იტვირთება

დეზინფორმაცია: ექიმები მთელი მსოფლიოდან გვაფრთხილებენ, რომ კორონავირუსის ვაქცინის გაკეთება არ შეიძლება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

13 იანვარს, სოციალური ქსელის Facebook-ის მომხმარებელმა ვიდეო გამოაქვეყნა შემდეგი სათაურით - „მოუსმინეთ ყურადღებით, რას ამბობენ პროფესორები, დოქტორები, ექიმები კოვიდ-19 და ვაქცინის შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან“. მომხმარებლის მიერ გავრცელებული პოსტი შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს აღნიშნული ექიმების მიერ გაჟღერებული დებულებები და მოსაზრებები, სანდოა. თუმცა, რეალურად, ვიდეოში წარმოდგენილი პირები კორონავირუსთან დაკავშირებულ დეზინფორმაციასა და მცდარ მოსაზრებებს ავრცელებენ, რომელიც ზოგიერთ მათგანს აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებია.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში წარმოდგენილი ადამიანები თავს გვაცნობენ, როგორც მედიცინის ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და მოსახლეობას მოუწოდებენ, კორონავირუსის ვაქცინა არ გაიკეთონ. ფაქტები, რომლებზეც სპიკერები აღნიშნულ ვიდეოში საუბრობენ, უმეტესწილად სიმართლეს არ შეესაბამება. მოცემულ დებულებებზე არაერთი დამოუკიდებელი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია წერდა, მათ შორის Lead Stories, Associated Press და Science Feedback.

სპიკერთა ნაწილი ე.წ. ექიმთა მსოფლიო ასოციაციასთან (ჯგუფთან, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას ოქტომბერში ავრცელებდა) არის დაკავშირებული. საკუთარ პოზიციას ქერი მადეი და რაშიდ ბუტარი გამოხატავენ, რომელთა მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა.

მტკიცება 1: PCR ტესტები არ არის უსაფრთხო და ბრიტანეთში სამედიცინო სტანდარტებით არ რეგულირდება

PCR ტესტის დროს ნაცხის ანალიზს ცხვირის ან პირის ღრუდან იღებენ, იშვიათ შემთხვევებში ნერწყვის ანალიზი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ PCR ტესტი არასასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს, ის ნერვულ სისტემას არ აზიანებს და ორგანიზმისთვის საზიანო არ არის. გარდა ამისა, ცხვირის ან პირის ღრუდან ნაცხის ანალიზის აღება, მისი ვირუსზე ტესტირების ან/და ლაბორატორიული ანალიზის ჩატარების მიზნით, უკვე მრავალი წლის განმავლობაში მიღებული პრაქტიკაა.

ბრიტანეთში ტესტირებისათვის აუცილებელი ინსტრუმენტები სამედიცინო ხელსაწყოებად მიიჩნევა. შესაბამისად, PCR ტესტის ჩასატარებლად აუცილებელ მოწყობილობათა კომპლექტს CE მარკირებას ატანენ, რაც გულისხმობს, რომ PCR ტესტი კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. მწარმოებელი CE მარკირებას მხოლოდ მას შემდეგ ათავსებს ტესტზე, რაც ტესტი შესაბამის ორგანოში, მაგალითად MHRA (მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტო) დარეგისტრირდება. MHRA დიდ ბრიტანეთში სამედიცინო პროდუქტების შესახებ კანონმდებლობის დანერგვასა და ადმინისტრირებას ახორციელებს და სამედიცინო პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელ საგამოძიებო და აღმასრულებელ უფლებამოსილებას ფლობს.

მტკიცება 2: კორონავირუსის ვაქცინა იწვევს ვირუსულ ინტერფერენციასა და ციტოკინურ შტორმს

ერთ-ერთი სპიკერი, ექიმი ელკე დე კლერკი, ამტკიცებს, რომ კორონავირუსის ვაქცინა ვირუსულ ინტერფერენციასა და ციტოკინურ შტორმს იწვევს, რომელიც სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

ვირუსული ინტერფერენცია ფენომენია, რომელიც გულისხმობს ერთი რომელიმე ვირუსით დაავადებული უჯრედის უნარს გამოიმუშავებს იმუნიტეტი სხვა ვირუსების წინააღმდეგ, რომელიც, უმეტესწილად, ორგანიზმში ბუნებრივად მიმდინარე პროცესია. არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ვირუსულ ინტერფერენციასა და კორონავირუსის ვაქცინას შორის კავშირს დაადგენდა. შესაბამისად, კორონავირუსის ვაქცინის მიღება ორგანიზმის მიერ სხვა ვირუსების მიმართ ამ პროცესების განვითარებას არ გულისხმობს.

ციტოკინურ შტორმს რაც შეეხება, ის მაშინ წარმოიქმნება, როდესაც იმუნური სისტემა ზედმეტად ძლიერად ან გაუგებრად რეაგირებს ინფექციაზე. ამ შემთხვევაში ხდება ციტოკინების გამოყოფა - მოლეკულების, რომელთა მეშვეობითაც იმუნური სისტემის უჯრედები „კონტაქტს ამყარებენ“ ერთმანეთთან. ციტოკინების ჭარბი რაოდენობით გამოყოფა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.

ზოგიერთი პაციენტი ციტოკინური შტორმის განვითარებისკენ ბუნებრივადაა მიდრეკილი. კავშირი კორონავირუსის მძიმე და ლეტალურ შემთხვევებსა და ციტოკინურ შტორმს შორის ჯერ კიდევ კვლევის საგანია. თუმცა მსოფლიო ჯანდაცვისა და ინფექციისგან თავდაცვის მეცნიერთა გუნდმა Meedan Digital Health Lab-იდან დააფიქსირა პოზიცია, რომ სამეცნიერო მტკიცებულება, თითქოს კორონავირუსის ვაქცინები ციტოკინური შტორმის განვითარებას იწვევენ - არ არსებობს.

ვიდეოში გაჟღერებულ მცდარ და ყალბ ამბებზე „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა:

• კორონავირუსის პანდემია წინასწარ არის დაგეგმილი - სინამდვილეში, კორონავირუსის პანდემია რეალურია და ამას ადასტურებს კვლევები (ბმული 1).

• კორონავირუსის ვაქცინა არ არის ეფექტური - სინამდვილეში, კორონავირუსის ვაქცინა ეფექტურია და აქვს უნარი, პანდემიის გავრცელება შეამციროს (ბმული 2).

• კორონავირუსი სეზონურ გრიპზე უფრო მომაკვდინებელი არ არის - სინამდვილეში, COVID-19-ის შემთხვევაში სიკვდილიანობის კოეფიციენტი გაცილებით მაღალია (ბმული 3).

• კორონავირუსის ვაქცინა 5G ტექნოლოგიასთან არის დაკავშირებული - სინამდვილეში, კორონავირუსსა და 5G ტექნოლოგიას შორის კავშირი არ არსებობს (ბმული 4).

• კორონავირუსის ვაქცინა იწვევს ქალებისა და გოგონების სტერილიზაციას - სინამდვილეში, არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომ კორონავირუსის ვაქცინა ქალებისა და გოგონების სტერილიზაციას იწვევს (ბმული 5).

• საინფორმაციო რნმ-ის ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინები ადამიანის გენეტიკურ მასალას შეიცავს - სინამდვილეში, საინფორმაციო რნმ-ის ტექნოლოგიაზე დამზადებული ვაქცინები ადამიანის გენეტიკურ მასალას არ შეიცავს (ბმული 6).

------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3686 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
ყალბი ამბავი
8%

ყველაზე კითხვადი