ნაზი ჯანეზაშვილი: სიტუაცია აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების თვალსაზრისით, თითქმის უტოლდება 2011-2012 წლებს
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: როგორც არსებული სტატისტიკა გვიჩვენებს, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების უკანასკნელი წლების მაჩვენებლები თითქმის უტოლდება 2011-2012 წლების მაჩვენებლებს. კერძოდ, 2016 წლის შემდეგ, საერთო სტატისტიკაში აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების ხვედრითი წილი საგრძნობლად არის გაზრდილი. შესაბამისად, არასაპატიმრო ღონისძიებების გამოყენების მაჩვენებელი შემცირებულია.
ანალიზი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა, 25 თებერვალს ფეისბუქ-პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც 2011-2020 წლებში აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების მონაცემებს ეხება. პოსტის ავტორმა მონაცემები აღკვეთის ღონისძიების სახეების (პატიმრობა, გირაო, სხვა არასაპატიმრო ღონისძიებები) მიხედვით გრაფიკების სახით წარმოადგინა და განსაკუთრებული ყურადღება 2013 – 2016 წლებში საპატიმრო და არასაპატიმრო ღონისძიებების გამოყენების მაჩვენებლებზე გაამახვილა. როგორც ჯანეზაშვილმა აღნიშნა, „დღეს არსებული სიტუაცია, აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების თვალსაზრისით, თითქმის უტოლდება 2011-2012 წლებს“.
„ფაქტ-მეტრი“აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და სტატისტიკური მონაცემები გადაამოწმა.
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, ზოგადად, აღკვეთის ღონისძიება, ბრალდებულის მიმალვის, მის მიერ მტკიცებულებების განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის პრევენციის მიზნით, გამოიყენება.
საქართველოს კანონმდებლობით, აღკვეთის ღონისძიებების შემდეგი სახეებია გათვალისწინებული: პატიმრობა, გირაო, პირადი თავდებობა, გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ შეთანხმება, სარდლობის მიერ სამხედრო მოსამსახურის ქცევის მეთვალყურეობა.
აღკვეთის ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებით მონაცემები უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე ქვეყნდება, სადაც, როგორც ღონისძიებების ჯამური რაოდენობა (ყოველთვიური, ყოველწლიური), ისე მონაცემები აღკვეთის ღონისძიების სახეების (პატიმრობა, სხვა არასაპატიმრო ღონისძიებები, მათ შორის, გირაო) მიხედვით არის მოცემული.
როგორც არსებული სტატისტიკა გვიჩვენებს, საქართველოში აღკვეთის ღონისძიების სახედ, უმეტეს შემთხვევაში, გირაო და პატიმრობა გამოიყენება. გარდა ამისა, მონაცემები ცხადყოფს, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების უკანასკნელი წლების მაჩვენებლები თითქმის 2011-2012 წლების მაჩვენებლებს უტოლდება.
გრაფიკზე წარმოდგენილი მონაცემებიდან ჩანს, რომ პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი 2016 წლიდან თანდათან იზრდება და თითქმის 2011 წლის მონაცემებს უტოლდება, მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი 2013-2016 წლებში, მკვეთრად იყო შემცირებული.
გრაფიკი 1: აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი 2011-2020 წლებში
წყარო: საქართველოს უზენაესი სასამართლო
პატიმრობის გამოყენების ზრდის პარალელურად, 2016 წლის შემდეგ, თანდათან მცირდება გირაოს გამოყენების ხვედრითი წილი აღკვეთის ღონისძიებებში და თითქმის 2011 წლის მაჩვენებელს (გრაფიკი 2) უტოლდება. სხვა არასაპატიმრო ღონისძიებების გამოყენების მაჩვენებელი კიდევ უფრო მკვეთრადაა შემცირებული (გრაფიკი 3).
გრაფიკი 2: აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს გამოყენების მაჩვენებელი 2011-2020 წლებში
წყარო: საქართველოს უზენაესი სასამართლო
გრაფიკი 3: აღკვეთის ღონისძიების სახედ არასაპატიმრო ღონისძიებების გამოყენების მაჩვენებელი (გარდა გირაოსი) 2011-2020 წლებში
წყარო: საქართველოს უზენაესი სასამართლო
იმის გათვალისწინებით, რომ პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრ ზომას წარმოადგენს, რომელიც უკიდურეს შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული, გრაფიკზე წარმოდგენილი ტენდენცია უარყოფითად უნდა შეფასდეს. ზემოთ მოყვანილი მაჩვენებლები აღკვეთის ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მეტყველებს, რასაც დღეისთვის უკვე მოსამართლეთა ნაწილიც ადასტურებს (იხ. ქვემოთ).
აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პრობლემებთან დაკავშირებით ვრცელ ინფორმაციას გვაწვდის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2020 წლის კვლევა „აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სტანდარტები“.
კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსამართლეები პატიმრობის გამოყენების მზარდ ციფრს კრიმინალის, ოჯახში ძალადობის, განსაკუთრებით მძიმე ან მძიმე დანაშაულების ზრდას უკავშირებენ. ამასთან, მოსამართლეების, ადვოკატების და პროკურორების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს და პატიმრობის გამოყენების მაღალ მაჩვენებელს ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიების სახეების დეფიციტი განაპირობებს, რაც მოსამართლეს ფართო დისკრეციას ართმევს.
მიუხედავად მოსამართლეების მსგავსი განმარტებისა, საია კვლევაში მიუთითებს, რომ პატიმრობასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ მთავარ პრობლემას სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები წარმოადგენს.
პრობლემურია პატიმრობის გადასინჯვის საკითხიც. კერძოდ, საია-ს კვლევის ფარგლებში გამოკითხული ადვოკატები მიუთითებენ, რომ პრაქტიკაში პატიმრობის პერიოდულ გადასინჯვას ფორმალური ხასიათი აქვს და სასამართლო, ძირითადად, პატიმრობას კვლავ ძალაში ტოვებს ისე, რომ სასამართლო სხდომაზე მის აუცილებლობას არ ასაბუთებს.
მსგავსად პატიმრობისა, საია-ს კვლევის თანახმად, ხშირია სასამართლოს მხრიდან გირაოს გამოყენების დაუსაბუთებლობაც. რაც შეეხება აღკვეთის სხვა არასაპატიმრო ღონისძიებებს, კვლევის ფარგლებში გამოკითხული რესპონდენტები მათი გამოყენების სიმცირეს, რიგ შემთხვევაში, სასამართლოს ფაქტორით ხსნიან, რიგ შემთხვევაში - მხარის პასიურობით, ზოგ შემთხვევაში კი ხაზს ღონისძიების არაეფექტურობას უსვამენ.
საერთო ჯამში, საია-ს კვლევის თანახმად, მოსამართლეთა და ადვოკატთა აბსოლუტური უმრავლესობა, ასევე, პროკურორების ნაწილი ემხრობა იდეას, ძირითადი აღკვეთის ღონისძიების სახეები ისეთი მექანიზმებით გაიზარდოს, როგორიცაა ელექტრონული მონიტორინგი, შინაპატიმრობა თუ პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა.