ივანე მაჭავარიანი: ვალის 80% დენომინირებულია უცხოურ ვალუტაში, რაც კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის 60%-იან [კანონით გათვალისწინებული ზღვრის] ნიშნულს.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ივანე მაჭავარიანის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: 2012-2020 წლებში, მთავრობის ვალის უცხოურ ვალუტაში დენომინირებული მაჩვენებელი ვალის დაახლოებით 80%-ს შეადგენდა, ხოლო ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული მაჩვენებელი დაახლოებით 20%-ს. ასევე, 2012-2020 წლის განმავლობაში, საგარეო ვალის წილი მთავრობის მთლიან ვალთან მიმართებით, შემცირების ტენდენციით ხასიათდება.
ეკონომიკური თავისუფლების შესახებ კანონის შესაბამისად მთავრობის ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამავდროულად, პანდემიით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის შემოღება, მთავრობას უფლებას აძლევს, ვალისა და დეფიციტის მაჩვენებლები, 3 წლის განმავლობაში, კანონით დადგენილ ზღვარს აღემატებოდეს. ფინანსთა მინისტრი, სწორედ აღნიშნულ ზღვარზე საუბრობს. ნოემბრის მონაცემებით, მთავრობის ვალი მოსალოდნელი მშპ-ს 59.4%-ს შეადგენს, თუმცა ფარდობითი მაჩვენებლის 60%-ზე გადაცილებაა დაგეგმილი.
ლარის კურსის მნიშვნელოვანი მერყეობა და გაუფასურება დოლართან მიმართებით, საქართველოში პრობლემას, დაახლოებით 2014 წლიდან წარმოადგენს. აღნიშნულ წელთან შედარებით, ლარი თითქმის ორჯერ არის გაუფასურებული. შესაბამისად, უცხოურ ვალუტაში გამოსახული ვალის მაღალი ნიშნულიდან გამომდინარე, მომავალი სავალუტო რყევების/გაუფასურების პირობებში საგარეო ვალის მაჩვენებლის სტაბილურობას მნიშვნელოვანი საფრთხე ექმნება, იმ თეორიულ შემთხვევაშიც კი, თუ უცხოურ ვალუტაში გამოსახული საგარეო ვალის მოცულობა არ გაიზარდა.
ანალიზი:
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა: „ვალის 80% დენომინირებულია უცხოურ ვალუტაში, რაც კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის 60% [კანონით გათვალისწინებული ზღვრის] ნიშნულს“.
მთავრობის ვალი ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. ინტერესი განსაკუთრებით ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული პანდემიის პირობებში გაიზარდა. მთავრობის ვალი შიდა, ეროვნულ ვალუტაში გამოსახული და საგარეო, შესაბამისად, უცხოურ ვალუტაში გამოსახული ვალისგან შედგება. 2020 წლის მიმდინარე მონაცემებით (ნოემბრის), მთავრობის მთლიანი ვალი დაახლოებით 29.3 მლრდ ლარს შეადგენს, მათ შორის, შიდა ვალი - დაახლოებით 6 მლრდ ლარს, ხოლო საგარეო ვალი - 23.2 მლრდ ლარს. აღსანიშნავია, რომ 2019 წელთან შედარებით, მთავრობის მთლიანი ვალის აბსოლუტური მაჩვენებელი 9.4 მლრდ ლარით გაიზარდა, მათ შორის, შიდა ვალის მოცულობა - 1.8 მლრდ ლარით, ხოლო საგარეო ვალის მოცულობა 7.5 მლრდ ლარით გაიზარდა.
გრაფიკი 1: მთავრობის ვალი 2012-2020 (ნოემბერი) წლებში
წყარო: ფინანსთა სამინისტრო, საქსტატი
მთავრობის ვალის დინამიკის მიმოხილვისას, გასათვალისწინებელი ასპექტი ლარის გაცვლითი კურსის დოლართან მიმართებით მერყეობაა. კერძოდ, კურსის ცვლილებისას, პერიოდის ბოლოს ახალი კურსით გადაიანგარიშება არა მხოლოდ ვალის ნაზრდი პერიოდში (აღებული ვალი წელიწადში), არამედ მოცემული მონაკვეთისათვის აკუმულირებული ვალის ნაშთიც (წარსულში აღებული ვალის გადაუხდელი ნაწილი). ბოლო წლების განმავლობაში, მთავრობის და სახელმწიფო ვალის ზრდა მნიშვნელოვანწილად წარსულში დაგროვილი ვალის ნაშთის ახალი კურსის შესაბამისად გადაანგარიშებამ გამოიწვია. მთავრობის მთლიანი სახელმწიფო ვალის ზრდა, ძირითადად სახელმწიფო საგარეო ვალის ზრდაზე მოდის. მთავრობის ვალში, შიდა და საგარეო ვალის პროცენტული თანაფარდობა, გრაფიკ 2-ზე არის წარმოდგენილი. ფინანსთა მინისტრის განცხადების შესაბამისად, 2012-2020 წლებში, მთავრობის ვალის უცხოურ ვალუტაში დენომინირებული მაჩვენებელი დაახლოებით 80%-ს შეადგენდა, ხოლო ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული მაჩვენებელი, დაახლოებით 20%-ს.
გრაფიკი 2: ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში არსებული (გრაფიკზე, გამოსახული ლარში) დენომინირებულ მთავრობის ვალდებულებების პროცენტული თანაფარდობა 2012-2020 (ნოემბერი) წლებში
წყარო: ფინანსთა სამინისტრო
ეკონომიკური თავისუფლების შესახებ კანონის შესაბამისად, მთავრობის ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამავდროულად, პანდემიით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის შემოღება, მთავრობას უფლებას აძლევს, ვალისა და დეფიციტის მაჩვენებლები, 3 წლის განმავლობაში, კანონით დადგენილ ზღვარს აღემატებოდეს. ფინანსთა მინისტრი, სწორედ აღნიშნულ ზღვარზე საუბრობს. ლარის კურსის მნიშვნელოვანი მერყეობა და გაუფასურება დოლართან მიმართებით, საქართველოში პრობლემას წარმოადგენს დაახლოებით 2014 წლიდან. შესაბამისად, საგარეო ვალის მაჩვენებლის სტაბილურობას, უცხოურ ვალუტაში გამოსახული საგარეო ვალის მაღალი ნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი საფრთხე ექმნება. ნოემბრის მონაცემებით, მთავრობის ვალი მოსალოდნელი მშპ-ს 59.4%-ს შეადგენს, თუმცა დაგეგმილია ფარდობითი მაჩვენებლის 60%-ზე გადაცილება. თავდაპირველად, პანდემიამდე დაგეგმილ ბიუჯეტში, 2020 წლის მთავრობის ვალის საპროგნოზო მაჩვენებელი მშპ-თან 45%-ს შეადგენდა. მომავალში, ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურებამ, შესაძლოა, მთავრობის ვალის მაჩვენებლის კიდევ უფრო მეტად ზრდა გამოიწვიოს. ვალუტის კურსით გამოწვეული ეფექტის საილუსტრაციოდ, გრაფიკ 3-ზე საქართველოს მთლიანი სახელმწიფო ვალი[1] ლარში და აშშ დოლარშია წარმოდგენილი. აღნიშნულ პერიოდში, აშშ დოლარში გამოსახული სახელმწიფო საგარეო ვალი დაახლოებით 2.9 მლრდ დოლარით გაიზარდა, ხოლო ეროვნულ ვალუტაში გამოსახული ანალოგიური მაჩვენებელი - 16.6 მლრდ ლარით.
გრაფიკი 3: სახელმწიფო საგარეო ვალი, გამოსახული ლარში და დოლარში, 2012-2020 (ნოემბრის) მდგომარეობით
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
[1]მთავრობის ვალს დამატებული ეროვნული ბანკის ვალდებულებები