ყალბი ამბავი: სკოლაში ასწავლიან, რომ ქართული ანბანი მაშტოცმა შექმნა
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
ანალიზი:
Facebook-მომხმარებელი Lu Ka სოციალურ ქსელში მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს ერთ-ერთი გვერდის ფოტოს აქვეყნებს, რასაც ყალბ ინფორმაციას ურთავს: „SOS!!! SOS!!! SOS!!! ვის შეაქვს სკოლის წიგნებში აბსურდი და ყალბი ინფორმაციები რომლითაც ჩვენს სკოლებში ასწავლიან, თურმე სომეხმა მაშტოცმა შეგვიქმნა ანბანი!!!“
ფოტოზე გამოსახული წიგნი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოა. წიგნში ინფორმაცია ქართული ანბანის სომხური წარმომავლობის შესახებ ნამდვილად იძებნება, თუმცა არა იმ ფორმულირებით, როგორადაც პოსტის ავტორი აქვეყნებს. ფრაზა - „ქართული ანბანი შექმნა ცნობილმა სომეხმა მოღვაწემ მესროტ მაშტოცმა“ - კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს აღნიშნული ინფორმაცია წიგნში მტკიცებით ფორმაშია წარმოდგენილი.
სინამდვილეში, წიგნში განხილულია ქართული კულტურა IV-IX საუკუნეებში, სადაც ერთ-ერთი ნაწილი ქართულ დამწერლობას ეძღვნება. სახელმძღვანელოს თანახმად, ამ პერიოდის საქართველოს ისტორიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ქართული დამწერლობის ირგვლივ არსებულ პრობლემას ენიჭება, რომლის შესახებაც ქართული და უცხოური სამეცნიერო ლიტერატურა სხვადასხვა მოსაზრებას გვთავაზობს. ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები არსებობს ქართული ანბანის წარმოშობის დროის, მისი ავტორისა და პროტოტიპის შესახებ.
ერთ-ერთი ასეთი ვერსია - ქართული დამწერლობის შექმნის შესახებ, V საუკუნის სომეხი ისტორიკოსის, კორიუნის, თხზულებაში - „მესროტ მაშტოცის ცხოვრება“ - გვხვდება. თხზულების თანახმად, ქართული ანბანი ცნობილმა სომეხმა მოღვაწემ - მაშტოცმა, შექმნა. თუმცა აღსანიშნავია, რომ მეორე გვერდზე მოცემული მოსაზრება, ფაქტობრივად, უარყოფილია, რასაც პოსტის ავტორი Facebook-მომხმარებლებს არ აჩვენებს. წიგნში ვკითხულობთ: „სამეცნიერო ლიტერატურაში სათანადოდაა გაკრიტიკებული და უარყოფილი კორიუნის თხზულებაში დაცული ცნობა ქართული ანბანის მესროპ-მაშტოცის მიერ შექმნის შესახებ“. გარდა ამისა, წიგნში აღნიშნულია, რომ კორიუნის ცნობა ქართული, სომხური და ალბანური დამწერლობის მესროპ-მაშტოცის მიერ შექმნის შესახებ, სომეხმა მკვლევარმა - ა. პერიხანიანმაც, მიუღებლად მიიჩნია.
გარდა ქართული ანბანის სომხური წარმოშობისა, წიგნში გვხვდება კიდევ ერთი ვერსია - ქართველი ისტორიკოსის, ლეონტი მროველის, წიგნში „მეფეთა ცხოვრება“ აღნიშნულია, რომ ქართული მწიგნობრობა მეფე ფარნავაზმა შექმნა.
შესაბამისად, ავტორის მტკიცება, რომ სკოლაში ბავშვებს ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდიან, ყალბია, მკითხველი შეცდომაში შეჰყავს და არმენოფობიური განწყობის შექმნას არაპირდაპირი გზით ხელს უწყობს. წიგნში ქართული დამწერლობის სხვადასხვა ვერსიაა განხილული, სადაც სხვა ვერსიებთან ერთად, ერთ-ერთ მაგალითად სომეხი ისტორიკოსის, კორიუნის, მოსაზრებაა წარმოდგენილი.
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.