ანა დოლიძე: სოციალურად დაუცველთა პაკეტების მიმღებთა რაოდენობა რამდენიმე ათასით გაიზარდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში
ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ანა დოლიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ განცხადების ავტორი სოციალურად დაუცველთა პაკეტების მიმღებებში საარსებო შემწეობის მიმღებ პირებს გულისხმობს, რომლებიც მიზნობრივი სოციალური პროგრამების ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებულნი და სარეიტინგო ქულა აქვთ მინიჭებული.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკა 2008 წლიდან იწყება, როცა იანვარში, საქართველოს მასშტაბით, შემწეობას 320 344 ადამიანი იღებდა, 2020 წლის იანვარში კი შემწეობის მიმღები 111 558-ით მეტი, 431 902 ადამიანი იყო.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, მიმღებთა რაოდენობა ყველაზე მაღალ ნიშნულზე 2013 წლის იანვარში ( 506 245 ბენეფიციარი) იყო. თუმცა მიმღებთა რიცხვმა 500 ათასს პირველად 2012 წლის ბოლოს გადააჭარბა. ბოლო პერიოდში ასეთი მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ 2020 წლის ბოლოს დაფიქსირდა, როცა ნოემბერში შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ 515 700 ბენეფიციარი შეადგინა. აღნიშნულ პირთა რაოდენობის ზრდა კოვიდპანდემიით გამოწვეულ კრიზისსაც უკავშირდება.
საინტერესოა შემწეობის მიმღები ბენეფიციარების წილობრივი შედარება მოსახლეობის მთლიან რაოდენობასთან მიმართებით. თუმცა ამ შემთხვევაში მხოლოდ 2015-2020 წლების მონაცემებს განვიხილავთ, რადგან მანამდე მოსახლეობის რაოდენობა ძველი აღწერის მონაცემების მიხედვით გამოითვლებოდა. 2015 წლიდან, ყველა მომდევნო წლის ჩათვლით, კი 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებია გამოყენებული. ამიტომ, თუ მხოლოდ 2015-2020 წლებს ავიღებთ, ვნახავთ, რომ საანგარიშო პერიოდის დასაწყისში მიმღებთა წილი გაზრდილია, მერე იწყება კლება და 2016 წლის აგვისტოში ისევ მაღალ ნიშნულს - 13,6%-ს აღწევს. 2019 წლის მთელი პერიოდი კლების ტენდენციით ხასიათდება, თუმცა 2020 წელს, პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში, კვლავ მაღალ ნიშნულზე ბრუნდება.
ანალიზი
პოლიტიკოსმა ანა დოლიძემ განაცხადა: „სოციალურად დაუცველთა პაკეტების მიმღებთა რაოდენობა რამდენიმე ათასით გაიზარდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში“.
„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
საქართველოში სოციალური დახმარების სისტემის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების საარსებო შემწეობით უზრუნველყოფის პროგრამაა, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს.
პროგრამის ფარგლებში, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დადგენილი მეთოდოლოგიის მიხედვით ფასდება, რის შედეგადაც ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრება. თავის მხრივ, ქულის საფუძვლზე ფულადი დახმარების ოდენობა და სხვა შეღავათები დგინდება.
მეთოდოლოგია, რომელიც 2005 წელს ამოქმედდა, ჯერ შეიცვალა, ხოლო 2010 წელს ძალადაკარგულად გამოცხადდა. 2014 წელს კი 2010 წლის მარტში მიღებული დადგენილებაც ასევე ძალადაკარგულად გამოცხადდა. ამ ეტაპზე 2014 წელს მიღებული დადგენილება მოქმედებს, თუმცა მასში გარკვეული ცვლილებები 2015, 2016, 2018 და 2019 წლებში შევიდა.
ბოლო მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა ნახევარ მილიონს გასცდა. მათი რიცხვი დროდადრო იცვლება და ამას თავისი მიზეზები აქვს: ახალი ბენეფიციარების დამატება, რომლებიც მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში არიან რეგისტრირებული, თუმცა მანამდე შემწეობას არ იღებდნენ და მაძიებლებად ითვლებოდნენ; ოჯახების ხელახალი გადამოწმება, რაც ფულადი შემწეობის შეჩერებას იწვევს და სხვადასხვა მიზეზით არის განპირობებული, როგორიცაა ოჯახში ახალი წევრის გაჩენა, გარდაცვალება, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა და სხვა. სოციალურად დაუცველთა რაოდენობის ცვლილებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მეთოდოლოგიის ცვლილებასაც აქვს.
თუმცა შეინიშნება საყურადღებო დეტალი, როცა ბენეფიციართა რაოდენობის ზრდა, თითქმის მუდმივად, არჩევნების პერიოდს ემთხვევა. ამას ყურადღება არაერთხელ მიაქცია ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმაც. საკითხი ხშირად გამხდარა „ფაქტ-მეტრის“ კვლევის საგანი. იხილეთ სტატია
აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს პარლამენტში უმრავლესობით „ქართული ოცნება“ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოვიდა. ამ წლის იანვარში შემწეობას 398 248 პირი იღებდა. წლის მეორე ნახევრიდან ბენეფიციარების რაოდენობა იზრდება და უკვე სექტემბერში 456 573-ს აღწევს. მიმღებთა რიცხვმა 500 ათასს პირველად 2012 წლის დეკემბერში გადააჭარბა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი 2020 წლის ბოლოს დაფიქსირდა, როცა ნოემბერში შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 515 700-ია. თუმცა ეს კოვიდპანდემიით გამოწვეულ კრიზისს და შესაბამისად სოციალური პროგრამის გაფართოებასაც უკავშირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ეტაპზე ბენეფიციართა წილი, მოსახლეობის მთლიან რაოდენობასთან მიმართებით, 13,5%-ს შეადგენს.
გრაფიკი 1. საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 2008-2020 წლების მიხედვით [1]
წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო
გრაფიკი 1-იდან ჩანს, რომ საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა მუდმივად ცვალებადია, მაგრამ 2013 წლიდან ზრდის ტენდენცია აშკარად ფიქსირდება. თუმცა მერე გარკვეული კლება შეინიშნება და 2008-2012 წლის მონაცემებს უახლოვდება. შემწეობის მიმღებთა რიცხვი განსაკუთრებულად შემცირებული 2015 წლის იანვრიდანაა, რამდენიმე თვის განმავლობაში, რაც სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მეთოდოლოგიის ცვლილებებს უკავშირდება, მერე კი კვლავ იზრდება. შემწეობის მიმღებთა პროცენტული წილიც, მოსახლეობის მთლიან რაოდენობასთან მიმართებით, ასევე გაზრდილია.
აღსანიშნავია, რომ 2011 წლის ნოემბრამდე, 2015 წლიდან, ყველა მომდევნო წლის ჩათვლით, საფუძვლად 2014 წლის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგია გამოყენებული. ამიტომ, თუ მხოლოდ 2015-2020 წლებს ავიღებთ, ვნახავთ, რომ საანგარიშო პერიოდის დასაწყისში მიმღებთა წილი გაზრდილია, მერე იწყება კლება და 2016 წლის აგვისტოში ისევ მაღალ ნიშნულს - 13,6%-ს აღწევს. 2019 წლის მთელი პერიოდი კლების ტენდენციით ხასიათდება, თუმცა 2020 წელს, პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში, კვლავ მაღალ ნიშნულზე ბრუნდება.
რაც შეეხება მიზნობრივი სოციალური პროგრამების ბაზაში რეგისტრირებულებს, ანუ იმ მოქალაქეებს, რომლებიც თავს სოციალურად დაუცველებად მიიჩნევენ, მათი რიცხვი, ასევე, ცვალებადია. 2008-2012 წლებში, ყოველწლიურად, რეგისტრირებულთა რაოდენობა 1 მლნ ადამიანს აღემატება და 2010 წელს ყველაზე მაღალ ნიშნულზეა - 1 801 005 ადამიანი. შემდეგ იწყება კლება, თუმცა 2016 წლის დასაწყისში ჯერ კიდევ 1, 5 მლნ-ზე მეტია და წლის ბოლოსკენ კლების ტენდენცია შეინიშნება. 2017 წლის შუა პერიოდიდან 2020 წლის ნოემბრამდე ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობა 1 მლნ-ზე ნაკლებია და უკვე ნოემბერში 1 002 427 ადამიანს აღწევს.
[1] შენიშვნა: 2020 წლის ბოლო მაჩვენებელი მოცემულია ნოემბრის მიხედვით
შეგახსენებთ, რომ საარსებო შემწეობა არის ფულადი დახმარება, რომელიც შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის არის განკუთვნილი. საქართველოს მთავრობა საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს, ხოლო მისი დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, ასევე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით რეგულირდება.