რეზიუმე:

პრორუსულმა გაზეთმა „საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ახალ ზელანდიაში საკვებთან დაკავშირებულ მიღებულ კანონპროექტზე საუბრობს. სტატიის თანახმად, ადამიანის მიერ მოსავლის მოყვანა და სხვისთვის განაწილება კანონით რეგულირებადი გახდება. თესლის შენახვა კი ადამიანების პატიმრობას ან ჯარიმას ითვალისწინებს. სტატიაში Monsanto (ამერიკული მულტინაციონალური კომპანია) ბილ გეითსის ჯიბის კომპანიად არის მოხსენიებული. სტატიის თანახმად, კანონპროექტთან ერთად, ახალ ზელანდიაში საკარანტინო ბანაკებს წესდება მათთვის, ვინც უარს ამბობს COVID-19-ის ტესტირებაზე. სტატიაში გაჟღერებული ინფორმაცია დეზინფორმაციას შეიცავს და ყალბი ამბავია.

ანალიზი

გაზეთმა „საქართველო და მსოფლიო“ გამოაქვეყნა სტატია შემდეგი სათაურით - „ახალ ზელანდიაში ადამიანებს საზრდოს მოყვანის უფლებას ართმევენ“. სტატიაში ნათქვამია, რომ ახალ ზელანდიაში საკვების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ, რომლის მიხედვით საკვების მოყვანა პრივილეგია იქნება და არა უფლება. სტატიის ბოლოს კი წერია, რომ ახალი ზელანდია საკარანტინო ბანაკებს აწესებს მათთვის, ვინც უარს ამბობს COVID-19-ზე ტესტირების გავლაზე.

სინამდვილეში, სტატიაში ნახსენები ახალი კანონპროექტი საკვების შესახებ არ არსებობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ყალბი ამბავი სათაურით - „ახალი ზელანდიის სურსათის ახალი კანონი ადამიანს ართმევს საკვების მოყვანის უფლებას“ 2014 წლიდან აქტიურად ვრცელდებოდა ინტერნეტ სივრცეში, რომელიც ბოლო დროს კვლავ გააქტიურდა. „საქართველო და მსოფლიოს“ სტატიის ტექსტი კი აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებულ ყალბი ამბების ქართულ თარგმანს წარმოადგენს.

წყარო: AAP FactCheck

პირველად ამ თემაზე სტატია “The Investment Watch Blog”-ზე 2011 წლის 21 სექტემბერს გამოქვეყნდა, ხოლო შემდგომ მსგავსი მტკიცება მემარჯვენე კონსპირაციული თეორიების თეორეტიკოსმა, ალექს ჯონსმა საკუთარ ვებ-გვერდზე Infowars-ზეც განათავსა. ზემოთ ხსენებული სტატიები 2010 წლის ახალი ზელანდიის სურსათის კანონპროექტის 160-2-ის საპასუხოდ გამოქვეყნდა, რომლის მიზანიც ქვეყანაში სურსათის წარმოების ახალი რეგულაციების წარდგენა იყო.

აღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის მიზნით არაერთი პეტიცია და ვებგვერდი შეიქმნა. კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ კანონს საკვების წარმოების სათემო ბაღებში, კვების კოოპერატივებსა და ფერმერთა ბაზარზე შეზღუდვა შეეძლო. თუმცა, აღნიშნულ კანონპროექტს მსგავს საკითხებთან კავშირი არ აქვს.

2011 წელს ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას პრეს-რელიზით ახალი ზელანდიის საკვების უსაფრთხოების მინისტრი, ქეით უილკინსონი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მცირე მწარმოებლებს, რომლებიც თავიანთ მოყვანილ პროდუქტებს უზიარებდნენ ან ყიდდნენ მეზობლებსა და სხვა მომხმარებელში, ახალი კანონპროექტის გამო არ უნდა შეშინებოდათ, რადგან ის მათ შეზღუდვას არანაირი სახით არ ითვალისწინებდა. პირიქით, მცირე მწარმოებლებს დაურიგდებოდათ ბროშურები, სადაც მოცემული იქნებოდა რჩევები, თუ როგორ უნდა ეწარმოებინათ საკვები უსაფრთხოდ.

ასევე, მინისტრის თქმით, საზოგადოების მცირე ნაწილმა გადაწყვიტა, რომ კანონპროექტი წარმოადგენდა ერთგვარ გლობალურ კორპორაციულ შეთქმულებას, რომელიც მიზნად საკვები პროდუქტების ქსელის კონტროლს ისახავდა. ამ მიზნის განსახორციელებლად კი შეიარაღებული პოლიციელებიც იქნებოდნენ გამოყენებულნი, რომლებიც კერძო მებაღეების სახლებშიც კი შეიჭრებოდნენ. მინისტრმა ეს ფაქტი უარყო და სრულ აბსურდად მოიხსენია. შესაბამისად, სტატიაში არსებული მტკიცება, რომ პოლიციელებს ან სხვა პირებს ძალის გამოყენებით შენობებსა და საცხოვრებლებში შეჭრა შეუძლიათ, სიმართლეს არ შეესაბამება.

ხაზგასასმელია ასევე, რომ არც საკვებთან დაკავშირებული კანონპროექტის სამუშაო ვერსიები და არც საკვების აქტი, თესლზე წვდომას არ ზღუდავს. კანონი თხილისა და თესლის გამოყენებასთან დაკავშირებულ წესებს განმარტავს, რომელიც განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ადამიანთა მოხმარებისთვის განკუთვნილ საკვებ საქონელს ქმნიან. სტატიაში არსებული მტკიცება, რომ კანონპროექტის მიხედვით, თესლის შენახვისთვის მოქალაქეებს ჯარიმა ან პატიმრობა ელოდებათ, ისევე როგორც ნარკოტიკის შეძენა-შენახვა- გაყიდვისთვის, მცდარია.

კანონპროექტმა 2010 წლიდან 2013 წლამდე არაერთი შესწორება განიცადა, რის შედეგადაც იგი 2014 წელს „საკვების აქტი“ სახელით შევიდა ძალაში. აღნიშნული შესწორებების მიზანი იყო ის, რომ საზოგადოებაში კანონპროექტის პუნქტებს ბუნდოვანება და ორაზროვნება არ გამოეწვია. მაგალითად კანონპროექტში შევიდა შემდეგი სახის ცვლილებები:

• შეიცვალა კანონპროექტის ფორმულირება, რათა ნათელი ყოფილიყო, რომ გასამრავლებლად თესლის გაყიდვა სახელმწიფოს მიერ არ გაკონტროლდებოდა;

• ოჯახსა და მეგობრებს შორის საკვების არაკომერციული გაცვლა არ რეგულირდება კანონით;

• დაემატა სპეციალური გამონაკლისები ფონდების მოსაზიდად და იმის ნათელსაყოფად, რომ გარკვეული საზოგადოებრივი ღონისძიებები ტარდებოდა იმისთვის, რომ საკვების უსაფრთხოება უზრუნველყოფილიყო მოხმარებისთვის.

„საქართველო და მსოფლიოს“ სტატიაში ნათქვამია, რომ აღნიშნული კანონპროექტი ახალმა ზელანდიამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიმართ აღებული ვალდებულებების, კერძოდ, საერთაშორისო სქემის Codex Alimentarius-ის, ფარგლებში მიიღო. რაც თავისთავად გარდაუვალს ხდის კანონის დამტკიცებას. აღნიშნული მტკიცება მცდარია.

Codex Alimentarius-ი სურსათის შემადგენლობის, სურსათის წარმოების და უვნებლობის სფეროში არსებული საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების, ნორმების, სახელმძღვანელო მითითებებისა და რეკომენდაციების კრებულია. ეს კრებული გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერაა შემუშავებული. ამ კოდექსით გათვალისწინებული სტანდარტები ნებაყოფლობითი ხასიათისაა და მათი ამოქმედება მხოლოდ მას შემდეგ ხდება, რაც ისინი ეროვნულ კანონმდებლობაში აისახება.

აღსანიშნავია, რომ ახალი ზელანდიის პარლამენტში კანონპროექტის არცერთი განხილვისას არ არის ნახსენები, რომ მთავრობა ახალ კანონს იღებს საერთაშორისო ვალდებულების აღსრულების მიზნით, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ახალ ზელანდიასა და ავსტრალიას ერთობლივი კვების ხელშეკრულება აქვს.

ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმა AFP-Fact Check-მა ინფორმაცია ახალი ზელანდიის პირველადი ინდუსტრიების დეპარტამენტთან გადაამოწმა. დეპარტამენტის თქმით, კი ახალ ზელანდიაში ისეთი კანონი, რომელიც ადამიანებს საკვების მოყვანას უკრძალავს, არ არსებობს. სურსათის უვნებლობის კანონი მხოლოდ გასაყიდ საკვებზე ვრცელდება და მას კავშირი ცალკეული ადამიანების კერძო საოჯახო მეურნეობებთან არ აქვს.

სტატიაში Monsanto ბილ გეითსის „ჯიბის კომპანიადაა“ მოხსენიებული. ცნობისთვის, Monsanto ამერიკული მულტინაციონალური აგროქიმიური და აგრობიოტექნოლოგიური პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. ბილ და მელინდა გეითსების ფონდმა 2010 წელს წელს Monsanto-ს 23 მილიონი დოლარის ღირებულების 500000 აქცია შეიძინეს. ფონდის წარმოდგენით მსოფლიოს გამოკვება გენმოდიფიცირებული საკვების მეშვეობითაა შესაძლებელი. 2012 წელს ბილ გეითსი ამბობდა, რომ მსოფლიოს 1960-1970-იანი წლების მსგავსი „მწვანე რევოლუცია“ ესაჭიროება. სწორედ ამიტომ, გეითსის ფონდმა „ოქროს ბრინჯის“ პროექტის განვითარებისთვის 2011 წელს 20 მილიონი დოლარი გამოყო. Monsanto კი იმ ტექნოლოგიის პატენტის ერთ-ერთი მთავარი მფლობელი იყო, რომელიც ოქროს ბრინჯის წარმოებისთვის არის საჭირო. აღსანიშნავია ისიც, რომ Monsanto 2018 წელს გერმანულმა ქიმიურმა და ფარმაცევტულმა კომპანია Bayer-მა შეიძინა. აქედან გამომდინარე, Monsanto-ს ბილ გეითსის მფლობელობაში არ არის, კომპანიისა და გეითსის საქმიანობა მხოლოდ „ოქროს ბრინჯის“ პროექტში იკვეთება.

სტატიის ბოლოს ნათქვამია, რომ „სურსათ-სანოვაგის, საკვების“ ნარკოტიკებთან გათანაბრებასთან ერთად, ახალი ზელანდია აწესებს საკარანტინო ბანაკებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც COVID-19-ზე ტესტირების გავლაზე უარს აცხადებენ. აღნიშნული მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება.

2020 წლის 28 ოქტომბერს, Fox News-ის ეთერში წამყვანმა ლორა ინგრემმა გადაცემაში The INGRAHAM Angle-ში, ახალი ზელანდიის კორონავირუსთან ბრძოლის პოლიტიკის შესახებ დეზინფორმაცია გაავრცელა. წამყვანის თქმით, ახალი ზელანდიის მისაბაძი პოლიტიკა, მათ ვისაც თავისუფლება უყვარს არ უნდა მოსწონდეს, რადგან ახალ ზელანდიაში ადამიანებს საკარანტინო ბანაკებში „აგდებდნენ“. ამ მოსაზრების დასასაბუთებლად, ინგრემმა პრემიერ-მინისტრის ჯაკინდა არდერნის ძველი Facebook-live-ის ვიდეო-ჩანაწერი გაავრცელა. რეალურად, პრემიერ-მინისტრის ეს ჩანაწერი 4 თვის წინანდელია (2020 წლის 8 ივნისი).

წყარო: Otago Daily Times

ხაზგასასმელია, რომ ინგრემის ნახსენები საკარანტინო ბანაკები, სინამდვილეში იზოლირებული საკარანტინო სასტუმროებია. ივნისის Facebook-live-ში არდერნი მაყურებლების კითხვებს პასუხობდა. მან ის პოლიტიკა განმარტა, რომლის თანახმადაც ყველა საკარანტინო სასტუმროს სტუმრები იზოლირებულები უნდა ყოფილიყვნენ, სანამ ტესტზე უარყოფით პასუხს არ მიიღებდნენ. ამავე პოლიტიკის თანახმად, ის ადამიანები, რომლებიც 14 დღიანი კარანტინის შემდეგ ტესტზე უარს იტყოდნენ, რათა ბოლომდე დარწმუნებულიყვნენ მათ ვირუსი კიდევ ჰქონდათ თუ არა, დამატებით 14 დღე მოუწევდათ სასტუმროში გაჩერება.

როგორც ვხედავთ, ახალ ზელანდიაში არანაირი სახის საკარანტინო ბანაკები არ არსებობს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც COVID-19-ზე ტესტირებას უარს განაცხადებენ.

ცნობისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე ახალი ზელანდია საკმაოდ სტაბილურ მდგომარეობას ინარჩუნებს (2056 დაფიქსირებული შემთხვევა, 25 გარდაცვლილი - 2020 წლის 29 ნოემბრის მონაცემებით). ქვეყანაში ჩამოსულთათვის სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი მოქმედებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემიის დასაწყისიდანვე ქვეყნის კორონავირუსის პოლიტიკა დადებითად არის შეფასებული.

წყაროს შესახებ

„საქართველო და მსოფლიო“ აქამდეც არაერთხელ ყოფილა შემჩნეული ყალბი ამბების გავრცელებაში. გაზეთი გამოირჩევა მკვეთრად პრორუსული სარედაქციო პოლიტიკით. გაზეთი იმეორებს კრემლის ნარატივს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტისა და მეორე მსოფლიო ომის შესახებ, რუსეთის „გრუ“-ს მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით. „საქართველო და მსოფლიოს“ გამოსცემს ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობა“, რომლის საბჭოს წევრიც არის ალექსანდრე ჭაჭია. იგი რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა 2008 წლის ივლისში „რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის სფეროში შეტანილი დიდი წვლილის გამო“ ორდენით დააჯილდოვა.

------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები: