ანალიზი:
სოციალურ ქსელში „ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას და პოლიციელის ფოტო ვრცელდება. Facebook მომხმარებლის პოსტის თანახმად, ელენე ხოშტარია პოლიციელს სახეზე გარკვეულ ნივთიერებას ასხამს. აღნიშნული ფოტო მანიპულაციური ხასიათისაა და რეალური კონტექსტის მხოლოდ ნაწილს წარმოადგენს.
28 ნოემბერს, აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას პარლამენტის წინ სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. პროტესტანტებს დროებით კონსტრუქციებზე საპროტესტო წარწერების გაკეთება სურდათ, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. Facebook მომხმარებლის მიერ გავრცელებული ფოტო სწორედ ამ მომენტიდანაა აღებული. თუმცა "მთავარი არხის" პირდაპირი ეთერის კადრებში კარგად ჩანს, რომ ელენე ხოშტარია პულვერიზატორს არა პოლიციელისკენ, არამედ კონსტრუქციისკენ მიმართავს.
შესაბამისად, Facebook მომხმარებლის მიერ გავრცელებული ფოტო მანიპულაციური ხასიათისაა, რეალური ამბის სრულ კონტექსტს არ წარმოადგენს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
-------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.
რედაქტორის შენიშვნა: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში გამოყენებული იყო სიტყვა "პულივიზატორი." Facebook-ის მომხმარებლებმა მიგვითითეს, რომ ქართულ ენაში ფართოდ დამკვიდრებული ამ სიტყვის სწორი ფორმა, სინამდვილეში, არის "პულვერიზატორი." ჩვენ ეს შენიშვნა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ლექსიკონში გადავამოწმეთ და, შესაბამისად, შევასწორეთ სტატიაში გამოყენებული სიტყვა.