სოციალურ ქსელში ჯორჯ სოროსის 17-მუხლიანი მიმართვის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი:

სოციალურ ქსელში ტელეკომპანია PKTV-ის გადაცემის ერთ-ერთი რუბრიკის - „საზოგადოება და სამართალი“ - ვიდეო ვრცელდება, რომელშიც წამყვანი ქეთი სესიაშვილი ამტკიცებს, რომ საზოგადოებას „თავისუფლების ინსტიტუტისა“ და მეგობარი არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი ბიზნესმენ ჯორჯ სოროსის მიმართვას აცნობს. სესიაშვილის თანახმად, მიმართვა ქართველობის გამანადგურებელ ამორალურ მოწოდებებს შეიცავს. აღნიშნული წერილის ორიგინალი არსად გამოქვეყნებულა, შესაბამისად, მტკიცება, რომ ჟურნალისტი ჯორჯ სოროსის მიერ რეალურად გამოქვეყნებულ მიმართვაზე საუბრობს, ფაქტობრივ საფუძველს მოკლებული ყალბი ამბავია.

ტელეკომპანია PKTV-ის აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელში 2018 წელს გავრცელდა, თუმცა პრორუსული, დეზინფორმაციული გვერდები და ჯგუფები დროგამოშვებით კვლავ აზიარებდნენ. ამჯერად ვიდეო ისეთ მასშტაბურ დეზინფორმაციულ ჯგუფებში ზიარდება, როგორებიცაა: „ახალი მსოფლიო წესრიგი და კორონა აფიორა!“, „ანტი-მასონობა. ანტიქრისტეს ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტო-ეკუმენიზმი“. გადაცემის წამყვანი ჯორჯ სოროსის მიმართვის წყაროდ თავისსავე ჟურნალ „პრეს-პრემიერში“ დაბეჭდილ 2004 წლის 23 ნოემბრის სტატიას ასახელებს. მისი თქმით, მოცემული მიმართვა სხვა მედიაში არ გავრცელებულა. ის „პრეს-პრემიერის“ რედაქციას აღშფოთებულმა მოქალაქემ მიაწოდა, რაც მკითხველისთვის უცვლელადაა მიწოდებული.

ტელეწამყვანი მაყურებელს „თავისუფალი ინსტიტუტისა“ და მეგობარი არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი ჯორჯ სოროსის 17-მუხლიან მიმართვას აცნობს, რომელთა შორის თითქოს შემდეგი მოწოდებებია: „ილაპარაკეთ და იმოქმედეთ დარწმუნებით, მტკიცედ, აგრესიულად, თავგზისამბნევად... იხმარეთ რაც შეიძლება უფრო გაუგებარი და ვითომ მეცნიერული ტერმინები, მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვით, მთავარია, როგორ იტყვით“, „თქვენს ნებაზე ატრიალეთ და ნერვები დააწყვიტეთ იმ პიროვნებებს, რომელიც გეწინააღმდეგებათ“, „შეისყიდეთ, გაიტაცეთ და გაანადგურეთ და ნუ დაუშვებთ ისეთი ნაშრომების ხელმეორედ გამოცემას, სადაც ჩვენი სტრატეგია და ტაქტიკაა“, „ვისაც არ სურს ქედი მოიდრიკოს ჩვენი უპირატესობის წინაშე, არ სურთ იმუშაონ ჩვენთვის, ისინი ჯიუტად ამოჩემებული ეროვნული იდეის ჩანასახშივე უნდა ჩახმენ და ჩაიფერფლონ“.

გადაცემის ხანგრძლივ ვერსიაში ჟურნალისტი ასევე აცხადებს, რომ აღნიშნული მიმართვა ჯორჯ სოროსმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA) დირექტორის, ალენ დალესის, გეგმის შემდეგ გამოაქვეყნა, თუმცა ჩვიდმეტივე მუხლი „დალესის გეგმის“ შემადგენელი ნაწილია.

ყველა ზემოჩამოთვლილი მტკიცება ფაქტობრივ საფუძველს მოკლებული ყალბი ამბავია. ჯორჯ სოროსის ე.წ. მიმართვა, როგორც თავად ჟურნალისტიც აცხადებს, ანონიმური წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით მხოლოდ მათ ჟურნალში გამოქვეყნდა. არც ქართულ და არც უცხოურ ღია წყაროებში ორიგინალი ან მსგავსი მიმართვა არ იძებნება. მით უმეტეს, ის „დალესის გეგმის“ ნაწილს არ წარმოადგენს, რადგან თავად „დალესის გეგმაც“ არ არსებობს. „დალესის გეგმა“ ან „დალესის დოქტრინა“ რუსული პროპაგანდის ნაწილი და საერთაშორისოდ აღიარებული შეთქმულების თეორიაა. თეორიის თანახმად, დალესმა საბჭოთა კავშირის დაშლისა და მისი შემადგენელი ერების კულტურული დეგრადაციისთვის გეგმა შეიმუშავა. მოცემული გეგმა, ისევე, როგორც სოროსის 17-მუხლიანი მიმართვა, არასდროს გამოქვეყნებულა, შესაბამისად, არც მათი ორიგინალი არსებობს და PKTV-ის მიერ გავრცელებული მიმართვა ყალბია.

რაც შეეხება ჟურნალ „პრეს-პრემიერს“ და ტელეკომპანია PKTV-ს, აღნიშნული მედიები პრორუსულ, ანტიდასავლურ პროპაგანდას, გადაუმოწმებელ ინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს აქტიურად ავრცელებენ (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).

ჯორჯ სოროსთან დაკავშირებით შეთქმულების თეორიები და დეზინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა, რაზეც „ფაქტ-მეტრიც“ წერდა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).

------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები: