დეზინფორმაცია: საბერძნეთსა და ისრაელში ვაქცინაციის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
Facebook-მომხმარებელი შორე შანიძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს. 17 თებერვალს გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, 14-15 თებერვალს საბერძნეთსა და ისრაელში საპროტესტო აქციები შემდეგი ლოზუნგით გაიმართა - „ჩემი სხეული ჩემი უფლებაა“. შორე შანიძის მტკიცებით, აქციები ქვეყნებში იძულებითი ვაქცინაციის დაწყებას მოჰყვა. მასალის მიხედვით, მომიტინგეები საბერძნეთში წყლის ჭავლით დაშალეს.
სინამდვილეში, Facebook-მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული ვიდეომასალა არა საბერძნეთში, არამედ კვიპროსში გამართულ დემონსტრაციას ასახავს, სადაც მოსახლეობამ მთავრობის კორუფცია და კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები გააპროტესტა. აღნიშნულს მარტივად ადასტურებს მასალაში დაფიქსირებული პოლიციის უნიფორმა, რომელზეც იკითხება წარწერა Aεtynomia police. Aεtynomia police კვიპროსის პოლიციის ოფიციალური დასახელებაა.
წყარო: შორე შანიძე
წყარო: Aljazeera
წყარო: police.gov.cy
კვიპროსში 2021 წლის 13 თებერვალს საპროტესტო აქცია ნამდვილად გაიმართა, თუმცა ის ვაქცინაციას არ ეხებოდა. დემონსტრაციაზე მოსახლეობამ მთავრობის კორუფცია და კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები გააპროტესტა. კვიპროსის პოლიციამ მომიტინგეები ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
კვიპროსის საპროტესტო აქციიდან გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალასა და შორე შანიძის მიერ გავრცელებულ ვიდეოში არსებულ კადრებს შორის კავშირის დადგენა შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელია. Cyprus Mail-ის მიერ 14 თებერვალს გამოქვეყნებულ ვიდეოში, სათაურით „პოლიციის მიერ დაშლილი საპროტესტო აქცია ნიქოზიაში“, წყლის ჭავლის ლურჯი მანქანა ჩანს. მანქანაზე იგივე წარწერა Aεtynomia police იკითხება, რაც კვიპროსის პოლიციის უნიფორმაზე. ამასთან ერთად, იდენტური წყლის ჭავლის მანქანა, შორე შანიძის მიერ გავრცელებულ ვიდეოშიც გვხვდება.
წყარო: შორე შანიძე
Aljazeera-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც კვიპროსში 13 თებერვალს განვითარებულ მოვლენებს აღწერს, თანდართული ფოტომასალა კვიპროსის საპროტესტო აქციიდანაა. მიწაზე მწოლიარე დაშავებული ადამიანი, რომელიც Aljazeera-ს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, შორე შანიძის მიერ გავრცელებულ ვიდეოშიც ფიქსირდება. ეს კი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ვიდეო კვიპროსში გამართულ აქციაზეა გადაღებული.
წყარო: Aljazeera
წყარო: შორე შანიძე
2021 წლის 10-11 თებერვალს საბერძნეთში საპროტესტო აქციები ნამდვილად გაიმართა, თუმცა ის არა ვაქცინაციას, არამედ საბერძნეთის მთავრობის მიერ „განათლების აქტის“ მიღებას ეხებოდა.
რაც შეეხება ისრაელს, თებერვლის თვეში ქვეყანაში ვაქცინაციის საწინააღმდეგო მასშტაბური გამოსვლები არ დაფიქსირებულა. ისრაელში 13 თებერვალს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ ყოველკვირეული საპროტესტო აქცია გაიმართა. მასობრივი დემონსტრაციები უკვე 34-ე კვირაა, რაც მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის გადადგომაა. ისინი მთავრობის მიერ კორონავირუსისგან შექმნილი კრიზისის მართვასა და მკაცრ საკარანტინე შეზღუდვებსაც აპროტესტებენ.
შესაბამისად, Facebook-მომხმარებლის, შორე შანიძის მტკიცება, რომ ისრაელსა და საბერძნეთში 14-15 თებერვალს ვაქცინაციის საწინააღმდეგო მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა, სიმართლეს არ შეესაბამება.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
ყალბი ამბავი გამოგვიგზავნა ფაქტ-მეტრისა და მოხალისეთა ჰაბის ერთობლივი პროექტის, "მოხალისე ფაქტჩეკერის" მონაწილემ, გვანცა ყველაშვილმა.