სოციალურ ქსელში ისრაელში Pfizer-ის ვაქცინაციის გვერდით ეფექტზე დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება
ვერდიქტი: მცდარი
Facebook-მომხმარებელი Inga Metreveli 2021 წლის 17 თებერვალს სოციალურ ქსელში დაზიანებული ფეხის ფოტოს აქვეყნებს, წარწერით: „ისრაელში აცრის შემდეგ“. 19 თებერვლის მონაცემებით, ფოტოს 1 200 გაზიარება, 36 კომენტარი და 50 რეაქცია აქვს. მომხმარებელი პოსტის კომენტარებში ირწმუნება, რომ ფოტო მისი ახლობელი მოხუცისაა, ხოლო ვაქცინაციას ისრაელში უამრავი გარდაცვლილი და დაზარალებული ჰყავს.
ვაქცინაციის პროცესის დაწყების შემდეგ სოციალურ ქსელში არაერთი დაუსაბუთებელი დეზინფორმაცია თუ მანიპულაცია გავრცელდა. განსაკუთრებული დეზინფორმაციის სამიზნე ისრაელი გახდა, სადაც ვაქცინაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ისრაელი ერთ სულ მოსახლეზე ვაქცინირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ისრაელი საუკეთესო მაგალითია იმის სადემონსტრაციოდ, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციას სწრაფი და ძლიერი ეფექტი აქვს და ამავდროულად, ის უსაფრთხოა. ისრაელში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინირებულთა შორის COVID-19-ის სიმპტომური შემთხვევები ისრაელში 94 პროცენტით შემცირდა.
ვაქცინაციის დაწყების შემდეგ, ეროვნული ჯანდაცვის ორგანოები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ვაქცინის ნებისმიერ გვერდით ეფექტზე დაკვირვებას მუდმივ რეჟიმში აწარმოებენ. ისრაელში, Pfizer-ით აცრების პარალელურად, ვაქცინის გვერდითი მოვლენების შესასწავლად, დღეისთვის ყველაზე ფართომასშტაბიანი კვლევა ჩატარდა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მედიკოსებს გართულების გამო, საერთო ჯამში, აცრილ პაციენტთა მხოლოდ 0.3 %-მა მიმართა. 2 768 200 აცრილი პაციენტიდან (ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით), ალერგიით გამოწვეული გართულება 165 მათგანს გამოუვლინდა. ამავე მონაცემების თანახმად, ისრაელში ვაქცინაციის შედეგად გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, Irma Metreveli-ის მტკიცება, რომ ისრაელს ვაქცინაციის შედეგად უამრავი გარდაცვლილი ჰყავს, ყალბია.
ყველა ვაქცინას, მათ შორის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას და ზოგადად, ნებისმიერ ფარმაცევტულ პროდუქტს, გვერდითი რეაქციები ახასიათებს. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ COVID-19-ის ვაქცინაციის შემდეგ მსუბუქი სიმპტომები გამოვლინდა, როგორებიცაა: სისუსტე, ინექციის ადგილის ტკივილი, შეშუპება ან სიწითლე, ტემპერატურის მატება. იშვიათ შემთხვევაში, ვაქცინა ალერგიული რეაქციებს იწვევს. ისრაელში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოვლენილი გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ მსუბუქი და მალე გამოსწორებადია. ფოტოზე გამოსახული ფეხის მდგომარეობა კი, რომელიც Facebook- მომხმარებლის მტკიცებით, აცრის შედეგს ასახავს, ვაქცინაციით გამოწვეული გვერდით ეფექტით არ შეიძლება იყოს განპირობებული. აღნიშნული საკითხის დასაზუსტებლად „ფაქტ-მეტრი“ კლინიკა „ენმედიცის“ დერმატო-ვენეროლოგს, ვერიკო აბრალავას, დაუკავშირდა. როგორც სპეციალისტმა აღნიშნა, მხოლოდ ფოტოს მეშვეობით ზუსტი დიაგნოზის დასმა ვერ ხერხდება. თუმცა Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებულ ფოტოზე გამოსახული დაავადება მეტად სავარაუდოა, რომ ან კაპოშის სარკომა, ან კანის წვრილი სისხლძარღვების ვასკულიტია. დერმატო-ვენეროლოგის თანახმად, ვაქცინას არცერთი აღნიშნული დაავადების გამოწვევა არ შეუძლია. ამავე პოზიციას დერმატო-ვენეროლოგი ირაკლი ბენიძეც იზიარებს: „არავითარი ფაქტობრივი მასალა კორონავირუსის ვაქცინაციის შედეგად განვითარებული მგავსი გამოვლინებების შესახებ ამ ეტაპზე არ არსებობს“.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მსგავსი ფოტოს ატვირთვა Irma Metreveli-ის ანტივაქსერულ განწყობაზე მიუთითებს, რასაც ის კომენტარებსა და სხვა პოსტშიც აფიქსირებს:
COVID-19-ის ვაქცინის გვერდით ეფექტებზე გავრცელებულმა ყალბმა ამბებმა ვაქცინაციის პროცესი შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეაფერხოს. „ფაქტ-მეტრის“ მიერ მომზადებულ სტატიაში შეგიძლიათ, COVID-19-ის ვაქცინების გვერდით ეფექტებზე და უსაფრთხოებაზე გადამოწმებულ და სანდო ინფორმაციას გაეცნოთ.
------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.