სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ყალბი ამბავი ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-გვერდი „შუბლის ძარღვ გაწყვეტილები“ ავრცელებს ვიდეოს, სათაურით, „გვარამია აღიარებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ხელისუფლების შეცვლა არა არჩევნების გზით, არამედ - ნებისმიერი ძალადობრივი ქმედებით“. გავრცელებული ვიდეო გადაცემა „მთავარი აქცენტების“ 2020 წლის 9 დეკემბრის ეთერის მცირე მონაკვეთს წარმოადგენს. გადაცემის მთავარი თემა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის, პარლამენტში შესვლის საკითხი იყო.

Facebook-გვერდის მტკიცება, თითქოს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორი, ნიკა გვარამია, აღიარებს, რომ ხელისუფლების შეცვლა არა არჩევნების, არამედ ნებისმიერი ძალადობრივი გზით მნიშვნელოვანია, მცდარია. ვიდეო არასრული კონტექსტით ვრცელდება, მაგრამ აღსანიშნავია, რომ „ძალადობრივი ქმედებით“ ხელისუფლების შეცვლაზე საუბარი არც ამ მონაკვეთში და არც სრულ კონტექსტშია. მოცემული განცხადება მხოლოდ გვერდ „შუბლის ძარღვ გაწყვეტილების“ ინტერპრეტაციაა.

სინამდვილეში, ნიკა გვარამია და ალეკო ელისაშვილი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პარტნიორი ელჩების შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებებს განიხილავენ. Facebook გვერდის მიერ მანიპულაციურად გავრცელებულ მონაკვეთში კი საარჩევნო სისტემასა და წესებში ცვლილებებზე მსჯელობენ, რაც, ელისაშვილის თქმით, მოლაპარაკებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. მასზე შეთანხმება კი საქართველოს მომავლისთვის უკეთესი იქნება. აღნიშნულ პოზიციას გვარამია არ იზიარებს და ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი არა საარჩევნო სისტემასა და წესებზე შეთანხმების მიღწევა (გულისხმობს, მომავალი არჩევნებისთვის ცვლილებას), არამედ ხელისუფლების შეცვლაა. ელისაშვილის კითხვას - „როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, რევოლუციით?“, გვარამია პასუხობს, რომ არა, ხალხმა ხელისუფლება უკვე გადაირჩია. შესაბამისად, Facebook-გვერდის, „შუბლის ძარღვ გაწყვეტილების“, მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ხელისუფლების ნებისმიერი ძალადობრივი ქმედებით შეცვლა მნიშვნელოვანია, ყალბია.

----------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები: