ბათუმში, უწყვეტი საპროტესტო აქციების პარალელურად, საახალწლო გასართობი ღონისძიებებიც მიმდინარეობს. საზეიმო კონცერტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. კერძოდ, მუნიციპალურმა ორგანიზაცია „ბათუმის კულტურის ცენტრმა“ სხვადასხვა ჯგუფსა და მომღერალთან 435 900 ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა. ყველა ხელშეკრულება გაფორმებულია გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში. მუსიკოს-შემსრულებლებს შორის, ძირითადად, ისინი არიან, ვინც მუნიციპალური თუ ცენტრალური ბიუჯეტების მიერ დაფინანსებულ ღონისძიებებში მანამდეც არაერთხელ მონაწილეობდა. მათი ჩამონათვალი და სახელშეკრულებო ღირებულება მოცემულია ცხრილ 1-ში.
ცხრილი 1. ბათუმის საახალწლო ღონისძიებებში მონაწილე შემსრულებლები და მათი ჰონორარი, რომელიც ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 2025 წლის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება
წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
ცხრილში ჩამოთვლილი მიმწოდებლების ნაწილი სწორედ „ქართული ოცნების“ ტელევიზიებით გახდა პოპულარული. მაგალითად, „ღამის შოუს გიორგი გაბუნიასთან ერთად“ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კვირაში სამი დღე ეთმობა. ის არაერთ მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობს. ასევე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ კონცერტებზე იმღერეს „ქართულმა ხმებმა“, „თეატრალურმა კვარტეტმა“, ჯგუფმა „რეზომ და ბავშვებმა“, „ქუჩის ბიჭებმა“, თიკა ბალანჩივაძემ, თემურ თათარაშვილმა, სალომე ბაკურაძემ, მანანა თოდაძემ და სხვებმა. მოგეხსენებათ, საზოგადოების ნაწილი 2024 წლის არჩევნების შედეგებს არ ცნობს. მოქალაქეები თითქმის ორი თვეა, დედაქალაქის პარალელურად, უწყვეტ აქციებს მართავენ ბათუმშიც და ახალ არჩევნებთან ერთად, აქციებზე დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ. მშვიდობიანი მომიტინგეების ცემა არაერთმა ხელოვანმა დაგმო და „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტებში მონაწილეობაზე უარი თქვა. აქციის მონაწილეებმა საკუთარი პროტესტი დააფიქსირეს ბათუმში გამართულ საახალწლო კონცერტზე, რომელზეც ნუცა ბუზალაძემ იმღერა. დემონსტრანტებმა კონცერტზე მიიტანეს აქციებზე სასტიკად ნაცემი ადამიანების ფოტოები. „თქვენ ამაში თქვენი ფული აღებული გაქვთ“, - მიმართა ბუზალაძემ აქციის მონაწილეებს, რომელთა გადახდილი გადასახადებითაც ის ჰონორარს იღებს.
აღსანიშნავი დეტალია, რომ ბათუმის კულტურის ცენტრმა 2024 წლის დეკემბერში გამოაცხადა ორი ტენდერი საახალწლო ღონისძიებებისთვის სივრცის მოწყობისა და ტექნიკური აღჭურვის უზრუნველყოფის მიზნით. 294 000 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი ითვალისწინებდა საგამოფენო სივრცეების, სანტას კუთხის, სავაჭრო და კვების ობიექტების მოწყობასა და სხვა. 171 350-ლარიანი ტენდერი კი - ელექტრომოწყობილობებით, შესაბამისი გაყვანილობებით, დაცვის მომსახურებით სივრცის უზრუნველყოფას. მას შემდეგ, რაც ორივე ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა, კულტურის ცენტრმა, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა და გამარტივებული შესყიდვის ნებართვა ითხოვა. ამჯერად შესყიდვის ღირებულება 772 978 ლარით განისაზღვრა. აღნიშნული ღირებულება შემსრულებელთა ჰონორარებსაც მოიცავს. არსებული მდგომარეობით (2025 წლის 9 იანვარი), სააგენტოს თავის ვებგვერდზე გადაწყვეტილება ჯერაც არ აუტვირთავს, თუმცა კულტურის ცენტრმა შემსრულებლებთან და მიმწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებები გამოაქვეყნა. საინტერესოა, რომ სამუშაო ჯგუფს, რომელიც ამ ღონისძიებების ორგანიზებისთვის შეიქმნა, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სოფიკო ხალვაში ხელმძღვანელობდა. სწორედ ის აწერს ხელს ჯგუფის სხდომის ოქმს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ კულტურის ცენტრმა ღონისძიება „ახალი წელი 2025“, ტენდერების უარყოფითი შედეგებით დასრულების გამო, გამარტივებული შესყიდვით უნდა განახორციელოს. შეგახსენებთ, რომ მომღერალი სოფიკო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ 2018 წელს დაინიშნა. მანამდეც და მის მერეც, ხალვაშმა არაერთ ღონისძიებაზე იმღერა, რასაც ადასტურებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული მიღება-ჩაბარების აქტები. მაგალითად, 2021 წლის 31 დეკემბერს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერსა და სოფიკო ხალვაშს შორის გაფორმებული აქტით, მერიის ბიუჯეტიდან მომღერალს ოთხ სიმღერაში 3 750 ლარი გადაუხადეს.