ანრი ოხანაშვილი: პარტიების მხრიდან არა პოლიტიკურ ბოიკოტს, არამედ საბოტაჟს აქვს ადგილი და ამ ორს შორის წითელი ხაზი უნდა გაივლოს
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანრი ოხანაშვილი განცხადება არის ტყუილი.
რეზიუმე: ანრი ოხანაშვილი ცდილობს, რომ კანონმდებლობის ცვლილების საჭიროება, არა ბოიკოტის მომხრე პარტიების დასჯით, არამედ „საპარლამენტო / პოლიტიკური საბოტაჟის“ პრევენციის აუცილებლობით ახსნას და პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადება, „პოლიტიკურ საბოტაჟად“ წარმოაჩინოს. პარლამენტის ბოიკოტირების „პოლიტიკურ საბოტაჟად“ წარმოდგენა, თავისი ხასიათით მანიპულაციურია და ბოიკოტის, როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი მექანიზმის დაკნინებას უწყობს ხელს. ამასთან, როგორც კანონპროექტის შინაარსი, მისი მიღების დრო და პოლიტიკური გარემო, ასევე, სახალხო დამცველის და სამოქალაქო სექტორის შეფასებები, პირდაპირ მიუთითებს, რომ კანონპროექტი ბოიკოტის მომხრე პარტიების „დასჯის“ მიზანს ემსახურება.
ანალიზი:
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროცესში გამოვლენილმა დარღვევებმა საზოგადოების ნაწილში კენჭისყრის შედეგების მიმართ უნდობლობა გააჩინა. არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად მიიჩნიეს. 2020 წლის 3 ნოემბერს ოპოზიციამ პარლამენტის მანდატებზე უარის თქმის შესახებ შეთანხმება გააფორმა. ოპოზიცია მმართველი გუნდისგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაყენებას, პოლიტპატიმართა გათავისუფლებასა და ხელახალი/რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს და მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. იმ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ, რომელთაც საპარლამენტო მანდატი მოიპოვეს, საქართველოს პარლამენტს პარტიული სიების ანულირების და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნით, უკვე მიმართეს.
ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის საპასუხოდ, 2020 წლის 16 დეკემბერს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონში, საქართველოს საარჩევნო კოდექსში და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებების პაკეტი დაარეგისტრირა. საყურადღებოა, რომ ცვლილებათა ინიციატორებმა კანონპროექტების განხილვა დაჩქარებული წესით მოითხოვეს, რაც პარლამენტმა დააკმაყოფილა. 2020 წლის 23 დეკემბერს პარლამენტმა ცვლილებათა პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. [1] 23 დეკემბერს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ინიცირებულ ცვლილებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „საპარლამენტო საქმიანობა აპრიორი საკანონმდებლო საქმიანობას არ ნიშნავს. საპარლამენტო საქმიანობა საკუთარი ამომრჩევლის ნების რეალიზებას ნიშნავს და თუ კონკრეტული პარტია იმას იტყვის, რომ არაფერს ნიშნავს მანდატი, რაც მას ხალხმა მისცა, ეს პოლიტიკურ საბოტაჟს ნიშნავს“. მისივე თქმით, პარტიების მხრიდან არა პოლიტიკურ ბოიკოტს, არამედ საბოტაჟს აქვს ადგილი და ამ ორს შორის წითელი ხაზი უნდა გაივლოს.
ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, საბიუჯეტო დაფინანსებასა და უფასო საეთერო დროის მისაღებად პარტიამ მისთვის განკუთვნილი პარლამენტის წევრის მანდატი ან მანდატების ნახევარი მაინც უნდა აითვისოს.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხა პარტიების ფინანსური მხარდაჭერისა და პარტიული სისტემის განვითარების ხელშეწყობისთვისაა განკუთვნილი. შესაბამისად, პარტიისთვის საბიუჯეტო დაფინანსების მიცემა, მის საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას არ უკავშირდება. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადება დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია. შემოთავაზებული ცვლილებები მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, ბოიკოტის მომხრე პარტიებზე ზეწოლას და მათთვის საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის იძულებას, მეორე მხრივ კი, პარლამენტის ბოიკოტის, როგორც დემოკრატიული მექანიზმის, ფაქტობრივ აკრძალვას. არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის შეფასებით, ცვლილებები ბოიკოტის მომხრე ოპოზიციური პარტიების დასჯისთვისაა განკუთვნილი. ამასთან, სახალხო დამცველი ცვლილებებს არაკონსტიტუციურად აფასებს.
ანრი ოხანაშვილ ცდილობს, რომ კანონმდებლობის ცვლილების საჭიროება, არა ბოიკოტის მომხრე პარტიების დასჯით, არამედ „საპარლამენტო / პოლიტიკური საბოტაჟის“ პრევენციის აუცილებლობით ახსნას და პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადება, „პოლიტიკურ საბოტაჟად“ წარმოაჩინოს. პარლამენტის ბოიკოტირების „პოლიტიკურ საბოტაჟად“ წარმოდგენა, თავისი ხასიათით მანიპულაციურია და ბოიკოტის, როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი მექანიზმის დაკნინებას უწყობს ხელს. ამასთან, როგორც კანონპროექტის შინაარსი, მისი მიღების დრო და პოლიტიკური გარემო, ასევე, სახალხო დამცველის და სამოქალაქო სექტორის შეფასებები, პირდაპირ მიუთითებს, რომ კანონპროექტი ბოიკოტის მომხრე პარტიებს დასჯის. შესაბამისად, ანრი ოხანაშვილის განცხადების ერთი ნაწილი, სადაც ის ბოიკოტსა და საბოტაჟს შორის არსებული შინაარსობრივი სხვაობის კონტექსტს მიღმა დატოვებას ცდილობს - ტყუილია, ხოლო განცხადების მეორე ნაწილში ანრი ოხანაშვილი ცდილობს, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ოპოზიცია ხალხის ნების უგულებელყოფაში დაადანაშაულოს. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანრი ოხანაშვილის განცხადება არის ტყუილი.
ინიცირებული ცვლილებების, პარლამენტის ბოიკოტისა და პარტიების დაფინანსების შესახებ, უფრო დეტალური ანალიზისთვის, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
[1] 23 დეკემბერს კენჭისყრის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ კანონპროექტის მიმართ გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ, საპარლამენტო უმრავლესობას ცვლილებათა პაკეტის ვენეციის კომისიისთვის და/ან ოდირისთვის გაგზავნის ინიციატივით მიმართა.