ქართული ოცნება: 12 წელიწადში ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის ეკონომიკა 28-დან 90 მლრდ ლარამდე გაზარდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, „ქართული ოცნების“ განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
2012 წელს საქართველოს ნომინალური ეკონომიკის მოცულობა 27.9 მლრდ ლარს შეადგენდა, 2023 წელს - 80.9 მლრდ ლარს, 2024 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი კი 90.9 მლრდ ლარია, რაც 2012 წლის მაჩვენებელს 220%-ით აღემატება. ეკონომიკურ ზრდას თან მუდმივად ინფლაციაც სდევდა (უარყოფითი ინფლაცია - დეფლაცია მხოლოდ 2013 წელს დაფიქსირდა). 2013-2024 წლებში სამომხმარებლო ფასები ჯამურად 66%-ით გაიზარდა, რამაც რეალური ზრდა 87%-მდე შეამცირა.
ცალკე აღებული ნომინალური შემოსავლები, მსყიდველუნარიანობის განსაზღვრის გარეშე, ღირებულ ინფორმაციას არ იძლევა. თეორიულად, შეიძლება შემოსავალი თანხობრივად გაიზარდოს, მაგრამ მისი მსყიდველუნარიანობა შემცირდეს. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ეკონომიკა არ შემცირებულა (კლება მხოლოდ ერთხელ 2020 წელს დაფიქსირდა), თუმცა რეალური ზრდა ნომინალურს მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა. 2012 წლის ფასებში დათვლით მშპ არა 28-დან 90-მდე, არამედ 28-დან 50 მლრდ ლარამდე გაიზარდა.
შინაარსობრივად, ნომინალურსა და რეალურ ზრდას შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა, სხვაობა საკმაოდ დიდია მიღებულ შედეგებს შორისაც. ცალკე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიუხედავად გავლენებისა, რომელსაც „ქართულ ოცნებაშიც“ არ მალავენ, რაიმე მოვლენის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირება, რომელსაც ოფიციალური თანამდებობა არ უკავია, შეიძლება დასაშვებად მივიჩნიოთ, მაგრამ მთლად ზუსტი არაა. ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ „ქართული ოცნების“ განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.
ანალიზი:
„ქართულმა ოცნებამ“ 8 იანვარს განცხადება გაავრცელა, სადაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზეც ისაუბრა და ის სხვა ფაქტორებთან ერთად ნომინალურ ეკონომიკურ ზრდასაც დაუკავშირა: „[ბიძინა ივანიშვილმა] ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდიდან 90 მილიარდამდე გაზარდა“.
ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურად პრემიერის პოსტს 13 თვის განმავლობაში (2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის ნოემბრამდე) იკავებდა. 2018 წლის მაისში 2 წლითა და 8 თვით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის სტატუსით დაბრუნდა პოლიტიკაში. 2023 წლის 30 დეკემბერს კი ის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე გახდა. ბიძინა ივანიშვილი მთავრობის თავმჯდომარის პოსტს 11 წელზე მეტია აღარ იკავებს, თუმცა მის გავლენებს მმართველ პარტიაშიც ადასტურებენ, ოპოზიციაშიც და საზღვარგარეთაც. 2014-2024 წლების მოვლენების ბიძინა ივანიშვილთან პირდაპირი დაკავშირება მთლად ზუსტი არაა, თუმცა არსებული პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით შეიძლება დასაშვებად მივიჩნიოთ.
გაიზარდა, თუ - არა ნამდვილად „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს ეკონომიკა 28-დან 90 მლრდ-მდე? საქსტატის ცნობით, 2012 წელს საქართველოს ეკონომიკის მოცულობა 28 მლრდ ლარს შეადგენდა, 2023 წელს 81 მლრდ-ს, ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული 2024 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი კი 91 მლრდ ლარია. ნომინალურად რიცხვები სწორია, თუმცა ბოლო 12 წელიწადში ქვეყნის რეალური ეკონომიკა 220%-ით არ გაზრდილა. ჯამურმა ზრდის ტემპმა 2.5-ჯერ ნაკლები 87% შეადგინა[1]. ნომინალურსა და რეალურ ზრდებს შორის სხვაობის ძირითადი მიზეზი კი ინფლაცია გახდა, რაც „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნახსენები არ ყოფილა. 2012 წლის შემდეგ სამომხმარებლო ფასები რომ არ გაზრდილიყო, ქვეყნის ეკონომიკა 50 მლრდ ლარი იქნებოდა.
გრაფიკი 1: საქართველოს მშპ (მლრდ. ლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ფინანსთა სამინისტრო
2013-2024 წლებში სამომხმარებლო ფასები ჯამურად 66%-ით გაიზარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ იმ პროდუქტებისა და მომსახურებების შესაძენად რისთვისაც 2012 წელს 100 ლარი საკმარისი იყო, 2024 წელს 166 ლარი გახდა საჭირო. თუ მშპ-ს პირიქით 2024 წლის ფასებში დავითვლით, გამოვა, რომ 2012-2024 წლებში ის არა 27.9-დან 90.9 მლრდ ლარამდე, არამედ 46.3-დან 90.9 მლრდ ლარამდე გაიზარდა.
დამატებითი განმარტების გარეშე, ნომინალურად, თუნდაც სწორი რიცხვების დასახელება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ თითქოს რეალური ცხოვრების დონეც 2012 წლის შემდეგ სამჯერ და მეტად - 220%-ით, გაიზარდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან რეალურმა ჯამურმა ეკონომიკურმა ზრდის ტემპმა დასახელებულ პერიოდში ბევრად ნაკლები - 87%, შეადგინა. შინაარსობრივად ნომინალურსა და რეალურ ზრდას შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა, სხვაობა საკმაოდ დიდია მიღებულ შედეგებს შორისაც. ცალკე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიუხედავად გავლენებისა, რომელსაც „ქართულ ოცნებაშიც“ არ მალავენ, რაიმე მოვლენის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირება, რომელსაც ოფიციალური თანამდებობა არ უკავია, შეიძლება დასაშვებად მივიჩნიოთ, მაგრამ მთლად ზუსტი არაა. ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ „ქართული ოცნების“ განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.