დეზინფორმაცია: Pfizer-ით ვაქცინირებული ექთანი, რომელმაც გონება დაკარგა, გარდაიცვალა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Pfizer-ით ვაქცინირებულ ექთანთან დაკავშირებით, რომელმაც პირდაპირ ეთერში გონება დაკარგა, სოციალურ ქსელში კვლავ არაერთი ყალბი ამბავი ვრცელდება. თავდაპირველად Facebook-მომხმარებლები არასრული კონტექსტით ვიდეოს აზიარებდნენ, რომლის თანახმადაც, ამერიკაში ექთანმა ვაქცინა გაიკეთა, რის შემდეგაც უგონოდ დაეცა. გავრცელებული პოსტების ავტორები მომხმარებელს ორიგინალი ვიდეოს სრულ კონტექსტს უმალავდნენ, სადაც ჩანს, რომ ექთანი მალევე უკეთ ხდება და განმარტავს, რომ მისთვის გონების დაკარგვა მცირე ტკივილზეც კი ჩვეული მოვლენაა. აღნიშნული ვიდეოს მანიპულაციური შინაარსის შესახებ „ფაქტ-მეტრიც“ წერდა. მოგვიანებით სოციალურ ქსელში სხვადასხვა სახით ყალბი ამბავი გავრცელდა, თითქოს Pfizer-ით ვაქცინირებული ექთანი გარდაიცვალა და ამის შესახებ ცნობებს მედია მალავდა.

ერთი ვერსიის თანახმად, ექთანი, ტიფანი დოუვერი, რომელმაც Pfizer-ის ვაქცინის მიღებიდან 17 წუთში კამერების წინ გონება დაკარგა, ალაბამას შტატის ქალაქ ჰიგდონში ვაქცინის მიღებიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. პოსტის ავტორის მტკიცებით, მომხმარებლებს შეუძლიათ, დოუვერის გარდაცვალების ცნობაც თავადვე ნახონ.

სხვა წყაროები აღნიშნულ ვიდეოს ისე ავრცელებენ, თითქოს შემთხვევა გერმანიაში მოხდა და ვაქცინირებიდან 8 დღის შემდეგ ექთანი გარდაიცვალა. ექთნის მშობლებმა ექიმებს უჩივლეს, თავად ექიმები კი, ვიდეოს გავრცელების გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ყველა ზემოაღნიშნული მტკიცება - ექთნის რამდენიმე საათის ან რამდენიმე დღის შემდეგ გარდაცვალების შესახებ - ყალბი ამბავია.

სინამდვილეში, ექთანი ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს. Facebook-მომხმარებლების მიერ ექთნის გარდაცვალების ცნობის ფოტოები კი მანიპულაციაა - მითითებულ მისამართზე გადასვლისას არა რეალური გარდაცვალების ცნობა, არამედ ამერიკელი მოქალაქეების შესახებ ზოგადი ცნობები გვხვდება. ჩატანუგას საავადმყოფომ (CHI Memorial Hospital), სადაც ექთანს ვაქცინა გაუკეთეს, 18 დეკემბრის შემდეგ, 19 დეკემბერს, განმეორებით განაცხადა, რომ დოუერი ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს. 21 დეკემბერს საავადმყოფომ ასევე ვიდეო გაავრცელა, სადაც ექთანი და მისი კოლეგები ერთად დგანან. მათ ხელში ტიფანის გამამხნევებელი და ვაქცინაციის მხარდამჭერი ბარათები უჭირავთ. CHI Memorial-ის მარკეტინგის კომუნიკაციების ვიცე პრეზიდენტმა, ლიზა მაკკლასკიმ, გამოცემა Associated Press-ს დაუდასტურა, რომ ექთანი კარგადაა და 21 დეკემბერს თავისი მორიგეობაც შეასრულა.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, მტკიცება, რომ Pfizer-ით ვაქცინირებული ამერიკელი ექთანი გარდაცვლილია, ყალბია.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები: