ბიძინა ივანიშვილი: 2012 წელს სოციალურად დაუცველთა რაოდენობა ნახევარი მილიონით გაიზარდა, 2020 წლისთვის კიდევ იქნებიან გაჭირვებულები, მაგრამ ნაკლები რაოდენობით
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის მცდარი.
რეზიუმე:
საქართველოში 2020 წლის დეკემბრის მონაცემებით, საარსებო შემწეობას 146 619 ოჯახი (524 598 ადამიანი) იღებს. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა რაოდენობა ქვეყანაში პერიოდულად იცვლება. ძირითადი ცვლილება კი ოჯახში შემოსავლების, დემოგრაფიული მდგომარეობის და შეფასების მეთოდოლოგიის ცვლილებას უკავშირდება. 2016 წლის დეკემბერში დახმარების მიმღებთა რაოდენობა 142 967 ოჯახს (476 084 ადამიანი) შეადგენდა, 2012 წლის დეკემბრის მონაცემებით კი, ეს რიცხვი 163 183 ოჯახით (501 445 ადამიანი) იყო წარმოდგენილი.
2015 წლის მაისიდან სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი მეთოდოლოგია ამოქმედდა, რის შედეგადაც მანამდე არსებული მონაცემები შეიცვალა.
ანალიზი:
2016 წელს, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გორში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას აცხადებდა, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობა 2020 წლისთვის შემცირდებოდა. მე-9 მოწვევის პარლამენტის არჩევამდე 9 დღით ადრე, ივანიშვილმა 2012 წლის ვითარებაც შეაფასა და აღნიშა, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ (ნაციონალურმა მოძრაობამ) საარსებო ფულადი შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა საარჩევნოდ ხელოვნურად გაზარდა.
„სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 2012 წელს ნახევარი მილიონით გაიზარდა. ეს იყო საარჩევნო ტრიუკი. 1%-ის გარდა სოციალური დახმარება რომ ყველას მისცე, არავინ უარს არ იტყვის, იმდენად არ არის ცხოვრების საერთო პირობები მაღალი საქართველოში. თუ მკითხავთ, რომ სოციალურად დაუცველები 4 წლის შემდეგ კიდევ იქნებიან? კიდევ იქნებიან გაჭირვებულები? -რა თქმა უნდა კიდევ იქნებიან, მაგრამ ნაკლები რაოდენობით. ტენდენცია იქნება შენარჩუნებული“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. (26:52-27:13) (28:14-28:26)
ოჯახისთვის სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭებას და დახმარების (საარსებო შემწეობა) დანიშვნის წესს საქართველოს კანონი სოციალური დახმარების შესახებ არეგულირებს.
სოციალური შემწეობა არის მიზნობრივი სოციალური დახმარება (საარსებო შემწეობა), ფულადი სახის გასაცემელი, რომლის მიზანი, შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება ან/და მისი პრევენციაა.
მოქმედი მეთოდოლოგიით, ფულადი სოციალური დახმარება შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე საარსებო შემწეობის შემდეგი ოდენობებითაა განსაზღვრული:
• ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 001-ზე ნაკლებია - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე,
• ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე,
• ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე,
• ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე,
• ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100 001-ზე ნაკლებია - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 10 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა იცვლება, როგორც ზრდისკენ, ისე კლებისკენ. სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ოჯახში სოციალური აგენტის განმეორებითი ვიზიტი სავალდებულო 4 წელიწადში ერთხელ არის.
გადამოწმების პროცესში ოჯახებს დახმარება უჩერდებათ. თუ ოჯახს, გადამოწმების შედეგად, სოციალურად დაუცველის სტატუსი კვლავ შეუნარჩუნდა, ამ შემთხვევაში მას ფულადი დახმარება აღუდგება და ის პერიოდიც აუნაზღაურდება, როდესაც დახმარება შეჩერებული ჰქონდა.
2015 წლის მაისიდან სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი მეთოდოლოგია ამოქმედდა და ოჯახების ამ მეთოდოლოგიით გადამოწმება დაიწყო, რასაც საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება მოჰყვა (იხილეთ ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
მაგალითად, 2012 წლის სექტემბერში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 149 134 ოჯახს შეადგენდა. საპარლამენტო არჩევნების წელს მათი რიცხვი ყოველთვიურად იზრდებოდა (მარტში მცირედი კლება შეინიშნებოდა). ზრდის ტენდენცია არჩევნების შემდგომ პერიოდშიც გაგრძელდა. 2012 წლის დეკემბერში აღნიშნული სტატუსის მქონე ოჯახების რიცხვმა სულ 163 183 (501 445 ადამიანი) შეადგინა.
სოციალურად დაუცველთა ყველაზე მეტი რაოდენობა - 506 245 მოქალაქე, 2008-2015 წლების სტატისტიკის თანახმად, 2013 წლის იანვარში დაფიქსირდა. ამ წელს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. აღნიშნული სტატისტიკის შესახებ „ფაქტ-მეტრმა“ გასულ წლებშიც არაერთი კვლევა მოამზადა.
რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პროგნოზს ეხება, 2016 წელს, წინა წელთან შედარებით სოციალურად დაუცველთა სტატუსის მქონე ოჯახების რიცხვი 17 666-ით გაიზარდა და 142 967 ოჯახს (476 084 ადამიანი) შეადგენდა, 2017 წელს კი ეს რიცხვი 131 502 - მდე შემცირდა. 2018 წელს სოციალურად დაუცველთა სტატუსი 3 683 ოჯახს შეუჩერდა. 2 წლის განმავლობში 127 819 ოჯახიდან საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 146 619 ოჯახამდე (524 598 ადამიანი) გაიზარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარსებო შემწეობა კიდევ 18 800 ოჯახს დაენიშნა.
აქვე აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, პანდემიის პერიოდში მოქმედი ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სოციალური პროგრამა გაფართოვდა და შედეგად, სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობაც გაიზარდა. თუ 2019 წლის დეკემბერში ფულად შემწეობას 119 582 ოჯახი (427 373 ადამიანი) იღებდა, ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 2020 წლის დეკემბრის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 27 037 ოჯახით (97 225 ადამიანი) გაიზარდა.
გრაფიკი 1. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და მოსახლეობის რაოდენობა 2016 -2020 წლებში (ყოველი წლის დეკემბრის მონაცემებით):
წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო
როგორც ირკვევა, 2016 წელთან შედარებით, 4 წლის შემდეგ გაჭირვებული ოჯახების რაოდენობა საქართველოში, რომლებიც საარსებო ფულად შემწეობას იღებენ, არათუ შემცირდა, არამედ 3 652 ოჯახით (48 514 ადამიანი) გაიზარდა.
იქიდან გამომდინარე, რომ 2020 წელს, სოციალურად დაუცველთა სტატუსის მქონე პირთა რიცხვი პანდემიის გამო გაფართოებულმა სოციალურმა პროგრამამ გაზარდა, მიახლოებული სურათის გამოსავლენად, ერთმანეთთან 2012 წლის ოქტომბრისა და 2020 წლის თებერვლის (პანდემიის გამოცხადებამდე არსებული) მონაცემები უნდა შედარდეს. კორონავირუსის პანდემია მარტში გამოცხადდა და სოციალური პროგრამა მთავრობამ მოსახლეობას სწორედ ამის შემდეგ წარუდგინა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2012 წლის ოქტომბრის მონაცემებით, სოციალურად დაუცველის შემწეობას ქვეყანაში 153 750 ოჯახი იღებდა. 2020 წლის თებერვლის მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი 123 717 -მდე შემცირდა. (2019 წლის დეკემბრის მონაცემებით, ეს რაოდენობა 119 582 -ოჯახს შეადგენდა).
გრაფიკი 2: საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 2012-2020 წლების მდგომარეობით [1]
წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო.
შენიშვნა: მონაცემები მოიცავს 2012 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდს.
როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2012 წლის ოქტომბრიდან სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ადამიანების რაოდენობის კლების ტენდენცია 2015 წლამდე შეინიშნება. ასევე აღსანიშნავია, რომ 2015 წელს მეთოდოლოგიის ცვლილების გამო დახმარების მიმღები ოჯახების თავიდან გადამოწმება მოხდა, რის შედეგადაც ნაწილს დახმარება შეუწყდა, ნაწილს დროებით შეუჩერდა, რამაც დახმარების მიმღებთა მკვეთრი შემცირება გამოიწვია. შემდგომ დახმარების მიმღებთა რაოდენობა ისევ გაიზარდა. პროგრამაში გაჩნდნენ ახალი ბენეფიციარებიც, ამის შესახებაც სტატია „ფაქტ-მეტრმა“ გასულ წელსაც მოამზადა.
საყურადღებოა ისიც, რომ 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით, სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 12 900 ადამიანით გაიზარდა. როგორც ირკვევა, არა მხოლოდ 2012 წელს, (ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, როგორც ამას ივანიშვილი ამბობდა), არამედ მის შემდეგაც, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, საპარლამენტო არჩევნებამდე სოციალურად დაუცველთა რაოდენობა საქართველოში საგრძნობლად იმატებდა.
ასევე აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, სოციალურად დაუცველთა რაოდენობამ, 2012 წლის ოქტომბრის მონაცემებს გადააჭარბა. მას შემდეგ როგორც აღვნიშნეთ, მეთოდოლოგიის ხშირი ცვლილებების გამო, კლების ტენდენცია შეინიშნება. იგივე მიზეზით შემცირდა 31 700 მოქალაქით, 2012 წლის ოქტომბრიდან - პანდემიამდე არსებულ პერიოდამდე, სოციალურად დაუცველ პირთა რაოდენობა.
რაც შეეხება თანხებს, 2016 წელს აღნიშნული მიმართულებით 22 მლნ 383 ათას 137 ლარი, ხოლო 2020 წელს - 29 457 940 ლარი დაიხარჯა. გახარჯული თანხების მატება 2020 წელს, პანდემიითაც იყო გამოწვეული. რადგან შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სოციალური პროგრამა გაფართოვდა და ფულადი დახმარების გაცემა სხვადასხვა კატეგორიის ოჯახებზეც დაიწყო, რომლებიც მანამდე მსგავს შემწეობას არ იღებდნენ.
ყველა ეს გარემოება ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ 4 წლის წინ გაჟღერებული ანონსი ამ მხრივ ვერ გამართლდა. იმისთვის, რომ შეფასება ობიექტური ყოფილიყო „ფაქტ-მეტრმა“ პანდემიის გამოცხადებამდე - 2020 წლის თებერვლისთვის არსებული მდგომარეობით იხელმძღვანელა, ვინაიდან პანდემია - შოკური პერიოდია და მისი გათვალისწინება ზოგადი ტენდენციის შეფასებისას, სურათს დაამახინჯებდა. ამასთან, შეფასების სხვადასხვა მეთოდოლოგიით სოციალურად დაუცველთა რაოდენობის განსაზღვრა და მონაცემების წლების მიხედვით შედარება, რეალურ სურათს და ზუსტ ცვლილებას ვერ წარმოაჩენს, საქართველოში გაჭირვებული ადამიანების რაოდენობის შესახებ.
იქიდან გამომდინარე, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებული რიცხვი, რომ 2012 წელს, წინასაარჩევნოდ, შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ნახევარი მილიონით გაიზარდა რეალურ სურათს არ შეესაბამება და სინამდვილეში, 2012 წლის განმავლობაში არჩევნების დღემდე, ამ მაჩვენებლის ზრდამ 8.5-ჯერ ნაკლები შეადგინა, ბიძინა ივანიშვილის განცხადების ეს ნაწილი არის ტყუილი. ამასთან, სტატიაში მიმოხილული მონაცემები აჩვენებს, რომ მეთოდოლოგიის ცვლილებებმა სხვადასხვა წლის მონაცემთა შედარება გაართულა, თუმცა სიმართლეს არ შეესაბამება განცხადების არც ის ნაწილი, სადაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ 4 წლის შემდეგ სოციალურად დაუცველთა რაოდენობა იქნება ნაკლები და ტენდენცია იქნება შენარჩუნებული. შესაბამისად, ამ ანალიზის გათვალისწინებით, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილის მიერ მოყვანილი ფაქტები არაზუსტია, ხოლო პროგნოზები არ გამართლდა, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის მცდარი.
[1]2020 წლისთვის აღებულია თებერვლისთვის - პანდემიამდე არსებული მონაცემები