ანალიზი
პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, პარტია „ქართული ოცნების“ წევრ მამუკა მდინარაძესთან დებატებისას განაცხადა: „2017 წელთან მიმართებითაც კი, 500 მლნ-ით არის შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში“.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ერთი ქვეყნის რეზიდენტის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში წილის ფლობასა და საწარმოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ეკონომიკური ხასიათის ოპერაციების წარმოებას გულისხმობს. პირდაპირია ინვესტორი, რომელიც საწარმოს აქციების არანაკლებ 10 პროცენტს ან ასეთი მონაწილეობის ეკვივალენტს ფლობს.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 2020 წლის II კვარტალში, 237.8 მილიონი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით 0.5%-ით (1.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია. რაც შეეხება წლის პირველ ნახევარს, 2020 წლის 6 თვეში, ინვესტიციების ჯამურმა მოცულობამ 409.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25.6%-ით ნაკლებია. ინვესტიციების მიმდინარე მოცულობა ბოლო 10 წლის განმავლობაში წლის პირველ ნახევარში შემოსული ინვესტიციების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
აღნიშნული კლების მიზეზად გარკვეულწილად პანდემიიდან გამოწვეული კრიზისი გვევლინება, თუმცა პანდემიამდე პერიოდშიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრი კლების ტენდენცია გამოკვეთილია და მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. პუი-ს კვარტალური სტატისტიკა წარმოდგენილია გრაფიკ 1-ზე. 2017 წელს, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1 978.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2019 წელს 1 310.8 მლნ აშშ დოლარი, რაც 2017 წელთან შედარებით 667 მლნ აშშ დოლარით (33.7%-ით) კლებას წარმოადგენს.
მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფარდობითი მაჩვენებლის (მთლიან შიდა პროდუქტთან) დინამიკის განხილვა, რადგან ფარდობითი მაჩვენებელი ასახავს, თუ ეკონომიკის რა ნაწილს შეადგენს ინვესტიციები. 2014-2017 წლებში, პუი-ს ფარდობითი მაჩვენებელი საშუალოდ 11.3%-ს შეადგენდა, ხოლო 2017-2018 წლებში 7.4%-მდე შემცირდა.
გრაფიკი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2013-2020 (2 კვარტლის) წლებში
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
აღსანიშნავია, რომ საქსტატის ინფორმაციით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრი კლების ძირითად მიზეზებს შორის დასახელებული იყო მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა). აღნიშნულზე, ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აპელირებდნენ. თუმცა, ინვესტიციების კლების დინამიკის კონტრარგუმენტად ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მხოლოდ „ტექნიკური“ ასპექტების დასახელება (ვალების გასტუმრება, BP-ს გაზსადენის პროექტის დასრულება და ა.შ.) სპეკულაციურ ნიშნებს შეიცავს. როგორც წესი, როდესაც წინა წლებში პუი იზრდებოდა, ასეთ დეტალებზე ყურადღება არ მახვილდებოდა. აქვე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ინვესტიციების ნაწილი ქვეყნიდან აქამდეც გადიოდა (იფარებოდა ვალები, სხვისდებოდა კომპანიები), თუმცა აღნიშნული გადინება სხვა ნაკადებით ბალანსდებოდა, რაც ბოლო წლებში ვერ მოხერხდა. შესაბამისად, ტექნიკურ მიზეზებზე მითითება ხელისუფლებას პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს.