ივანე მაჭავარიანი: ამ ურთულეს პერიოდში, ჩვენ შევძელით მაქსიმალურად მოგვეცვა ყველა დაზარალებული სოციალური ჯგუფი
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ ამ განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს
ანალიზი:
11 ნოემბერს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები შეაფასა. ფინანსთა მინისტრმა განაცხადა: „ამ ურთულეს პერიოდში, ჩვენ შევძელით მაქსიმალურად მოგვეცვა ყველა დაზარალებული სოციალური ჯგუფი...“.
„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნულ სტატიაში პანდემიის პირველ ეტაპზე მთავრობის სოციალურ პოლიტიკას მიმოიხილავს. თუ რამდენად იყო ეფექტური მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა, მოქალაქეებზე ზრუნვის ნაწილში, ამის შეფასებას მკითხველს მიანდობს.
პანდემიის პირველ ეტაპზე, მთავრობა ორიენტირებული ვირუსის გავრცელების შეკავებაზე იყო და აგრესიულ ზომებს იღებდა. საქართველოში Covid-19-ის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. 1 მარტს სასწავლო პროცესი სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უნივერსიტეტებში შეჩერდა, ხალხმრავალი ღონისძიებები გაუქმდა, ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. 12 მარტიდან, საჯარო და კერძო სამსახურები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ზომები ეტაპობრივად მკაცრდებოდა. 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 1 თვის ვადით გამოცხადდა, ხოლო შემდგომ 22 მაისამდე გახანგრძლივდა.
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი იყო გამოცხადებული. ამ 2 თვის განმავლობაში ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა, პრაქტიკულად, გაჩერებული იყო. მთავრობის გადაწყვეტილებები იმაზე მეტყველებს, რომ პანდემიის პირველ ეტაპზე ხელისუფლების პრიორიტეტი ვირუსის გავრცელების ნებისმიერ ფასად შეკავება იყო. მკაცრ შეზღუდვებს სამუშაო ადგილების და შემოსავლების შემცირება მოჰყვა, რაც შინამეურნეობების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე მძიმედ აისახა. ამ პერიოდში უმუშევრად და შემოსავლის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს სახელმწიფოსგან ფულადი ბენეფიტი არ მიუღია.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, პირველადი სოციალური ხასიათის ღონისძიებები კომუნალური გადასახადების დაფინანსებას, სასესხო ვალდებულებების გადავადებას და სასურსათო პროდუქტის ფასის დაზღვევას მოიცავდა.
3 თვის განმავლობაში (მარტი-მაისი) ოჯახებს კომუნალური გადასახადები დაუფინანსდათ. ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, დასუფთავების და წყლის გადასახადებს, მოხმარების გარკვეული ლიმიტის ფარგლებში, სუბსიდირება შეეხო. 3 თვის განმავლობაში გადასახადის შეღავათით ელექტროენერგიის 1.2 მილიონზე მეტმა აბონენტმა და ბუნებრივი აირის 670 ათასზე მეტმა აბონენტმა ისარგებლა.
სასესხო ვალდებულებების გადავადება - სახელმწიფოს შუამდგომლობით, კომერციულმა ბანკებმა ფიზიკურ პირებს სესხის მომსახურება 3 თვით გადაუვადეს. აღნიშნული შეღავათით 600 000-მდე მსესხებელმა ისარგებლა. აქვე აღსანიშნავია, რომ სესხის გადავადების საფასურს მომხმარებლები შემდგომ გადაიხდიან.
სახელმწიფომ 9 ძირითადი სასურსათო პროდუქტის ფასი დააზღვია - იმ მიზნით, რომ გაცვლითი კურსის ცვლილებას პროდუქტების ფასების მნიშვნელოვანი ზრდა არ გამოეწვია, სახელმწიფომ პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები (ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი, ზეთი, ფქვილი, ხორბალი, რძის ფხვნილი, შაქარი და ლობიო) შეიძინა. პროგრამის ამოცანა, სუბსიდირების გზით პროდუქტზე ფასების ზრდის შეჩერება და ქვეყანაში პროდუქტების საჭირო მარაგების შექმნის სტიმულირება იყო. ქვეყანაში აღნიშნული პროდუქტების დეფიციტი არ შექმნილა, თუმცა მათ უმეტესობაზე ფასები მკვეთრად გაიზარდა. (იხილეთ ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
აპრილის ბოლოს ხელისუფლებამ COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირების ანტიკრიზისული სოციალურ-ეკონომიკური გეგმა წარადგინა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესისა და მოქალაქეების დახმარებას გულისხმობდა.
უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების დახმარება
საქართველოში უმუშევრობა პანდემიამდეც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო. პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა. უმუშევრობის კომპენსაციის მიმღები პირები ორ კატეგორიად გაიყო: დაქირავებით დასაქმებული პირები და თვითდასაქმებულები.
უმუშევრად დარჩენილ დაქირავებით დასაქმებულთა დახმარება თვეში 200 ლარით განისაზღვრა, რომელიც მოქალაქეს 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად უნდა მიეღო. უმუშევრობის კომპენსაციების გაცემა მაისის ბოლოდან დაიწყო და იმ მოქალაქეებს შეეხო, ვინც იანვარ-მარტის განმავლობაში ერთხელ მაინც აიღო ხელფასი და აპრილიდან შემოსავალი აღარ დაუფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ 200 ლარიანი ბენეფიტი 6 თვეზე იყო გაწერილი, სამსახურის დაწყების შემთხვევაში, დაქირავებით დასაქმებულ პირს დახმარება უწყდებოდა. გარდა იმისა, რომ კომპენსაციის გაცემა 2 თვიანი საყოველთაო კარანტინის შემდეგ დაიწყო, აღნიშული თანხა ქვეყანაში არსებული საშუალო ყოველთვიური ხელფასის მხოლოდ 18%-ია.
უმუშევრობის კომპენსაციად თვითდასაქმებულებისთვის ერთჯერადად 300 ლარი განისაზღვრა. თვითდასაქმებულები კომპენსაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდნენ თუ ისინი შემოსავლის დაკარგვას დაასაბუთებდნენ. მოცემული ჯგუფში პირების იდენტიფიცირების სირთულე იყო, რადგან უმეტეს შემთხვევაში არ არსებობს მათი შემოსავლების თუ ეკონომიკური აქტივობის შესახებ ინფორმაცია (მაგალითად, ძიძები, გარე მოვაჭრეები და სხვა). შესაბამისად, თავიდანვე ცხადი იყო, რომ თვითდასაქმებულთა გარკვეული ნაწილი ვერ მიიღებდა დახმარებას. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში თვითდასაქმებულები ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია და მათი საქმიანობა, უმეტეს შემთხვევაში, დაბალშემოსავლიანი და არასტაბილურია. პანდემიის პირობებში, თვითდასაქმებული ადამიანების გარკვეული კატეგორია, სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე დარჩა. ამასთან, სახელმწიფომ თვითდასაქმებულებზე დაქირავებით დასაქმებულებთან შედარებით 4-ჯერ ნაკლები ოდენობის დახმარება გასცა.
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა ასევე მოიცავდა სამუშაო ადგილის შენარჩუნების სტიმულირებას - 6 თვის განმავლობაში, 1500 ლარამდე ხელფასის მქონე პირები, 750 ლარის ოდენობაზე სრულად გათავისუფლდა საშემოსავლო გადასახადისგან, რაც ერთ სამუშაო ადგილზე მაქსიმუმ 150 ლარს უდრის. ეს გადაწყვეტილება კერძო სექტორს შეეხო. აღნიშნული თანხა იურიდიულად ორგანიზაციის საკუთრებას წარმოადგენს, დამსაქმებელი დასაქმებულს საშემოსავლო გადასახადს სტანდარტულად დაუქვითავს და, ბიუჯეტში გადარიცხვის ნაცვლად, საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგავს. ხელისუფლება, დამსაქმებელი ბიზნესისთვის დამატებითი ფინანსების გაჩენით, სამუშაო ადგილების შენარჩუნების სტიმულირებას ცდილობდა. კრიზისულ პერიოდში სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, მხოლოდ საგადასახადო შეღავათი ვერ უზრუნველყოფდა, თუმცა ეს გადაწყვეტილება შეიძლება შეფასდეს, როგორც ბიზნესის მოკლევადიანი ლიკვიდობის შენარჩუნებისკენ გადადგმული ნაბიჯი.
სოციალური პროგრამების გაფართოება
სოციალური დახმარების პროგრამა, მოსახლეობის უღარიბესი ნაწილისთვის პანდემიით და თანმდევი შეზღუდვებით მიყენებული ზიანის შესამცირებლად, გაფართოვდა. კერძოდ, 6 თვის განმავლობაში (მაისი-ოქტომბერი) სოციალურად დაუცველი (0-დან 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე) მრავალშვილიანი ოჯახები, სადაც არის 3 და მეტი 16 წლამდე ასაკის ბავშვი, თვეში 100 ლარიან დანამატს იღებდნენ. პროგრამამ, დაახლოებით, 22 ათასი ოჯახი მოიცვა (130 ათასზე მეტი ფიზიკური პირი).
ამასთან, 6 თვის განმავლობაში, ფულად დახმარებას ის ოჯახები იღებდნენ, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულნი იყვნენ (სარეიტინგო ქულა 65-დან 100 ათასამდე), თუმცა ფულად დახმარებას არ იღებდნენ. დახმარების მოცულობა ერთწევრიანი ოჯახისთვის თვეში 70 ლარს, ორწევრიანი ოჯახისთვის თვეში 90 ლარს, ხოლო სამ და მეტწევრიანი ოჯახისთვის თითოეულ წევრზე თვეში 35 ლარს შეადგენდა. ამ პროგრამამ დაახლოებით 70 000 ოჯახი მოიცვა (190 000 ფიზიკურ პირს).
პანდემიის პერიოდში, მიზნობრივი სოციალური პროგრამის გაფართოება უღარიბეს (0-დან 65 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე) ოჯახებს არ შეეხო.
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და შშმ ბავშვები, 6 თვის განმავლობაში, სოციალურ ტრანსფერზე თვეში 100 ლარი ლარის ოდენობით დანამატს იღებდნენ. პანდემიის პირობებში მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე დარჩნენ.
კიდევ ერთი სოციალური ტრანსფერი, რომლის გაცემაც სექტემბრიდან დაიწყო, 0-17 წლის ასაკის ყველა ბავშვისთვის ერთჯერადი 200 ლარიანი დახმარება იყო. აღნიშნული ტრანსფერის უნივერსალურობა გაუმართლებელია, რადგან მთავრობა ყველაზე ღარიბ ბავშვებსაც და მათაც, ვინც არ საჭიროებდნენ დახმარებას, ერთნაირად დაეხმარა. ამასთან, ბავშვთა საყოველთაო დახმარება წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა და მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში ის გათვალისწინებული არც თავიდან ყოფილა.
სოციალურ გამოწვევებზე, რომელიც ეკონომიკის პრაქტიკულად 2 თვით გაჩერების შედეგი იყო, მთავრობის რეაგირება იყო დაგვიანებული. ამის მაგალითია ის, რომ უმუშევრობის კომპენსაციის გაცემა საყოველთაო კარანტინის დასრულების შემდეგ დაიწყო. ამასთან, დახმარების გარეშე მოქალაქეების გარკვეული კატეგორია დარჩა, რომელიც პანდემიის პირობებში დახმარებას საჭიროებდა. გაცემული ბენეფიტები მინიმალური იყო და რიგ შემთხვევაში ერთჯერადი, რაც გრძელვადიან პერიოდში მოსახლეობის სოციალურ დაცვას ვერ უზრუნველყოფდა.