Facebook-ზე საინფორმაციო სააგენტო NewsMakers.ge-ის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაცია მანიპულაციური სათაურით ვრცელდება. კერძოდ, სააგენტო მკითხველს სოციალურ ქსელში პოპულარული ექიმის, გიორგი ღოღობერიძის ვიდეო მასალას აწვდის, სადაც ქართველი ექიმი კორონავირუსული ინფექციისა და ადამიანის სისხლის ჯგუფების/ტიპების შესაძლო კავშირის შესახებ საუბრობს. ექიმი ღოღობერიძის მსჯელობის საწინააღმდეგოდ, NewsMakers.ge სტატიის სათაურად უთითებს: „რომელ სისხლის ჯგუფს არ უდგინდება კოვიდი - გიორგი ღოღობერიძე (ვიდეო)“.
4 იანვარს ჩაწერილ ამ ვიდეოში, ექიმი გიორგი ღოღობერიძე საკუთარი Facebook-გვერდის გამომწერებს კორონავირუსული ინფექციისა და ადამიანის სისხლის ჯგუფებს შორის კავშირის დასადგენად დანიაში ჩატარებული კვლევის შედეგებს აცნობს. ექიმის განცხადებით, აღნიშნული დანიური კვლევით დადგინდა, რომ პირველი ჯგუფის სისხლის მქონე პირებში კორონავირუსული ინფექცია შედარებით ნაკლებად იყო გავრცელებული, ხოლო მეორე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებში შემთხვევების რაოდენობა, სხვა ჯგუფებთან შედარებით, უფრო მეტი იყო. მსგავსი კვლევა დანიელმა მეცნიერებმა მართლაც ჩაატარეს და ქართველი ექიმის მიერ ვიდეო მასალაში გაჟღერებული ინფორმაცია კვლევის შედეგებს შეესაბამება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ექიმი ღოღობერიძე, სავარაუდოდ, არასწორი ინტერპრეტაციების თავიდან აცილების მიზნით, ვიდეოში ხაზგასმით (2-ჯერ) ამბობს, რომ კვლევის შედეგები სულაც არ ნიშნავს, რომ პირველი ჯგუფის სისხლის მქონე პირებს კორონავირუსული ინფექცია არ უვითარდებათ. ის სწორად განმარტავს, რომ კვლევის ფარგლებში მხოლოდ ის დადგინდა, რომ პირველ ჯგუფის სისხლის მქონე პირებში უფრო იშვიათი იყო კორონავირუსული ინფექციის შემთხვევები, ვიდრე სხვა ჯგუფებში. ექიმი ღოღობერიძე აღნიშნულ ვიდეოში არსად ამბობს, რომ რომელიმე სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანებს „კოვიდი არ უდგინდებათ“, ან კორონავირუსის მიმართ სრული იმუნიტეტი გააჩნიათ, როგორც ეს NewsMakers.ge-ის სტატიის სათაურში მანიპულაციურადაა წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ სისხლის ჯგუფებისა და კორონავირუსული ინფექციის კავშირის კვლევისას, დანიელი მეცნიერების მსგავს დასკვნამდე კანადაშიც მივიდნენ. კანადელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კიდევ ერთი კვლევის შედეგების მიხედვით, პირველი ჯგუფის (O) ან რეზუს უარყოფითი (Rh-negative) სისხლის მქონე ადამიანებისთვის კორონავირუსი შედარებით ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს. კერძოდ, კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ 225,556 კანადელს შორის, რომელთაც კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ, პირველი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებში კორონავირუსით ინფიცირების რისკი 12%-ით უფრო დაბალი იყო. აღნიშნულ ჯგუფში 13%-ით უფრო დაბალი აღმოჩნდა COVID-19-ის რთული მიმდინარეობისა და ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილის რისკიც. ამასთან, ნებისმიერი სისხლის ჯგუფის, განსაკუთრებით კი პირველი ჯგუფის, რეზუს უარყოფით სისხლის მქონე ადამიანები კორონავირუსისგან გარკვეულწილად დაცულები აღმოჩნდნენ. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სისხლის ჯგუფებსა და კორონავირუსულ ინფექციას შორის შესაძლო კავშირის მიზეზები სრულად ცნობილი არაა. უფრო მეტიც, რამდენიმე სამეცნიერო კვლევის მიხედვით, სისხლის ჯგუფებსა და კორონავირუსული ინფექციის მიმდინარეობას შორის კავშირის არსებობა ნაკლებად სავარაუდოა. ამდენად, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ მიმართულებით უფრო მეტი კვლევის წარმოებაა საჭირო.
--------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.