სოციალურ ქსელში ჯო ბაიდენის ციტატა არასრული კონტექსტით ვრცელდება

ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება

სტატია:

Facebook-გვერდი „iNews • აინიუსი“ 14 იანვარს ჯო ბაიდენის ყალბ ციტატას აქვეყნებს: „ჩვენ შევქმენით ყველაზე დიდი გაყალბების სისტემა შეერთებული შტატების ისტორიაში“. მსგავსი შინაარსის პოსტი 2020 წლის 6 ნოემბერს Facebook-გვერდმა - „ჩვენ ვართ / We Are - გამოაქვეყნა.“



Facebook-გვერდ „iNews • აინიუსი“-ის მიერ გავრცელებული ჯო ბაიდენის ციტატა, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე დიდი გაყალბების სისტემა შექმნეს, ყალბია. აღნიშნული ციტატა, სავარაუდოდ, სათავეს Facebook-გვერდისგან, „ჩვენ ვართ / We Are“ იღებს, რომელმაც ჯო ბაიდენის ვიდეო არასრული კონტექსტით გაავრცელა. შესაბამისად, საზოგადოებას შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს ბაიდენი არჩევნების ყველაზე დიდი და ყოვლისმომცველი გაყალბების ორგანიზაციების შემოკრების შესახებ საუბრობდა. მოცემული მანიპულაციური მონაკვეთი არაერთმა რესპუბლიკელმა და მათმა მხარდამჭერმა გაავრცელა, მათ შორის, დონალდ ტრამპმა და თეთრის სახლის პრეს მდივანმა, კეილ მაკნენიმ.

სინამდვილეში, გავრცელებული 14-წამიანი ვიდეო ჯო ბაიდენის 27-წუთიანი ინტერვიუს მხოლოდ მცირედი ნაწილია. 14-წამიან მონაკვეთში ის ნამდვილად ამბობს ფრაზას: „We have put together I think the most extensive and inclusive voter fraud organization in the history of American politics“ (ქართულად: „ამერიკის პოლიტიკის ისტორიაში ჩვენ ყველზე მასშტაბური და ყოვლისმომცველი არჩევნების გაყალბების ორგანიზაციები შევკრიბეთ“). თუმცა სრული კონტექსტიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ბაიდენის მიერ ნათქვამი „არჩევნების გაყალბების ორგანიზაციები“ მხოლოდ მექანიკური შეცდომაა და ის არჩევნების დაცვის ორგანიზაციებს გულისხმობდა. ამას მოწმობს ბაიდენის პასუხი დასმულ კითხვაზე, თუ რას ეტყოდა მათ, ვისაც ჯერ ხმა არ მიუციათ ან ბიულეტენები ფოსტით გააგზავნეს. ბაიდენმა პასუხის გაცემისას ხაზი გაუსვა რესპუბლიკელების მცდელობას, გაურთულონ ამომრჩევლებს ხმის მიცემა, განსაკუთრებით, ფერადკანიანებს. ხოლო ამის საპირისპიროდ, პრობლემების შემთხვევაში, ამომრჩევლებს იმ სისტემის გამოყენებას სთავაზობს, რაც დემოკრატებმა ობამას ადმინისტრაციის დროს ხმის მიცემის გასამარტივებლად შეიმუშავეს. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის თანახმად, ობამას ადმინისტრაციის ხსენებისას, ბაიდენმა ობამას მიერ იმ საარჩევნო სისტემის გადახედვა იგულისხმა, რომელიც მისმა ადმინისტრაციამ რასისტულად მიიჩნია და საქმე განსახილველად 2013 წელს უზენაეს სასამართლოსაც გადასცა.

აღსანიშნავია, რომ ბაიდენის მანიპულაციურ ვიდეოზე რესპუბლიკურმა მედიამ, Fox News-მაც, დაწერა. სტატიის თანახმად, ბაიდენი, შესაძლოა, არჩევნების დაცვის პროგრამის მასშტაბურ კამპანიას - „Election Protection Program“ - გულისხმობდა. ბაიდენის საარჩევნო კამპანიის წევრებმა Fox News-ს განუცხადეს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში მათ არჩევნების დაცვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროგრამა შეიმუშავეს, რომელიც ინტეგრირებულ იურიდიულ, კომუნიკაციურ და პოლიტიკურ სტრატეგიებს მოიცავდა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მტკიცება, თითქოს, ბაიდენმა არჩევნების გაყალბების ყველაზე მასშტაბური სისტემის შექმნა აღიარა, მცდარია.

სტატიაში გამოყენებულია CrowdTangle-ის, Facebook-ის ანალიტიკური ხელსაწყოს, მონაცემები.

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.