იტვირთება

მიმდინარე წლის 23 ივლისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ, განაცხადა: „სოციალური სტატუსის [სოციალურად დაუცველის სტატუსის] მინიჭება წინა ხელისუფლების დროს ყოველთვის ხდებოდა პარტიული მიზნებისა და პოლიტიკური მხარდაჭერისათვის. ყოველი არჩევნების დროს ამ სტატუსის მიმღებთა რაოდენობა საგრძნობლად იზრდებოდა. ეს ემთხვეოდა საარჩევნო კალენდარს. ეს რაოდენობა განსაკუთრებით გაზრდილი იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს“. დიმიტრი ხუნდაძემ ასევე აღნიშნა, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები იცვლება.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა დეპუტატის განცხადებით და მასში მოყვანილი ფაქტები გადავამოწმეთ.

სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამა 2005 წელს ამოქმედდა. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება შემდეგი კრიტერიუმებით ხდება: ოჯახის შემოსავალი, ოჯახის ქონება და ოჯახის საჭიროებები. სოციალური დახმარების მისაღებად სოციალური მომსახურეობის სააგენტოში ოჯახმა შესაბამისი განაცხადი უნდა გააკეთოს. ამის შემდეგ სოციალური აგენტი მიდის ოჯახში და აფასებს მის შემოსავალს და ქონებას, რომელსაც გარკვეულ სარეიტინგო ქულას ანიჭებს. იმ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 57 000-ს არ აღემატება, სოციალურად დაუცველის სტატუსი ენიჭება და შესაბამის ფულად დახმარებას იღებენ.

2013

წლის 1 ივლისამდე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ყოველთვიური ფულადი შემწეობა ოჯახის პირველ წევრზე 30 ლარს, ხოლო ყოველ მომდევნო წევრზე - 24 ლარს შეადგენდა. 2013 წლის 1 ივლისიდან საარსებო შემწეობა გაორმაგდა, კერძოდ, ოჯახის პირველი წევრი თვეში 60 ლარს, ხოლო ყოველი მომდევნო წევრი თვეში 48 ლარს იღებს.

სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების არსებული მეთოდოლოგია 2010 წელს დამტკიცდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წელს UNICEF-თან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მიმდინარეობს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის გადახედვა და ახალი კრიტერიუმების შემუშავების პროცესი, რომელიც უახლოეს მომავალში დაინერგება. აღნიშნული მეთოდოლოგიის გადახედვა და მის შეცვლა 2012 წლისთვის ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც იგეგმებოდა. ამ თემაზე ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა იხ. ბმული.

ჩვენ სტატისტიკურ მონაცემებს გავეცანით და ვნახეთ, თუ როგორი იყო სოციალურად დაუცველის სტატუსის მიმღებთა რაოდენობის ზრდის დინამიკა წლების განმავლობაში.

2010 წელს

იანვარ-ივნისში სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახების რაოდენობა ყოველთვიურად იზრდებოდა. ივლისიდან საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირება დაიწყო, ოქტომბრიდან კი კვლავ ზრდის ტენდენცია იყო.

2010 წლის 30 მაისს საკრებულოსა და თბილისის მერის არჩევნები ჩატარდა.

როგორც ვხედავთ, წინასაარჩევნო პერიოდში სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა, ზრდა მანამდეც ფიქსირდებოდა.

image001 გადავხედოთ 2011 წლის

სტატისტიკას, რომელიც საარჩევნო წელს არ წარმოადგენდა. 2011 წლის პირველი სამი თვე სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახების რაოდენობის ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა, შემდეგ კი მათი რაოდენობა ყოველთვიურად იკლებდა და დეკემბერში ის კვლავ გაიზარდა.

image002 2012 წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა. 2012 წელს

 საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდებოდა, მცირედი კლება მხოლოდ მარტის თვეში დაფიქსირდა. წინასაარჩევნო პერიოდში ნამდვილად შეინიშნებოდა სოციალურად დაუცველთა ოჯახების რაოდენობის ზრდის მაღალი მაჩვენებელი, თუმცა, მსგავსი ზრდა გაგრძელდა შემდეგ თვეებშიც.

image003

ჩვენ ასევე გავეცანით 2013-2014 წლების სტატისტიკური მონაცემებს.

2013 წელს

საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მაისამდე ყოველთვიურად იკლებდა. მაისიდან დაიწყო სოციალურად დაუცველთა ოჯახების რაოდენობის ზრდა, ნოემბერში ის შემცირდა, ხოლო წლის ბოლოს კი მათი რაოდენობა 150 607-მდე გაიზარდა.

2013

წლის 27 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ამ წელსაც, როგორც წინა წლებში, სოციალურად დაუცველთა სტატუსის მქონე ოჯახების რაოდენობა ხან იზრდებოდა, ხან კი მცირდებოდა. წინასაარჩევნო პერიოდში სოციალურად დაუცველთა სტატუსის ზრდა 2013 წელსაც დაფიქსირდა.

image004 2014 წელს

 სოციალურად დაუცველთა რაოდენობა იანვარ-აპრილში მცირდებოდა, მაის-ივნისში მათი რაოდენობა გაიზარდა, ივლისში კი ის კვლავ შემცირდა. 2014 წელს 15 ივნისს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, ხოლო 12 ივლისს კი მეორე ტური გაიმართა. აღსანიშნავია, რომ სოციალურად დაუცველთა სტატუსის ზრდა ორივე შემთხვევაში წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა.

image005 2012

წლის სექტემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 149 134 ოჯახს შეადგენდა. 2014 წლის ივლისის მონაცემებით, საარსებო შემწეობას 145 861 ოჯახი იღებს. შესაბამისად, თუ წინა ხელისუფლების მმართველობის ბოლო პერიოდს 2014 წლის ბოლო მონაცემებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 3 273 ოჯახითაა შემცირებული.

image006

დასკვნა

ფაქტ-მეტრი ვერ დაასკვნის, ხდებოდა თუ არა პარტიული მიზნებისა და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭება. ჩვენ სტატისტიკური მონაცემები გავაანალიზეთ და ვნახეთ თუ რამდენად ემთხვევა სოციალურად დაუცველი ოჯახების ზრდის დინამიკა წინასაარჩევნო პერიოდს.

როგორც სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა წლის განმავლობაში მუდმივად იცვლება. როგორც საარჩევნო, ასევე არასაარჩევნო წლებისთვის დამახასიათებელია როგორც ზრდის, ასევე კლების ტენდენცია. სტატისტიკის მიხედვით, წინა ხელისუფლების დროს წინასაარჩევნო პერიოდში (2010 და 2012 წლებში) სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობის ზრდა ნამდვილად შეინიშნებოდა, თუმცა, ზრდის დინამიკა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდისთვის არ იყო დამახასიათებელი. 2012 წელს ნამდვილად დაფიქსირდა ზრდის მაღალი მაჩვენებელი, თუმცა, ზრდის მსგავსი ტენდენცია სახეზე იყო მთელი წლის განმავლობაში, მათ შორის, არჩევნების შემდეგაც.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, წინასაარჩევნოდ საარსებო შემწეობის მიმღებთა ოჯახების რაოდენობის ზრდა ფიქსირდება 2013-2014 წლებშიც. ამასთან, 2014 წელს სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელი ოჯახების რაოდენობის ზრდა თვითმმართველობის პირველი და მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა.

როგორც ჩვენი კვლევიდან ჩანს, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახების ზრდის და კლების ტენდენცია მუდმივი პროცესია. სტატისტიკური მონაცემებით, წინასაარჩევნოდ სოციალურად დაუცველების ზრდის ტენდენცია შეინიშნება, როგორც ნაციონალური მოძრაობის, ასევე ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ამასთან, ერთადერთი შემთხვევა, როცა წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველ ოჯახთა რაოდენობა მხოლოდ წინასაარჩევნოდ გაიზარდა, 2014 წელს დაფიქსირდა.

ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ დიმიტრი ხუნდაძის განცხადება: „ყოველი არჩევნების დროს სოციალურად დაუცველის სტატუსის მიმღებთა რაოდენობა საგრძნობლად იზრდებოდა... ეს რაოდენობა განსაკუთრებით გაზრდილი იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს“, არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

2723 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
24%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი