლეობის მეხუთედი ღატაკი იყო. კორონავირუსმა ეს მონაცემი ალბათ გააორმაგა“.

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევის წინაშე დააყენა. პანდემიის პირობებში დაკარგული სამუშაო ადგილები და შემოსავლების შემცირება შინამეურნეობების კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება, რაც სიღარიბის დონეს მნიშვნელოვნად გაზრდის. საქართველოს მთავრობამ COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირების ანტიკრიზისული სოციალურ-ეკონომიკური გეგმა შეიმუშავა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესისა და მოქალაქეების დახმარებას გულისხმობდა. სოციალური ტრანსფერები მინიმალური, რიგ შემთხვევაში კი ერთჯერადი იყო, რასაც მცირე დროის მონაკვეთში გარკვეული დადებითი ეფექტი ექნებოდა, თუმცა გრძელვადიან პერიოდში მოსახლეობის სოციალურ დაცვას და სიღარიბის ზრდის ტემპის შეკავებას ვერ უზრუნველყოფდა. რა გავლენა იქონია კორონავირუსის პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა სიღარიბის დონეზე, ამის შეფასება პანდემიის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი. სიღარიბე საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა პანდემიამდე პერიოდშიც იყო.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მოსახლეობის 19.5% ცხოვრობდა. აბსოლუტური სიღარიბის გაანგარიშების მეთოდოლოგია მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებულ „საბაზისო მოთხოვნილებების მეთოდს“ ეფუძნება, სიღარიბის ზღვრად აღებულია საარსებო მინიმუმი.

საქართველოში სიღარიბის შემცირების ტენდენცია, წინა ხელისუფლების პერიოდში - 2011 წელს დაიწყო. 2011-2015 წლებში აბსოლუტური სიღარიბე ყოველწლიურად მცირდებოდა, 2016 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი მცირედით გაიზარდა, ხოლო 2017 წელს სიღარიბის დონე თითქმის იმავე ნიშნულზე დარჩა. 2018-2019 წლებში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი მცირედით შემცირდა (იხილეთ გრაფიკი 1).

გრაფიკი 1: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სიღარიბის მაჩვენებლებზე საუბრისას, უნდა განვიხილოთ Unicef-ის „მოსახლეობის კეთილდღეობის“ კვლევის შედეგებიც. იუნისეფი „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევას“ ორ წელიწადში ერთხელ, 2009 წლიდან ატარებს, ბოლო კვლევა 2017 წლის მონაცემებს ასახავს. მოსახლეობის სიღარიბე და კეთილდღეობა სამომხმარებლო ხარჯების ანალიზის საფუძველზე ფასდება. უკიდურეს სიღარიბედ მიიჩნევა, როდესაც ადამიანი დღიურად 1.25 დოლარზე ნაკლებს ხარჯავს (რაც თვეში ერთ ზრდასრულ პირზე დაახლოებით 83 ლარს შეესაბამება). ზოგადი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია 2.5 დოლარი დღეში (რაც ერთ ზრდასრულ პირზე თვეში 165.5 ლარს შეესაბამება).

Unicef-ის 2017 წლის მონაცემებით, ზოგად სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილი 21.7%-ია, მოსახლეობის 5% კი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს. 2017 წელს გაიზარდა, როგორც ზოგად, ისე უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილი (იხ. გრაფიკი 2). Unicef-მა სიღარიბის ზრდის გამომწვევ მიზეზად ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება და გაზრდილი სამომხმარებლო ფასები დაასახელა.

გრაფიკი 2: უკიდურესი და ზოგადი სიღარიბის მაჩვენებლები, 2009-2017 წლებში

წყარო: Unicef

2020 წლის სექტემბერში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) „სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის“ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოში შიმშილის მხრივ არსებულ მდგომარეობას აფასებს. კვლევის თანახმად, 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 8.2% (300 ათასზე მეტი ადამიანი) არასრულფასოვნად იკვებება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მაჩვენებელი კავკასიის რეგიონის ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება. არასრულფასოვანი კვების გამომწვევი მიზეზი დიდწილად უკიდურესი სიღარიბე და საკვებზე მატერიალური ხელმისაწვდომობის პრობლემაა (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი