ანა დოლიძე: სოფელ ლისის, წოდორეთის და მუხაწყაროს წყალმომარაგების პრობლემის გადასაჭრელად სამი წლის განმავლობაში მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა პრობლემა ვერ გადაიჭრა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა დოლიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: სოფელ ლისისა და წოდორეთის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა 2016-2017 წლებში განხორციელდა და რეგიონული განვითარების ფონდიდან ამ მიზნით 142 278 ლარი გამოიყო. სოფელ ნაფეტვრებში წყალმომარაგების სისტემა დღემდე არ არსებობს და მოსახლეობა სასმელად ჭის წყალს იყენებს. ანა დოლიძის მიერ განცხადებაში დასახელებული რიცხვი აღნიშნული სოფლებში განხორციელებულ წყალმომარაგების პროექტის ღირებულებას მნიშვნელოვნად აღემატება, თუმცა განცხადების ავტორთან კომუნიკაციის შედეგად გაირკვა, რომ ის აუდიტის ანგარიშის მონაცემებს დაეყრდნო. ანგარიშის მიხედვით, 2017-2018 წლებში მცხეთის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების ხარჯმა 1 314 000 ლარი შეადგინა. გარდა აღნიშნულისა, განცხადების კონტექსტი, რომ მუნიციპალიტეტის დასახელებულ სოფლებში წყალმომარაგების პრობლემა წლების განმავლობაში ვერ მოგვარდა და მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სასმელი წყლის გარეშე არის დარჩენილი, სიმართლეა. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა დოლიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
ანალიზი
წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის პრობლემებთან დაკავშირებით სოფელ ლისის, მუხაწყაროსა და წოდორეთის მოსახლეობამ ერთობლივი აქცია გამართა. აქციაზე მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძეც იმყოფებოდა. მისი თქმით, დასახელებულ სოფლებში წყალმომარაგების პრობლემის გადასაჭრელად სამი წლის განმავლობაში მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა პრობლემა ვერ გადაიჭრა. ის პასუხისმგებლობას „მცხეთის სოფლის წყალს“ აკისრებს.
განცხადებაში პოლიტიკოსი არ აკონკრეტებს, რომელ წლებს გულისხმობს. მეტი სიცხადისთვის „ფაქტ-მეტრი“ ანა დოლიძეს დაუკავშირდა. როგორც მასთან კომუნიკაციისას გაირკვა, ანა დოლიძე საუბრისას „მცხეთის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის“ აუდიტის ანგარიშს ეყრდნობოდა.
სოფელი ლისი, მუხაწყარო და წოდორეთი მცხეთის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის, რომლის წყალმომარაგებასაც შპს „მცხეთის სოფწყალი“ ახორციელებს.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, მცხეთის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში შპს „მცხეთის სოფწყალს“ წყალმომარაგების პროექტების მოწყობა-რეაბილიტაციის მიზნით სუბსიდიის სახით ჯამში 1 314 000 ლარი გამოუყო (2017 წელს - 544 000, 2018 წელს - 770 000). ანა დოლიძის მიერ განცხადებაში გაჟღერებული თანხა - მილიონ ლარზე მეტი, სწორედ ამ მონაცემს ეყრდნობა.
აუდიტის მიერ მცხეთის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესწავლისას გამოვლინდა, რომ წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის მიზნით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები საკმარისი არ არის და სასმელ წყალზე მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ყოველდღიურ მოთხოვნილებას ვერ იკმაყოფილებს.
ასევე აღსანიშნავია, რომ შპს „მცხეთის სოფწყალი“ ინფორმაციას მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხით არსებული რთული მდგომარეობის შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტს სისტემატურად აწვდიდა. კერძოდ, წერილებში ხაზგასმულია შემდეგი პრობლემები: საჭირო იყო წყლის დამატებითი შემკრებების, ჭაბურღილების, სანიტარული ზონებისა და საქლორატოროს მოწყობა, წყალსადენის შიდა ქსელის განვითარება; წყლის დებეტის შემცირების გამო რეზერვუარებში წყლის საკმარისი რაოდენობა არ იყო და მოსახლეობა არსებული ხევებიდან სასმელად უვარგის, დაბინძურებულ წყალს თვითნებურად მოიხმარდა; წყლის მისაწოდებლად გამოყენებული ფოლადის მილები უვარგისი იყო; ზოგიერთი ჭაბურღილიდან მიღებული წყალი, ლაბორატორიული სინჯების მიხედვით, დამუშავებას არ ექვემდებარებოდა და სასმელად არ უნდა გამოყენებულიყო; ჭაბურღილიდან მიღებულ წყალს გოგირდის გემო და სუნი მოჰყვებოდა, რაც ჰიდრო-გეოლოგიურ გამოკვლევას საჭიროებდა და სხვ.
აუდიტის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტს პრობლემების მოსაგვარებლად, მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშზე არსებითი მოცულობის თავისუფალი ფულადი ნაშთი გააჩნდა, საკმარისი ღონისძიებები არ გაუტარებია.
ლისში, მუხაწყაროსა და წოდორეთში, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 2016-2017 წლებში განხორციელდა. რეგიონული განვითარების ფონდიდან წოდორეთში ჭაბურღილის დასამონტაჟებლად და მოსახლეობამდე მილების მისაყვანად 64 986 ლარი გამოიყო, ხოლო ლისში იმავე სამუშაოების განსახორციელებლად - 77 292 ლარი. რაც შეეხება სოფელ ნაფეტვარს, სოფელში წყალმომარაგების სიტემა დღემდე არ არსებობს და მოსახლეობა ჭის წყლით სარგებლობს.
მიუხედავად იმისა, რომ სოფელ ლისსა და წოდორეთში წყალგაყვანილობის სისტემას ტექნიკური დაზიანება არ აქვს, მოსახლეობის ნაწილი სასმელ წყალს მაინც ვერ იღებს.
„ფაქტ-მეტრი“ არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით მცხეთის მერიის წარმომადგენელს, ნუკრი ქობულაშვილს ესაუბრა, რომელიც დასახელებულ სოფლებს კურირებს. მისი ინფორმაციით, აღნიშნული მხარე არის უწყლო და მიუხედავად იმისა, რომ ჭაბურღილები ლისსა და წოდორეთში არის და წყალი მილებით მოსახლეობამდე არის მიყვანილი, წყლის დებეტის ნაკლებობის გამო, ის ყველა მოსახლემდე ვერ აღწევს. მან ასევე აღნიშნა, რომ პრობლემას ვერც დამატებითი ჭაბურღილის მოწყობა მოაგვარებს. მისი აზრით, ამ მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ დასახელებული სოფლების წყლით მომარაგება „ჯორჯიენ უოთერ ენდ ფაუერმა“ (GWP) განახორციელოს და ამ მიზნით, მასთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. აქვე აღვნიშნავთ, რომ 2020 წლის 1 დეკემბრიდან ქალაქ მცხეთის წყალმომარაგებას GWP ახორციელებს.
შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ ანა დოლიძის მიერ განცხადებაში მოყვანილი თანხა დასახელებულ სოფლებში განხორციელებულ წყალმომარაგების პროექტების ხარჯს არ შეესაბამება. მიუხედავად ამისა, განცხადების კონტექსტი, რომ წყალმომარაგების სისტემაზე მილიონ ლარზე მეტის დახარჯვის მიუხედავად, აღნიშნულ სოფლებს წყალმომარაგების პრობლემა დღემდე უდგას, სიმართლეა. ამ სოფლებში, არსებული ჭაბურღილი, მთლიანი სოფლის მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფისთვის საკმარისი არ არის და მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სასმელი წყლის გარეშე არის დარჩენილი. მცხეთის მერიის თანამშრომელი აცხადებს, რომ პრობლემის გადაჭრა, მხოლოდ ამ სოფლების gwp-ის დაქვემდებარებაში გადასვლაა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა დოლიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.