ანალიზი:
24 ნოემბერს, ვებგვერდმა www.girl.ge გამოაქვეყნა სტატია, რომელიც რამდენიმე მცდარ და დაუსაბუთებელ მტკიცებას შეიცავს. გავრცელებული სტატიის გადამოწმების თხოვნით „ფაქტ-მეტრს“ Facebook-მომხმარებელი დაუკავშირდა.
მტკიცება 1: წყალბადის ზეჟანგი ფსორიაზს კურნავს.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი
ფსორიაზი კანის ქრონიკული დაავადებაა, რომლის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. ამჟამად, ფსორიაზის წინააღმდეგ წყალბადის ზეჟანგის სამკურნალო ეფექტები არცერთი სამედიცინო კვლევით არ დასტურდება. აღნიშნული ინფორმაციის დასაზუსტებლად „ფაქტ-მეტრი“ ავერსის კლინიკის დერმატო-ვენეროლოგს, ნინო ლომსაძეს, დაუკავშირდა. ექიმის ინფორმაციით, ფსორიაზის მკურნალობის დროს წყალბადის ზეჟანგი არ გამოიყენება. წყალბადის ზეჟანგი კანის არც სხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. ფსორიაზის დროს კი გარეგანი მოხმარებისთვის ექიმის რეკომენდაციით სხვადასხვა მალამოები ინიშნება.
ანალოგიურ ცნობებს ვიღებთ გაერთიანებული სამეფოს ეროვნული ჯანდაცვის სისტემის თანახმადაც: ფსორიაზის მართვის 3 ძირითადი მეთოდი არსებობს: 1) კანის ზედაპირის დასამუშავებელი მალამოების გამოყენება; 2) ფოტოთერაპია, რომელიც ულტრაიისფერი სხივების გამოყენებით ხდება; 3) სხვადასხვა ორალური მედიკამენტები. აღსანიშნავია, რომ თითოეული მეთოდის გამოყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მოხდეს!
მტკიცება 2: წყალბადის ზეჟანგს არ აქვს გამოყენების უკუჩვენებები, გარდა ინდივიდუალური აუტანლობისა.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი
წყალბადის ზეჟანგს ანტიბაქტერიული თვისებები ნამდვილად აქვს. დერმატო-ვენეროლოგი, ნინო ლომსაძე „ფაქტ-მეტრთან" ინტერვიუში აღნიშნავს, რომ წყალბადის ზეჟანგი მედიცინაში მხოლოდ გარეგანი მოხმარებისთვის არის განკუთვნილი, მაგალითად, მსუბუქი ზედაპირული ჭრილობის დასამუშავებლად. ექიმი წყალბადის ზეჟანგის თვითნებურად გამოყენებას რეკომენდაციას არ უწევს.
აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის თანახმად, წყალბადის ზეჟანგის 5%-იანი ხსნარის თვალთან მოხვედრამ შესაძლოა, თვალის დაზიანება გამოიწვიოს. სახიფათოა მისი ლორწოვან გარსებზე მოხვედრაც.
სტატიაში მოცემული რჩევები, რომლებიც კანის სხვადასხვა დაავადების წყალბადის ზეჟანგით მკურნალობას ამტკიცებს, რუს ექიმ ივანე ნეუმივაკინის პირად მოსაზრებებს ეფუძნება. აღსანიშნავია, რომ ივანე ნეუმივაკინის აკადემიური კვლევები, რომლებიც მის მიერ შემოთავაზებულ მკურნალობის მეთოდებს მეცნიერულად დაადასტურებდა, არ არსებობს.