დეზინფორმაცია: COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ადამიანის ორგანიზმის უჯრედებს აავადებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობის დაწყების პირველივე დღეებიდან ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებით დღემდე უამრავი მცდარი ინფორმაცია და შეთქმულების თეორია ვრცელდება. სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაციის თანახმად, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა სხეულში მოხვედრის დროს უჯრედების დასნებოვნებას იწვევს და ის დაავადებების სხვებზე გადადების პროცესს ვერ აჩერებს. აღნიშნულ დეზინფორმაციას ქართული Facebook-გვერდებიც ავრცელებენ. გვერდმა „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები“ 11 იანვარს გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, სინამდვილეში, „არის მექანიკური მოწყობილობა ძალიან მცირე ზომის ტექნოლოგიის პაკეტის სახით, რომელიც შეჰყავთ ადამიანის სისტემაში, იმისთვის რომ გაააქტიუროს უჯრედი, რათა გახდეს პათოგენის მწარმოებელი ქარხანა“. მასალის თანახმად, ეს ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ ადამიანის უჯრედები მიზანმიმართულად დააავადმყოფონ. მოცემული მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავსი სახის დეზინფორმაციის გავრცელება, განსაკუთრებით კი პანდემიის ფონზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის საფრთხის შემცველია.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 4 ძირითადი ჯგუფი:

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოში 4 ტიპის პოტენციურ კოვიდ-ვაქცინაზე მუშაობენ.

დასუსტებული ან ინაქტივირებული ვირუსული ნაწილაკების შემცველი ვაქცინები, რომლებიც ადამიანის სხეულში მოხვედრის დროს დაავადებას არ იწვევს, თუმცა იმუნურ რეაქციას მაინც წარმოქმნის.

ცილებზე ან ცილის უვნებელ ფრაგმენტებზე დაფუძნებული ვაქცინები, რომლებიც COVID-19-ის ვირუსის ცილების სტრუქტურას იმეორებს. ასეთი ვაქცინები ვირუსის ნაწილს შეიცავს, რომელსაც ორგანიზმის იმუნური პასუხის გამოწვევა შეუძლია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მთლიან ვირუსს არ შეიცავს, ინფექციურ პროცესს არ იწვევს.

ვირუსულ ვექტორზე დაფუძნებული ვაქცინები - ასეთი ტიპის ვაქცინები COVID-19-ის მსგავს ცილებს აწარმოებენ და ორგანიზმში იმუნური რეაქციის უსაფრთხოდ წარმოქმნას უწყობენ ხელს.

• ვაქცინები, რომლებიც შეიცავს რნმ ან დნმ გენეტიკურ მასალას, რომელშიც ვირუსის ანტიგენის შექმნის ინსტრუქციაა კოდირებული. მსგავსი სახის ვაქცინების მიზანია, ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ აიძულოს ის, კორონავირუსის ანტიგენი წარმოქმნას, რაც ადამიანის ორგანიზმის მხრიდან იმუნური პასუხის განვითარებას განაპირობებს.

Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინების მუშაობის პრინციპი

COVID-19-ის საწინააღმდეგო ორი ავტორიზებული ვაქცინა, Pfizer/BioNTech და Moderna, პირველი ტიპის ვაქცინების ჯგუფს მიეკუთვნება და გენეტიკურ მასალა რნმ-ზე დაფუძნებულ ვაქცინებს წარმოადგენს. ზოგადად, სამი სახის რნმ არსებობს: სატრანსპორტო, ინფორმაციული და რიბოსომული. აღნიშნული ვაქცინების ძირითადი სტრუქტურული ერთეული, სწორედ, ინფორმაციული რნმ-ია (ი-რნმ). ზემოთ აღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე, Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინები ადამიანის ორგანიზმში ი-რნმ-ის მოლეკულის შეყვანით მუშაობს. მოლეკულის შეყვანა იმ პროტეინის გამომუშავებას იწვევს, რომელიც SARS-CoV-2-ის შემადგენელ ერთ-ერთ ვირუსულ ცილას ჰგავს. ორგანიზმში ერთგვარი კოპირების გზით წარმოქმნილ ცილებზე იმუნური სისტემა ანტისხეულების წარმოქმნით რეაგირებს, რაც მომავალში ადამიანის ნამდვილი ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში დაიცავს. აქვე აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ორგანიზმი ცილას ან ცილის ნაწილს წარმოქმნის, უჯრედები იშლება და რნმ-ის მოლეკულისგან თავისუფლდება. ფაქტობრივად, ამ გზით იმუნური სისტემა სწავლობს, თუ როგორ ამოიცნოს პროტეინი და მის წინააღმდეგ ანტისხეულები როგორ წარმოქმნას.

წყარო: გაზეთი „ბათუმელები“

რამდენად უსაფრთხოა COVID-19-ის მოქმედი ვაქცინები?

ი-რნმ ვაქცინების ადამიანის უჯრედებში შეყვანა დნმ–ის ცვლილებას არ იწვევს და ამ უჯრედების გამრავლების შემთხვევაში, ი-რნმ არ შედის ახალი უჯრედების გენეტიკურ ინფორმაციაში. შესაბამისად, ი-რნმ, ადამიანის დნმ-ზე არც გავლენას ახდენს და არც რაიმე სახით მოქმედებს.

ი-რნმ ვაქცინები აქამდე არ გამოუყენებიათ, თუმცა მათ წლების განმავლობაში აქტიურად შეისწავლიდნენ. მომავალში, ი-რნმ ვაქცინის ტექნოლოგიის საშუალებით, ერთი ვაქცინით რამდენიმე დაავადების პრევენცია შეიძლება იყოს შესაძლებელი, რაც ვაქცინით პრევენცირებადი ძირითადი დაავადებებისგან დასაცავად საჭირო აცრების რაოდენობას შეამცირებს. ამასთან ერთად, ი-რნმ-ზე დაფუძნებული ტექნოლოგია, ტრადიციულ მეთოდთან შედარებით, ვაქცინის დამზადების უფრო სწრაფი მეთოდია. ი-რნმ-ზე დაფუძნებული ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინა ადამიანისთვის უფრო უსაფრთხოა, რადგან მათი შემუშავებისთვის, კემბრიჯის უნივერსიტეტის თანახმად, ნაკლები ინფექციური ელემენტი გამოიყენება.

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემადგენლობაზე საუბრისას განაცხადა, რომ Pfizer-ის ვაქცინა, გარდა ვირუსის რნმ ნიმუშისა, პოლიეთილენგლიკოლს, ქოლესტეროლს, კალიუმის ქლორიდს, საქაროზას, ანუ შაქარს და მონობაზისურ ნატრიუმის ფოსფატსაც შეიცავს. რაც შეეხება მოდერნას ვაქცინას, ის მესენჯერულ რნმ-ის, პოლიეთილენგლიკოლის, ქოლესტეროლის, ტრომეტამინის, საქაროზას და ნატრიუმის აცეტატისგან შედგება. მისი თქმით, ანტივაქცინური მოძრაობის გაძლიერება და საზოგადოებაში ვაქცინისადმი უნდობლობის გაჩენის მცდელობა, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდის წინაპირობაა.

2 დეკემბერს დიდმა ბრიტანეთმა Pfizer/BioNTech-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა (BNT162b2) გადაუდებელ სიტუაციებში მოხმარებისთვის დაამტკიცა. ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანოს (MHRA) თანახმად, პრეპარატმა კლინიკური კვლევის სამივე ფაზა წარმატებით გაიარა და 95%-მდე ეფექტიანობა აჩვენა. მოგვიანებით Pfizer / BioNTech-ის ეფექტურობა და COVID-19-ის საწინააღმდეგოდ მისი გამოყენების უსაფრთხოება ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) და ევროპის მედიკამენტების სააგენტომაც (EMA) დაადასტურეს. გარდა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინისა, კლინიკური კვლევების დროს მაღალი ეფექტიანობა (94%) ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის Moderna-ს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამაც აჩვენა, რომელსაც FDA-მ 18 დეკემბერს, ხოლო EMA-მ 6 იანვარს მიანიჭა ავტორიზაცია.

ამასთან ერთად, Pfizer/BioNtech-ის ვაქცინის კლინიკური კვლევებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ვაქცინის პირველი დოზა 52%-ით ეფექტურია, შესაბამისად, ვაქცინაციიდან 14 დღის შემდეგ გამომუშავებული იმუნიტეტის დონე არ არის სრულყოფილი. სწორედ ამიტომ, აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის თანახმად, ორი ავტორიზებული ვაქცინის (იგულისხმება Pfizer/BioNtech-სა და Moderna-ს ვაქცინები) ეფექტური მუშაობისთვის და იმისთვის, რომ ვაქცინებმა 95%-მდე ეფექტურობა აჩვენოს, საჭიროა, რომ მომხმარებელმა ინექციის სრული კურსი ჩაიტაროს, რაც ვაქცინის ორი დოზის მიღებას გულისხმობს. პირველ და მეორე დოზებს შორის ინტერვალი, Pfizer/BioNtech-ის ვაქცინის შემთხვევაში 21, ხოლო Moderna-ს შემთხვევაში 28 დღე არის. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ პირს ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ ალერგიული რეაქცია განუვითარდა, როგორიცაა მაგალითად, ანაფილაქსი, მაშინ მან ვაქცინის მეორე დოზა აღარ უნდა მიიღოს.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები: