ირაკლი ქარსელაძე: 2012 წელს წყალმომარაგების ბიუჯეტი იყო 34 მლნ ლარი, წელს არის 348 მლნ
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ქარსელაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
რეზიუმე: 2012 წელს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციის ბიუჯეტი 102 960 000 ლარი იყო, საიდანაც ფაქტობრივმა ხარჯმა 72 943 271 ლარი შეადგინა. მინისტრობის კანდიდატი განცხადებაში 34 მლნ ლარს ასახელებს, რაც არასწორია.
როგორც ცნობილია, თითოეული პროგრამული კოდისთვის განსაზღვრული ასიგნება საბიუჯეტო სახსრების, გრანტებისა და კრედიტისგან შედგება. თუ მინისტრობის კანდიდატი მარტო საბიუჯეტო სახსრებს გულისხმობს, რაც 2012 წელს 27 მილიონი ლარი იყო, მაშინ, იმავე მიდგომით, მიმდინარე წლის წყალმომარაგების ბიუჯეტი 185.6 მილიონი ლარია და არა 348 მილიონი ლარი. თანაც აღნიშნული მიდგომა მართებული არ არის, ვინაიდან წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილ თანხებს სრული მასშტაბით არ აჩვენებს.
რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, 2020 წელს წყალმომარაგების ბიუჯეტი 206 414 000 ლარი იყო, ხოლო მიმდინარე წელს, როგორც აღვნიშნეთ, წყალმომარაგების ასიგნებამ 348 650 000 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემს ნამდვილად 68.9%-ით აღემატება.
მინისტრობის კანდიდატს წყალმომარაგების ბიუჯეტის ზრდა, ამ მიმართულებით, „ქართული ოცნების“ წარმატებულობის საჩვენებლად მოჰყავს. რეალობა კი ის არის, რომ წყალმომარაგების პროგრამების მზარდი დაფინანსების მიუხედავად, წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 70%-ია, საკანალიზაციო ინფრასტრუქტურით კი მოსახლეობის მხოლოდ 49.4% სარგებლობს, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. 2012 წელს ბინაში შეყვანილი წყალსადენის სიტემა საქართველოს მოსახლეობის 56.7%-ს ჰქონდა, 2019 წელს კი - მოსახლეობის 68.8%-ს. როგორც მონაცემებიდან ჩანს, მოსახლეობის წილი, რომელსაც წყალსადენი სისტემა სახლში აქვს შეყვანილი, რვა წლის განმავლობაში, 12.1 პროცენტული პუნქტით, წელიწადში საშუალოდ 1.5 პროცენტული პუნქტით, არის გაზრდილი, რაც შთამბეჭდავი მონაცემი არ არის და ამ მიმართულებით „ქართული ოცნების“ განსაკუთრებულ წარმატებულობას ვერ ადასტურებს.
აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ქარსელაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
ანალიზი
პარლამენტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ, სხვა საკითხებთან ერთად, წყალმომარაგებაზეც ისაუბრა და აღნიშნა: „2012 წელს წყალმომარაგების ბიუჯეტი იყო 34 მლნ, წელს არის 348 მლნ, 69%-ით არის გაზრდილი 2021 წელს ასიგნებები წყალთან მიმართებით“.( 13:20:44)
2012 წელს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის (კოდი 25 04) 102 960 000 ლარი იყო გამოყოფილი, ხოლო ხარჯმა 72 943 271 ლარი შეადგინა. მიმდინარე წელს ამავე მიზნით გამოყოფილი თანხა 348 მლნ ლარს შეადგენს. მინისტრობის კანდიდატი განცხადებაში 2012 წლის წყალმომარაგების ბიუჯეტად 34 მილიონ ლარს ასახელებს. როგორც ცნობილია, თითოეული პროგრამული კოდისთვის განსაზღვრული ასიგნება საბიუჯეტო სახსრების, გრანტებისა და კრედიტისგან შედგება. თუ მინისტრობის კანდიდატი მარტო საბიუჯეტო სახსრებს გულისხმობს, რაც 2012 წელს 27 მილიონი ლარი იყო, მაშინ, იმავე მიდგომით, მიმდინარე წლის წყალმომარაგების ბიუჯეტი 185.6 მილიონი ლარით უნდა განესაზღვრა და არა 348 მილიონი ლარით. თანაც აღნიშნული მიდგომა ლოგიკას მოკლებულია და ამ მიმართულებით გაწეულ ხარჯს სრულად არ ასახავს.
რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, 2020 წელს წყალმომარაგების ბიუჯეტი 206 414 000 ლარი იყო, მიმდინარე წელს, როგორც აღვნიშნეთ, წყალმომარაგების ასიგნებამ 348 650 000 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემს ნამდვილად 68.9%-ით აღემატება.
2012 წლიდან მოყოლებული, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი შემდეგნაირია:
ცხრილი1: წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციის ბიუჯეტი 2012-2021 წლებში
წყარო: სახელმწიფო ხაზინა
როგორც ცხრილიდან ჩანს, 2016 წლიდან, წყალმომარაგების პროექტების ბიუჯეტი მზარდია (გამონაკლისი 2020 წელია) და ყოველწლიურად დასახელებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მნიშვნელოვანი თანხა იხარჯება. ასევე, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის ბიუჯეტის ბოლო პერიოდის (2015 წლიდან) ათვისება თითქმის 100%-ს აჭარბებს. თუმცა, ბიუჯეტის შესრულების პარალელურად, არსებობს გაჭიანურებული და დაუმთავრებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც წლების განმავლობაში შეფერხებით მიმდინარეობს და გარდა იმისა, რომ მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის, პროექტის დასრულების ვადების დარღვევის გამო, სასესხო ხელშეკრულებების მომსახურება ბიუჯეტის ხარჯებს ზრდის. ამის მაგალითია, ფოთის წყალარინების პროექტი (იხილეთ: სტატია), რომელიც 2016 წელს დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ წყალმომარაგების პროგრამების მზარდი დაფინანსების მიუხედავად, წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 70%-ია, საკანალიზაციო ინფრასტრუქტურით კი მოსახლეობის მხოლოდ 49.4% სარგებლობს, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.
2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იყო 1 057 255 აბონენტი, რაც რაოდენობრივად 2 365 052 ადამიანს შეადგენს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემის მიხედვით, 2012 წელს ბინაში შეყვანილი წყალსადენის სიტემა საქართველოს მოსახლეობის 56.7%-ს ჰქონდა, წყალსადენი ონკანი ეზოში ან უბანში - 21.7%, ჭა ეზოში ან უბანში - 15.9%, ბუნებრივი წყარო ეზოში ან უბანში - 5.6%. 2019 წელს იგივე მონაცემები შემდეგნაირია: 68.8%, 16.5%, 8.5% და 6.4%. როგორც მონაცემებიდან ჩანს, მოსახლეობის წილი, რომელსაც წყალსადენი სისტემა სახლში აქვს შეყვანილი, რვა წლის განმავლობაში, 12.1 პროცენტული პუნქტით, წელიწადში საშუალოდ 1.5 პროცენტული პუნქტით, არის გაზრდილი, რაც შთამბეჭდავი მონაცემი არ არის და ამ მიმართულებით „ქართული ოცნების“ განსაკუთრებულ წარმატებულობას ვერ ადასტურებს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ქარსელაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
ფოტო: 1TV.GE