IFCN ნობელის პრემიაზეა ნომინირებული. ამის შესახებ IFCN-ის დამფუძნებელი პოინტერის ინსტიტუტი განცხადებას ავრცელებს. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე ფაქტების გადამმოწმებელთა საერთაშორისო ქსელი (IFCN) ნორვეგიელმა პოლიტიკოსმა, განათლებისა და კულტურის ყოფილმა მინისტრმა ტრინე სკეი გრანდემ წარადგინა. თავის განცხადებაში ნორვეგიელი პოლიტიკოსი წერს: „ომში სიმართლე პირველი მსხვერპლია. ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროში, როდესაც ტყუილის წინააღმდეგ ბრძოლა უმნიშვნელოვანესია, როგორც ეს ჯო ბაიდენმა განაცხადა თავის გუშინდელ გამოსვლაში. ამ წელს მე ვასახელებ ნობელის პრემიაზე ფაქტების შემმოწმებლებს. მათ ჩვენი გვერდში დგომა სჭირდებათ.“

სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი ფაქტების შემმოწმებელი ორგანიზაციების თანამშრომლობის იდეა ჯერ კიდევ 2014 წელს გაჩნდა, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ IFCN ორგანიზაციად ჩამოყალიბდებოდა. მაშინ ლონდონში, ერთ საკლასო ოთახში "პირველი ფაქტჩეკერები" შეიკრიბნენ. ამ შეხვედრაზე FactCheck საქართველოს წარმომადგენელიც იყო მიწვეული. ამ დღიდან მოყოლებული ფაქტების გადამმოწმებელთა რაოდენობა გაიზარდა და გაიზარდა ის გავლენაც, რომელსაც ჩვენი საქმიანობა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ახდენს.

IFCN განმარტავს, რომ ნომინირებიდან პრიზის მიღებამდე დიდი გზაა გასავლელი, თუმცა ამგვარი ნომინაცია უკვე არის იმ საქმის მნიშვნელობის ხაზგასმა, რომელსაც ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებენ.

IFCN პოინტერის ინსტიტუტმა 2015 წელს დააარსა. ამ ქსელის ხელმომწერები 51 ქვეყანაში საქმიანობენ და ჯამში ქსელში 79 ორგანიზაციაა გაწევრიანებული. „ფაქტ-მეტრი“ 2017 წლიდან IFCN-ის ვერიფიცირებული წევრია.

მთავარი ფოტო: Global Fact-Checking Summit 2014, რომელსაც ფაქტ-მეტრის სახელით საქართველოს რეფორმების ასოციაციის მოქმედი დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი ესწრებოდა

თეგები: