გია ვოლსკი: სასამართლო სისტემაა ისეთი, რომელსაც მსოფლიო აღიარებს, როგორც მოწინავეს მთელ ევროპაში, დასავლეთ ევროპაში უფრო წინ და მსოფლიოში კიდევ მე-17, თუ მე-18 ადგილზეა ჩვენი სასამართლო
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გია ვოლსკის განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება.
რეზიუმე: საერთაშორისო რეიტინგები და ანგარიშები პირდაპირ მიუთითებენ, რომ კანონის უზენაესობა და სასამართლოს დამოუკიდებლობა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ამ კუთხით, ბოლო პერიოდის საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციები გაუარესებულია. ამასთან, განხილული საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, სასამართლო სისტემის შეფასების კუთხით საქართველოს პოზიცია ძირითად შემთხვევებში 40-სა და 50-ს შორის მერყეობს.
ანალიზი:
2020 წლის 12 ნოემბერს პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა, გია ვოლსკიმ ტელეკომპანიის „რუსთავი 2“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა ევროპაში ერთ-ერთი მოწინავეა - „მურუსიძის ადვოკატი მე ნამდვილად არა ვარ, სასამართლო სისტემაა ისეთი, რომელსაც მსოფლიო აღიარებს, როგორც მოწინავეს მთელ ევროპაში, დასავლეთ ევროპაში უფრო წინ და მსოფლიოში კიდევ მე-17, თუ მე-18 ადგილზეა ჩვენი სასამართლო“.
განცხადების დაზუსტების მიზნით (კერძოდ, რომელ საერთაშორისო კვლევას/ანგარიშის ემყარება განსახილველი განცხადება), „ფაქტ-მეტრი“ გია ვოლსკის დაუკავშირდა, რომელმაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მომზადებულ ანგარიშზე - „სასამართლო სისტემის საქმიანობის ანგარიში 2017-2019“ მიგვითითა.
ანგარიშში „სასამართლო სისტემის პროგრესის საერთაშორისო აღიარების“ საილუსტრაციოდ “Doing Business-ის”, “Rule of Law index-ის”, “Index of Economic Freedom-ის” და “Human Freedom index-ის ” საერთაშორისო რეიტინგებია წარმოდგენილი.
Doing Business
მსოფლიო ბანკი ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგს 2003 წლიდან (Doing Business B 2004) აქვეყნებს. ამ დროისთვის კვლევაში მსოფლიოს 190 ქვეყანაა ჩართული. „Doing Business” აღნიშნულ ქვეყნებში ბიზნესის წამოწყების, მართვისა და დახურვისთვის საჭირო სახელმწიფო რეგულაციების სიმარტივეს, ასევე, სასამართლოს მომსახურების ეფექტურობას ზომავს, რაც ქვეყნებში არსებული ბიზნეს გარემოს შესაფასებლად, მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. „Doing Business-ის” ყოველწლიური ანგარიში წინა წლის მდგომარეობას ასახავს. 2020 წლის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში საქართველო, წინა წელთან შედარებით, 1 პოზიციით დაქვეითდა და მსოფლიოში მე-7 ადგილზეა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო ანგარიშში აღნიშნავს, რომ „Doing Business-ის” 2019 წლის რეიტინგის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მე-6 ადგილზეა და ეს წარმატება 2018 წელს სასამართლოში საქმეთა შემთხვევითი განაწილების ელექტრონული სისტემის დანერგვით არის განპირობებული.
Doing Business-ის რეიტინგი სასამართლო სისტემის საფუძვლიან შეფასებას არ ითვალისწინებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, იგი სასამართლოს მომსახურებას ბიზნესთან ურთიერთობის ჭრილში აფასებს. შესაბამისად, ქართული მართლმსაჯულების სისტემის შეფასებისთვის „Doing Business-ის” რეიტინგი ნაკლებად არის გამოსადეგი. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წლის რეიტინგში საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეფორმად, სწორედ საქმეთა ელექტრონული განაწილების წესის დანერგვა არის დასახელებული.
ცხრილი 1: საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში
წყარო: მსოფლიო ბანკი
კანონის უზენაესობის ინდექსი ( Rule of Law index - WJP)
„კანონის უზენაესობის ინდექსი“ საერთაშორისო ორგანიზაციის, „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი“ ყოველწლიურ რეიტინგს წარმოადგენს. აღნიშნული ქვეყნებს რვა ძირითადი ინდიკატორის მიხედვით აფასებს. ესენია: ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვა, კორუფციის არარსებობა, მთავრობის ღიაობა, ძირითადი უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, რეგულაციების შესრულება, სამოქალაქო სამართალი და სისხლის სამართალი. რეიტინგი ქვეყნებს სკალაზე 0-დან 1-მდე აფასებს, სადაც 1 საუკეთესო მაჩვენებელია. „კანონის უზენაესობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველომ 2020 წელს 0.6 ქულა დაიმსახურა და მსოფლიო რეიტინგში 42-ე ადგილი დაიკავა. წინა წელთან შედარებით საქართველოს შეფასება 0.01- ით ქულით, ხოლო პოზიცია 1 ადგილით გაუარესდა. შეფასების გაუარესება, კორუფციის, მთავრობის ღიაობის, ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვისა და ძირითადი უფლებების კრიტერიუმებში დაბალმა შეფასებებმა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს 2020 წლის შეფასება 2014 წლის ნიშნულზე დაბრუნდა, ხოლო პოზიციურად ბოლო 6 წელიწადში, საქართველო 11 საფეხურით დაქვეითდა. „კანონის უზენაესობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველოს, საუკეთესო მაჩვენებელი 2015 წელს ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ, საქართველოს პოზიცია მუდმივად უარესდება.
ცხრილი 2: საქართველოს შეფასება „კანონის უზენაესობის ინდექსის“ მიხედვით 2014-2020 წლებში
წყარო: მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი.
საყურადღებოა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშში ყურადღებას, მხოლოდ რეიტინგში საქართველოს პოზიციაზე ამახვილებს, ხოლო შეფასების გაუარესების შესახებ არაფერს ამბობს.
ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი (Index of Economic Freedom)
„ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ საერთაშორისო ორგანიზაციის, „Heritage Foundation“ ყოველწლიურ რეიტინგს წარმოადგენს. რეიტინგი 12 სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით დგება. ესენია: საკუთრების უფლება, მართლმსაჯულების ეფექტურობა, მთავრობის კეთილსინდისიერება, საგადასახადო ტვირთი, მთავრობის დანახარჯები, ბიზნესის თავისუფლება, შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება, ვაჭრობის თავისუფლება, ინვესტიციების თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება და ფისკალური თავისუფლება. თითოეული ინდიკატორი 0-დან 100-მდე ქულით ფასდება, სადაც 100 საუკეთესო მაჩვენებელია.
„ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2020 წლის კვლევის მიხედვით, საქართველომ 77.1 ქულა მიიღო, რეიტინგში 4 პოზიციით დაწინაურდა და მე-12 პოზიცია დაიკავა. 2020 წლის შეფასება საქართველოსთვის საუკეთესო მაჩვენებელია (იხ. ცხრილი 3). „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ 2020 წლის რეიტინგში 2018 წლის მეორე ნახევრისა და 2019 წლის პირველი ნახევრის მონაცემებია ასახული. შესაბამისად, მოცემულ რეიტინგში, 2019 წლის მეორე ნახევარში საქართველოში განვითარებული მოვლენები, მათ შორის, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი და პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმეები, მანიფესტაციების დაშლა, საარჩევნო რეფორმის ჩაგდება და ა.შ. არ ასახულა.
ცხრილი 3: „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით საქართველოს შეფასება 2012-2020 წლებში
წყარო: Heritage Foundation
2020 წლის ჯამური შეფასება საქართველოსთვის, ყველაზე მაღალია. თუმცა, საყურადღებოა, რომ ცალკეული კრიტერიუმების მიხედვით, საქართველოს საუკეთესო შედეგები სხვადასხვა წლებში ჰქონდა. მაგალითად, „მართლმსაჯულების ეფექტურობის“ კუთხით, 2020 წელს საქართველომ 57.9 ქულა მიიღო, რაც 2016 წლის შეფასებასთან შედარებით, 8.6 ქულით ნაკლებია. ამასთან, 2018 წლიდან საქართველომ მეტწილად თავისუფალი ქვეყნებიდან ზომიერად თავისუფალ ქვეყნებში გადაინაცვლა. რეგრესთან ერთად, აღსანიშნავია ისიც, რომ „საკუთრების უფლების“ კუთხით, საქართველომ 2016 წლიდან მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და ამ კრიტერიუმით, 2020 წელს უმაღლესი შეფასება, 68.6 ქულა დაიმსახურა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშში საქართველოს შეფასებების რეგრესზე საუბარი საერთოდ არაა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წლის რეიტინგში „მართლმსაჯულების ეფექტურობის კუთხით“ საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა, თუმცა სრულყოფილი კონტექსტი ნახსენები არაა. ამასთან, ანგარიშში არსებული შედარებები თავისი ხასიათით მანიპულაციურია. ის ფაქტი, რომ 2020 წლის რეიტინგში ევროპის ქვეყნებს შორის, მე-19-დან მე-18 ადგილზე გადაინაცვლა, ჩრდილოეთ მაკედონიის შეფასების მკვეთრი გაუარესებით აიხსნება. რეგიონში საქართველოს პოზიციაზე აპელირებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცდილობს, სასამართლო სისტემის მიმართ არსებული უარყოფითი შეფასებები გადაფაროს.
ადამიანის თავისუფლების ინდექსი (Human Freedom index)
„ადამიანის თავისუფლების ინდექსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ფრეიზერის ინსტიტუტის“ ყოველწლიურ რეიტინგს წარმოადგენს. „ადამიანის თავისუფლების ინდექსი” ქვეყნებს 76 ინდიკატორზე დაყრდნობით 12 მიმართულებით (მათ შორის, კანონის უზენაესობის, საკუთრების უფლების და სამართლებრივი სისტემის მიხედვით) 10-ბალიანი ქულათა სისტემით აფასებს, სადაც 10 ქულა საუკეთესო მაჩვენებელია. ადამიანის თავისუფლების ინდექსი 2020 წლის რეიტინგი 2018 წლის მონაცემების საფუძველზეა შედგენილი. 2020 წლის რეიტინგის მიხედვით, საქართველომ 7.87 ქულა მიიღო და მსოფლიოს 162 ქვეყანას შორის მე-40 ადგილი დაიკავა. კანონის უზენაესობის კუთხით, 2020 წლის საქართველომ 5.4 ქულა მიიღო. საკუთრების უფლების და სამართლებრივი სისტემის კრიტერიუმში საქართველოს შეფასება 6.5 ქულაა, თუმცა საყურადღებოა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდიკატორის მიხედვით საქართველოს შეფასება 4.2 ქულაა.
ცხრილი 4: „ადამიანის თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით, საქართველოს შეფასება 2008-2018 წლებში.
წყარო: ფრეიზერის ინსტიტუტი.
ცხრილიდან ჩანს, რომ წინა წელთან შედარებით საქართველო მდგომარეობა 0.01 ქულით გაუარესდა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს საუკეთესო შეფასება 2014-2015 წლებში ჰქონდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშში საქართველოს შეფასებები განხილული არ არის. ანგარიში, მხოლოდ საქართველოს პოზიციის სხვა ქვეყნების პოზიციებთან შედარებაზეა აქცენტი გაკეთებული.
როგორც დასაწყისში უკვე აღვნიშნეთ, ზემოთ განხილული რეიტინგები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ქართული სასამართლო სისტემის პროგრესის „საილუსტრაციოდ“ იყო წარმოდგენილი. თუმცა რეიტინგების ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ რეიტინგების შესახებ, იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არაზუსტი ან/და მანიპულაციური იყო და საზოგადეობის შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად. ყოველი რეიტინგის განხილვისას საბჭო ცდილობს, რეიტინგში საქართველოს პოზიციაზე მითითებით და გაურკვეველი შედარებებით, სასამართლო სისტემის შესახებ დადებითი შთაბეჭდილება შექმნას.
ასევე, საყურადღებოა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მომზადებულ დოკუმენტში არ მოხვდა ისეთი საერთაშორისო რეიტინგები და ანგარიშები, როგორებიცაა: „Freedom House-ის” ანგარიშები “Nation in Transit 2020” და „თავისუფლება მსოფლიოში 2020“; „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ყოველწლიური რეიტინგი „კორუფციის აღქმის ინდექსი“; „მსოფლიო ბანკის“ ანგარიში „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორი 2020“ და ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში. ხსენებული ანგარიშები საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ კრიტიკული შეფასებებით გამოირჩევა. აღნიშნული ანგარიშებისა და მათში ქართული სასამართლო სისტემის შეფასების შესახებ უფრო ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გია ვოლსკი განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება. განმცხადებელი მონაცემების მხოლოდ იმ ნაწილს ეყრდნობა, რომელიც სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებას დადებითად წარმოაჩენს. განხილული რეიტინგების ადასტურებს, რომ სასამართლო სისტემის შეფასების კუთხით საქართველოს პოზიცია ძირითად შემთხვევებში 40-სა და 50-ს შორის მერყეობს. ამასთან, თითქმის ყველა განხილული რეიტინგის მიხედვით, სასამართლო სისტემის კუთხით, საქართველოს შეფასება გაუარესებულია.