Facebook-გვერდი „ექვთიმე ბიძინაშვილი“ პოსტს ავრცელებს, სადაც მოცემულია კახა კალაძის Facebook-განცხადება: „ დღეს ქართული ფეხბურთი რომ ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე ნაციონალური მოძრაობის პასუხისმგებლობაა და მათი დანაშაულებრივი რეჟიმის ბრალია“. გამოქვეყნებული სურათის თანახმად, თბილისის მერის პოსტს ცამეტი ათასზე მეტი მოწონება, სამი ათასზე მეტი კომენტარი და გაზიარება აქვს. გამოქვეყნებულ პოსტს ერთვის Facebook-გვერდი „ექვთიმე ბიძინაშვილის“ კომენტარი: „ნეტა რას ეწევა ეს ამდენს.“

პოსტში არსებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერმა ქართული ფეხბურთის მარცხი ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ რეჟიმს დააბრალა, ყალბია და ფოტომონტაჟს წარმოადგენს. სოციალურ ქსელში, როგორც კახა კალაძის პერსონალურ Facebook-პროფილზე, ისე მის, როგორც, თბილისის მერის ოფიციალურ Facebook-გვერდზე, მსგავსი ინფორმაციის შემცველი პოსტი არ იძებნება.

კახა კალაძემ, 13 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო გუნდების შეხვედრასთან დაკავშირებით, Facebook-პოსტის საშუალებით კომენტარი მართლაც გააკეთა, თუმცა ის „ექვთიმე ბიძინაშვილის“ მიერ პოსტში ნახსენებ ან მსგავს ინფორმაციას არ შეიცავდა. კახა კალაძემ, პერსონალურ Facebook-გვერდზე გაკეთებულ კომენტარში, საქართველოს ეროვნული ნაკრების დამარცხების გამო მწუხარება გამოთქვა. ამასთან ერთად, ის გამოეხმაურა მატჩის საყურებლად მისული ერთ-ერთი გულშემატკივრის დაჯარიმების ფაქტს. ამავე პოსტში, თბილისის მერი შეეხო მისი და მისი შვილის სტადიონზე ყოფნის მიზეზებს. პოსტის ბოლოს კალაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრები და გულშემატკივარი გაამხნევა: „კიდევ ერთხელ მინდა გავამხნევო ნაკრების ბიჭები და გულშემატკივარი. მჯერა, რომ ერთად დგომით და ერთმანეთის გულშემატკივრობით დიდ გამარჯვებებს მივაღწევთ!“

რაც შეეხება, უშუალოდ, ყალბი ამბის გამავრცელებელ გვერდს, „ექვთიმე ბიძინაშვილი“ 2020 წლის 3 აპრილს შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ გვერდი „ექვთიმე ივანიშვილი“ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED-ის) სოციალური მედიის მონიტორინგის I შუალედურ ანგარიშის მიხედვით, ანონიმური დისკრედიტაციული გვერდების სიაშია შეყვანილი. ISFED-ის თანახმად, გვერდის „ექვთიმე ბიძინაშვილი“ სახელი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ მოქმედი ანონიმური ანტისახელისუფლებო გვერდების სიაში ფიგურირებს.

თუ სოციალურ ქსელებში შეგხვდებათ ყალბი ამბავი ან ფიქრობთ, რომ პოსტი/ვიდეო/სურათი შეიძლება დეზინფორმაციის ნიშნებს ატარებდეს, მოგვწერეთ „ფაქტ-მეტრის“ოფიციალურ Facebook გვერდზე.თქვენი ჩართულობა ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანია.

თეგები: