ანალიზი:
Palitra News-ის ეთერში გადაცემა „News Room“-ში სტუმრობისას გიგა ბოკერიამ განაცხადა: სააკაშვილმა ამ ღირებულებებს უღალატა და დღეს არის იმ ხალხთან ერთად, ვინც ფუნდამენტურად ამ ღირებულებების მოწინააღმდეგე იყო, ამის სიმბოლო არის, მაგალითად, გუბაზ სანიკიძე, რომელიც მას აბრალებდა, რომ ის სომეხია დაფარული და ეთნიკურ შუღლს აღვივებდა‘‘.
გუბაზ სანიკიძე 2012 წლის არჩევნებამდეც ოპოზიციაში იყო და „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბლოკსა და კოალიციაში მისი პარტიის „ეროვნული ფორუმის“ გაწევრიანებამდეც წინა ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიოდა.
Youtube-ში დღემდე იძებნება ტელეკომპანია ,,კავკასიას‘‘ ეთერში, დავით აქუბარდიას საავტორო გადაცემისას გასული ინტერვიუს 15-წუთიანი ფრაგმენტი. ამ ფრაგმენტში ის მონოლოგს, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ციტირებით იწყებს: ,,მან (მერკელმა ) განაცხადა მულტიკულტურული გერმანია დამთავრდა, კრახი განიცადა და აქ არის გერმანული კულტურა‘‘(1:20-1:30). გუბაზ სანიკიძემ ეს განცხადება დაუკავშირა კულტურის მინისტრის, ნიკა რურუას შეფასებებს მულტიეთნიკურ, მულტიკულტურულ საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც მისი აზრით ,,შემოჩეჩებული, აქოთებული საქონელია‘‘. ამას გარდა. მას სჯერა, რომ საქართველოში დღეს იკრძალება ტერმინ ქართველი ერის ხმარება და მისი გამოყენება ფაშიზმთან არის გაიგივებული (2:00-3:00).
გუბაზ სანიკიძემ შემდეგნაირად მიმართა მიხეილ სააკაშვილს: „მიშა ხარ სომეხი?! … სომეხი ხარ თუ არა ჯერ ეს გვითხარი‘‘. მისი აზრით, მიხეილ სააკაშვილმა არმენოფობი რობიკო სტურუას გათავისუფლების შემდეგ (,,რომელმაც უბრალოდ თქვა, რომ მიშა სომეხია‘‘), დაამტკიცა, რომ ის მართლაც სომხური წარმოშობისაა (3:45-4:04). ამის შემდეგ მან დასძინა, რომ სააკაშვილი მალავს თავის წარმომავლობას და ეს უფრო მეტი არმენოფობიაა, ვიდრე სტურუას განაცხადი. მან ამას „ნასომხარობა“ უწოდა.
ვიდეო-ფრაგმენტის დასასრულს გუბაზ სანიკიძე საუბრობს ინვესტიციებზე და ქონების ფლობაზე და აცხადებს, რომ ,,ქართველები თავის ქვეყანაში ვეღარ ყიდულობენ ქონებას და შემოდის უცხოელი, ძირითადად აზიური წარმოშობის უცხოელები, და ისინი ყიდულობენ ყველაფერს ჩვენი აღარაფერი აღარ არის... ჩვენ ვართ მდგმურები ჩვენს ქვეყანაში‘‘(11:00-11:22)
მსგავსი განცხადებები, არმენოფობიის ნიშნებს ცალსახად შეიცავს და ეთნიკურ შუღლს აღვივებს. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიგა ბოკერიას განცხადება არის სიმართლე.